ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ივნისი, 2010


სიზმარი ნომერი 27

ღია იყავი
მე მეგონა ჩემთვის იდექი
და შემოვეხეტე.
შენში დამხვდა
უამრავი უცხო სახე
ღია იყავი...
ყველა შენში შემოდიოდა.
მე დავდექი ბნელ კუთხეში
გულთან ახლოს
სადაც ქროდა ყველაზე მეტად.
მივუშვირე ნატკენი შუბლი
მარილიან სიცარიელეს.
მე დავდექი და დაველოდე
დროს როდესაც ჩამოივლიდი.
მაგრამ აღმოჩნდა რომ შენს გარდა
შენივე თავში
ყველა იყო.
ეს უცხო ხალხიც შენ გეძებდა
და დაჟანგული ჭიშკრებივით
ჭრიალებდნენ შენს მოლოდინში.
ისინი იცდიდნენ იქამდე –
სანამ შენში დაშრა სისხლი.
სანამ ჰაერი გადაიქცა ქვიშად.
სანამ თვალები ტყის ფრინველებმა
ამოგიკენკეს.
სანამ ფრჩხილები მიწაში ჩაგეზარდა
სანამ შენს სხეულში გაჩერება
შეუძლებელი გახდა.
მე კი ვიცდიდი მეტ ხანს
მე გავხდი სიტყვა "უფრო"
და ვიყავი სიტყვა "ვიდრე"
ყველას უკვირდა რომ მე ვიყავი
შენში უფრო– ვიდრე ისინი.
მე ვიცდიდი სანამ–
სხვები გაჰყვნენ შენი ძარღვების
უკანასკნელ მატარებელს .
სხვებმა დაიჯერეს
რომ შენ აღარ ჩამოივლიდი.
მე კი მოვისვი მაჯაზე ხელი
და მათ  ზურგს უკან
წამწამები ავაყოლე
შიგნით შენს ფეთქვას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები