ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2010


წარსული თარგმანში

      ვუძღვნი ნინო დარბაისელს

ბოლო ხანია ჩემს წარსულს ვთარგმნი,
ჩემთვის გასაგებ ენაზე მხოლოდ.
გუშინ სიხარულს ავუღე თარგი,
დღეს კი ჭერიდან სისველე ჟონავს.
ვალაგებ წარსულს მარტივ პწკარედზე,
ხსოვნა სახეებს განგებ მიორებს.
ჩემს თავს ვუყურებ თითქოს გარედან,
რომ თავის თარგმნა გამიიოლდეს...
და მაინც, რაღაც დამრჩა უცვლელი,
ალბათ, გრძნობების ხმები მაღალი.
ყურსასმენებით წარსულს უსმენდა
ორიგინალში ვიღაც სხვა ქალი...


    * * * 
სამოსივით დამიძველდა ცოდვები,
თან დავათრევ, როგორც მგზავრი ჩემოდანს.
და როცა თავს უძილობის დროს ვხვდები,
ვუხსნი, მისთვის დრო რატომ არ მრჩებოდა...
გადმოდიან სახეები სარკიდან,
დაეძებენ ანარეკლებს გაცრეცილს.
იქნებ, თავთან ეს შეხვედრა არც ღირდა,
თუ სიმართლეს არ ვამბობდით არც ერთი?...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები