ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2008


სახსოვარი ნინას

შენ იჯექი ყოველთვის ჩუმად,
ყოველთვის ფანჯარასთან,
შენ იჯექი ბნელ ოთახში,
რადგან არ გინდოდა დაგენახა
შენი ცრემლები,

შენი ცრემლების, შენ გრძნობდი სითბოს,
მხოლოდ სითბოს და მლაშე სისველეს,
როცა სიჩუმე სავსე იყო შენი ტკივილით,
შენი ტკივილი უფრო სავსე იყო სიჩუმით,
ვიდრე შენი შვილების ხსოვნა,
ვიდრე, შენი მეუღლის ხსოვნა,
ომიდან რომ აღარ დაბრუნდა!
ვიდრე შენი ძველი სურათი,

სადაც შენ,
არ იჯექი ფანჯარასთან,
სადაც არ გქონდა კუზი,
სადაც არ იცოდი ლოდინის გემო,
ლოდინის მწარე, ულმობელი, უღმერთო გემო.
სადაც იყავი ახალგაზრდა, ჯერაც უშვილო,
ახლადბედდაჯვარდაწრილი,
პატარა ნინა
შენ იყავი - პატარა ნინა...
(და არა ვიღაც, შვიდშვილმკვდარი, ჭაღარა დედა.)
თუ რომლადაც ბედმა გაქცია

და ჩაგაცვა მარადი შავი
და გითხრა -
- შენ იჯდები ყოველთვის ჩუმად!
ყოველთვის ფანჯარასთან!

შენ იჯდები ბნელ ოთახში
და ისწავლი ლოდინით სუნთქვას.
შენი ტანი დაიწყებს ჭკნობას,
შენ ისწავლი ლოდიით დაღლას.
დაღლილობით თავის შექცევას,
მაგრამ ვერაფრით დააბრუნებ ომიდან ლადოს!
რომ მოჰკითხო ყველა სიმწარე,
შვიდი შვილის - სიკვდილი შვიდი.

შენი ოთახი სავსე იყო ისეთ ნივთებით,
თვალებივით რომ ინახავდნენ წარსულის ხსოვნას.
შენი ოთახი სავსე იყო მუქი წარსულით,
სწორედ ამიტომ (...)

შენი ფანჯარა გაჰყურებდა ვაშლოვნის ქუჩას,
(შენი თვალებით)
მოწყენით და ბრძენი თვალებით
და რუ რომელიც ალაყაფთან მოჩხრიალებდა
იყო შენი სულის მუსიკა,
სიმარტოვის მარადი მეკვლე.

მას მოჰქონდა სიცოცხლის განცდა,
ამ განცდას კი სიცოცხლის შიში,
და სიკვდილის შიში მიჰქონდა.

ამიტომაც ასე გიყვარდა
ჰო,
სიცოცხლე-შიშით გიყვარდა
და გეშინოდა
გეშინოდა
და გეშინოდა
რადგან შიში გგვრიდა სიხარულს,
სიხარულის უცოცხლეს განცდას.

როცა მომსვლელი, სიკვდილივით აგვიანებდა
როცა მომსვლელი, სიკვდილივით გარდაუვალი
და მადლლი იყო.

ერთ წვიმიან დღეს დაგვირეკეს რომ,
შენ  ...

და როცა ვეღარ დაგინახე შენს ფანჯარასთან
და როცა გარეთ შენი ხმა არ გამომეგება
-
მოვედი და შუბლზე გაკოცე,
მოვედი და - შუბლზე გაკოცე.

შენ იწექი შენს ოთახში,
შენ იწექი ყველაზე ჩუმად,
არ ცდილობდი ხმის ამოღებას.

შენ იწექი ქვასავით ცივი,
მაგრამ აღარ გაკანკალებდა.

შენ იწექი როგორც არასდროს,
მაგრამ ელოდი...
შენ ელოდი, როგორც ყოველთვის,
მდუმარე და მოთმენით სავსე
ასრულებდი შენს ბოლო ლოდინს.

და რამდენი ტანჯვა მიგქონდა...
და რამდენი ყვავილის სუნი...

შენი სულის ნაწილებივით,
ბოლო წვეთამდე, მთელი გულით, რომ
ამოხაპე ყვავილებიდან,
შენი ფანჯრის, შენი აივნის, იშვიათი ყვავილებიდან...
შენს გადაღლილ სხეულთან ერთად, რომ მიანიჭე,
მათ სხეულებს თავისუფლება...
შენი ხსოვნის ზიარი ფერი.

- ნინა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები