ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2010


კომში კომარა

რადგან მოდური აღარ არის დღეს პოეზია,
როგორიც დანტეს, შექსპირის, ან თუნდაც ოდენის
დროს იყო, ვწერ, რომ უღმერთობა შემოგვესია,
ბევრით თუ არა შევთანხმდეთ, რომ მცირეოდენით

მაინც იმ ხეებს, ყოველთვის, რომ ბოლომდე დგანან
ვგავართ და მაინც, იმ ქალების მონამორჩილი
კაცის კაცობა ვერ მოვირგეთ უბრალოდ განა,
კაცის ქალობას ვეგუებით ვერ და მოჭრილი

წაბლის ტოტებზე შესეული ჭრელი ხავსივით,
გულს და შუბლსა და ხელებსა და... თოვლსა და წვიმას_
_თვალებს გახელილს მივაგებებთ, ჩვენ ვინც სავსებით,
გადავეჩვიეთ თავშესაფარს და ვამბობთ იმას:

რომ რაც ვერაფრით გამოგვგლიჯა არადავერამ
აქამდე, ლამის შევალიეთ რასაც ცხოვრება,
(სისხლი, მელანი, ჯანმრთელობა და ვთქვით, რომ წერა,
ერთადერთია - რაც ყოველთვის გვემახსოვრება)

გვართმევენ... თითქოს ხელს გვართმევენ, მათი არ იყოს,
ვინც შეშინდა და დროზე ადრე დაგვემშვიდობა...
და ჩვენც გავუშვით... გაგვეღიმა, ნაწვიმარიყო,
განწყობაც ნისლებს შევატოვეთ პანაშვიდური.

და ჩვენს ეზოში_მოცეკვავე, ნიავის ალღო
და ჩვენს ეზოში დაცვენილი ფოთლები ჭრელი,
გრძნობდა თუ როგორ მოდიოდა ღრუბელი თალხი,
გრძნობდა თუ როგორ მოეცარა ვიღაცას ხელი,

როცა ფოთლების უნებლიე კვდომის შრიალში,
ხედავდა ეზო, გადიოდა ცხოვრება როგორ...
რომ შეყვარებულს დავეძებდით სწორედ იმ ქალში,
რომელშიც ხშირად იღვიძებდა პატარა გოგო,

ვინც იყო შორი, მით უფრო რომ ვინც იყო - არა
ჩვენი ასაკის, ჩვენი მოდგმის, ჩვენი გაგების,
ვისაც არ ჰყავდა მეგობარი, ან ჰყავდა ქმარი,
რომელსაც თმობდა, ან არც თმობდა, თხაზე ნაკლები

თხისა და უფლის უწყალობის გამო კი არა,
ჩვევადქცეული კაპრიზების მიზეზად უფრო,
იცის ღმერთმა და... ეშმაკმა და... გამოიარა
რა და როდის და როგორი და ვის ეჯდა სუფრას,

რა განზრახვით და რანაირი მომხიბვლელობით,
ახერხებდა თუ ვერ და მაინც არ ჰყრიდა ფარ-ხმალს,
როცა მის გამო, ჩაიდენდა მორიგ მკვლელობას
თვით, ვიღაცა და ტოტებივით ცივ, ხელებს გამხმარს,

გაუშლიდნენ და უკითხავად გამოართმევდნენ,
წერილს რომელშიც ეწერა, რომ მხოლოდ მის გამო,
ეძნელებოდა და ბოლომდე მაინც არ თმობდა,
მაგრამ როდესაც მოწვიმა და შემოიღამა

მთის ნაპრალებმა, ისე როგორც იტყოდა გალა
და არემარე გააყრუა სიჩუმემ ცივმა,
ჩაიჩურჩულა თავის ყურში - იყო და არა
იყო რა - მერე ყველაფერი... მიჩუმდა წვიმაც

და გრძნობა, როგორ ცივდებოდა ძარღვებში სისხლი,
გულისდაწყვეტა... სიყვარული... ვეღარ მოასწრო,
შემოეხაზა, სიცოცხლით და სიკვდილით მიღლილს,
იყო და არა იყო რა... და ფრესკას მონასტრის,

მისჩერებია და რატომღაც ჭაღარა ბერი,
ნაცვლად ლოცვის და გალობის და ღვთისმეტყველების,
ამბობს, რომ ღმერთის აღარ დარჩა აღარაფერი!
აღარც სიტყვებში, აღარც ხალხში, მერე ხველებით;

"ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, წიგნის ის გვერდი,
რომ გამოვტოვე და რატომღაც განვაგრძე კითხვა,
შენა ხარ... ყველა იმ სიტყვების შიშველი მკერდი,
რომელსაც ვწერდი, რომელიც რომ ვერაფრით ითქვა"

და მაინც ცოდვის შვილები ვართ ყველანი რადგან
ქვეყნად ჩვენივე ცოდვებივით დავხეტიალობთ...
"დავეძებთ კითხვებს პასუხებზე" და არცერთ მათგანს,
არ ვუკავშირებთ ამა და ამ სახის დიალოგს,

რომ თქვენ არ ჯდებით ამადა და ამა და ამ-ში,
გეგმებში, ტესტში, სტანდარტებში (როგორც ასეთი)
გარიგებებში, ინტრიგებში, გინდა რომ კომში
კომში კომარა, ჩემო კარგო, ოღონდ გაზეთებს

უთხრა, რომ - წიგნებს, კარადების ყდებში ნუ მალავთ,
ნურც ასეთი და ასეთი და ასეთი მზერით,
ნუ დაკავდებით, ჩვენც ვიცით რომ "передумала"...
ვიცით, რომ ცეკვავთ, მერე სვამთ და ვიცით, რომ მღერით,

ვიცით, რომ ამის დრო არ გრჩებად, არა და არა,
აღარ მთავრდება მიცემული დოლარში კვირა,
weekend-ებზე კი, ღმერთმაუწყის, რას გადაგვყაროს,
რაებს ვკადრულობ, ჩემო კარგო, უბრალოდ ვთქვი, რომ

ის რასაც თქვენ ფლობთ, შემთხვევაში უკეთეს ანდა,
გგონიათ ფლობთ და ამდაგვარი თავდაჯერებით,
მეკამათებით, გამოდგება უფრო, რომ არსად
და თავს უფლებას (ავიღო და გაგაჩეროდ და)

მივცემ გიამოდ, თუ რატომ და რას წერდა ფრომი,
იუნგი, ფროიდი, პლატონი და არისტოტელე,
რომ არაფერი სხვა, თუ არა, ეს იყო ომი,
სისხლთან საკუთარ, ღმერთთან, თავთან, რადგან სოფელი

გინდა არ გინდა, ასე არის (გა)მოწყობილი
სუნთქავს სამყარო, ათას წინააღმდეგობებით...
იშვიათად, თუ გამოჩნდება, რაც არ ყოფილა
და თუ შევნიშნეთ, ყაჩაღივით გადვეღობებით,

როგორმე იქნებ შემოვხაზოთ, კონტურა თუნდაც
და მერე დიდხანს დაკვირვებით ჩავაცივშტერდეთ...
რომ უიმედოდ გაწვდილ ხელში, ნანატრი ხურდა,
აგვიჩხრიალდეს დაქანცულებს... სად არ ვიშვერდით,

ხელებს, თუ მზერას, თუ ყვავილებს... მაგრამ რად გინდა...
ხელში ჩაგვაკვდა და ვერაფრით ვერ გავასვენეთ,
ერთიმეორის უარესი (სისხლად დაგვდინდა)
წლები... დღეები... იმედები... ვერც დავასველეთ...

და სხვის ღობესთან გაირბინა, ცხოვრებამ თითქოს...
ჩვენ, რომ გვინდოდა გვეცხოვრა და ვერ მოვახერხეთ...
და ის ხეებიც, ჩვენ, რომ გვგავდნენ, დაეთმო სითბოს,
სადმე ზამთარში, ან საბრალო მათი ნახერხი,

ვინმე დურგალს ან მეკუბოვეს, ფერხთქვეშ ეგება...
და ალბათ ასე ინანიებს, მსგავსებას ჩვენსას,
ჩვენ კი დაგვარქვეს მეომრები, ანდა შლეგები,
რადგან არავის გავაგონეთ არასდროს კვნესა.

იყო და არა იყო რა და ღვთის უკეთესი,
მითხარი განა ვინ და სად და რა იქნებოდა?










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები