ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
10 ივნისი, 2010


დათვი, მგელი და მელია (ქართული ხალხური ზღაპრის მოტივზე)

ერთმანეთს ძმობა შეჰფიცეს
დათვმა, მგელმა და მელიამ.
მიდიან, მიიმღერიან-
აბა, დელია, დელია!

-ჭირი და ლხინი გავიყოთ,
ჩხუბს აჯობებსო დათმობა,
სამივემ მოვიწადინოთ
მეგობრის გულის გათბობა.

ტყის ბილიკს მიუყვებიან
ღიღინით - დელა, ადილა!
არ ვუღალატოთ ერთურთსო
ვეძმოთ მტკიცედ და ნამდვილად!

ერთმანეთს ჩახუტებულნი
მიბარბაცებენ, მღერიან,
-ოდელი, დელა, ადილა,
აბა, დელია, დელია!

მოსაღამოვდა, მსუნაგებს
მოშივდებოდათ, ცხადია!
-ღამით რას ვინადირებთო,
დაველოდოთო განთიადს.

მზე როგორც ამოიწვერა,
აღარ შეყოვდნენ წამითაც,
გზას სანადიროდ გაუყვნენ,
მელია წინ-წინ გაიქცა.

ნანადირევი დახვავდა,
მწვადებს გაჰქონდა შიშხინი,
მელიას, მგელს და დათუჩას
აღარ აშინებთ შიმშილი.

სუნი დგას ნერწყვისმომგვრელი,
ცეცხლს ტკაცა-ტკუცი გაუდის,
დათვსაც, მგელსაც და მელასაც
თვალი მწვადისკენ გაურბის.

მგელმა თქვა, - ნუ ავჩქარდებით,
არცერთი არ ვართ ცეტიო,
ყველაზე მეტი მან ჭამოს,
ვის ასაკი აქვს მეტიო.

მე ას ერთი წლის გახლავართ,
ახლახან მქონდა დღეობა,
ლომი მყავდაო თამადად,
იყო ლხინი და ღრეობა.

მელამ თქვა, - არ მინდოდაო
ჩემი ასაკის  გამხელა,
გამოგიტყდებით, რომ მყავსო
შვილიშვილები მაგხელა

დათვმა თქვა, - გისმენთ ფლიდებო
და თქვენს მაგივრად მრცხვენია,
ჯერ ერთი წლისაც არ ვარო,
მაგრამ მწვადს არ ვთმობ, ჩემია.

მგელო, გასინჯვა გაბედე,
ან შენ, ბებერო მელაო,
მაშინ გეწევათ ორივეს
თქვენზე ნათქვამი წყევლაო.

აღარც ზრდილობა გცხიათო,
არც მეგობრობის ნიშანი...
მწვადი ბუნაგში წაიღო,
"ძმები" დატოვა პირმშრალი.

....................


თუ ძმობის ფასი არ იცი,
თუ სიხარბე გაქვს მალული,
მელასავით და მგელივით
დარჩები ხელმოცარული.

თუ უღალატებ მეგობარს,
გულში ავ ზრახვებს ჩაიდებ,
მაშინ ძმობის და სიკეთის
ფასს  ვერასოდეს გაიგებ!
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს