ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2010


დგომა ერთ ცერზე

დარდის ბირდაბირებმა
გადამხერხეს სრულიად.
ცა არაფერს მპირდება,
ზეცაც დანისლულია.
სევდის მაქმანებიდან
მორღვეულა ქობაც კი.
სულის საქარე მინას
უყეფს ყოფა ქოფაკი.
ვეძებ უხმო აკორდებს
ხმამაღალი სულისთვის.
ჩემი ნატვრის ნაკოდ ხეს
ისევ ასდის სუნი ცის...
ამოვკემსე ის თვლები,
ჩემს წლებს რომ ჩაუცვივდათ.
თავის უფლად ვითვლები
ლამის დედის მუცლიდან.
დროა ნარცისული და
თითქმის უმეტაფორო.
მხოლოდ ნაცრის სუნი სდით
ჩემი ხსოვნის ამფორებს...
ამინდები უნდოა,
ქარების საქილიკო.
ჩემი ყოფნა უფრო ჰგავს
ცხოვრებაში ქირით მყოფს...
პროკრუსტეს სარეცელზე
ყოფა ვეღარ მამოკლებს.
ფეხზე ვდგავარ ერთ ცერზეც,
თუნდაც ხელი წამომკრან.
ხერხემალს მივუყვები
მთასვლელივით მალებზე.
რად მიმზერენ უტყვები
მე მალემზის თვალები?!
ამიზვავდა ნაზავი
დარდისა და ქარიზმის.
წლებს არ ვაცლი დაზამთრდნენ,
ვდებ სიბერეს ხვალისთვის.
მგონი, წელში გავტეხე
დარდის ბირდაბირები.
და გულს, ვნების სამტეხლოს
სრულ სიმრთელეს ვპირდები...
        17.06.10. დილის 4 საათი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები