ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2010


ვთამაშობ...

კედელზე კიდია სიცოცხლის სამყოფი
ათასი სახე და ათასი განწყობა.
ხანდახან ტკივილებს ყოფნის თუ არყოფნის
უზრუნველ ღიმილად ბაგეზე ვაწყობ და

ხან ისე მარტივად ჩემია ნიღაბი,
დრო ჩუმად მავიწყებს სახეზე მორგებულს.
ნამდვილი იმდენად ცოტახნით ვიყავი,
მეც მიჭირს ვერ ვარჩევ ნაღდისგან ორეულს.

ყველაზე ნაცნობი სიკვდილის შიშია,
ნელა რომ გაბრუებს ბოლივით ანაშის.
კედელზე დავტოვებ ერთ ნიღაბს ნიშნიანს,
ხშირად რომ მიწევდა იმ როლით  თამაში.


ვთამაშობ და ასე ყოველდღე ვირგებ როლს,
დილიდან ღამემდე მდევს კომედიანტი
ხან კიდევ ტირილით დაღლილი პიერო,
ჩემ თავს რომ სიგიჟის ვნებისთვის  ვიმეტებ,

ჯერ ფსიქიატრივით თვითონ ვსვამ დიაგნოზს:
გონება?- ჭკვიანი, სხეული?-ჯანმრთელი
და ნერვებ ნატკენი ფსიქიკა ამავდროს
თქვენ ხსოვნას არ ვიცი როგორი დავრჩები.

ერთი ვარ, მე ვარ და... მიწიდან ზეცამდე
ჩემში ხან სატანა, ხან ღმერთი, ნავარდობს.
ვიდრე" ფაუსტივით" სულს ეშმაკს მივცემდე,
დავუშვებ ფარდას და ანტრაქტში გავა დრო. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები