ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ივნისი, 2010


მინიმალისტურები

***
მე დავბრუნდი შინ
და აღმოვაჩინე, რომ
აქედან არსად 
წავსულვარ.
***
დაუსრულებელ უცხო გზაზე
ის მიდიოდა,
ჩვენ კი მის სხეულს
ვასაფლავებდით...
***
დედინაცვალი არ მყოლია,
იქნებ ამიტომ ისე წავიდა,
ვერ შევიცანი ბოლომდე ,
დედა.

***
" ხე ნაყოფით იცნობის"
და არა ფოთლების შრიალით...

***
დარბის პაწია გოგო
საფლავებს შორის,
წვიმიანი დღეა...
გაჯიუტებული ღრუბელი
ცას არ ტოვებს...

***
მის თვალებში, ჩემს საფეთქელზე
მობჯენილ დამბაჩასავით,
სიკვდილი დავინახე,
ბადეში მომწყვდეულ
თევზივით ფართხალებდა
ფეხებთან დაგდებული გული...

ცხოვრება

საკუთარი თავის და
სხვების დაჯერება, რომ
მართალი ხარ...

***
ბალიშს შეატოვე მონანიება,
ხოლო თვალებს _  ცა,
ცისარტყელებით გარითმული.

***
მზე ჩავიდა,
ენძელები მაინც ყვაოდნენ
ჩემი სახლის წინ...

***
შენც გაზაფხული
გქვია რაღა,
ყოველ მოსვლაზე
საფიქრალს მიჩენ...

შენთვის...

იქნებ არცაა ტრაგედია
დამშვიდობება ძველ ნიღბებთან,
თითქოს მობეზრებული
სათამაშოები მოისროლე და
ახალი იყიდე...
***
სასაფლაოს შემზარავ
დუმილზე უარესი,
ქაოსის ცრუ, დამღლელი
ღრიანცელი ყოფილა...

***
შესაბრალია ის ცა , რომელსაც
მოწვეთავს ციდან
სამშობლოს სევდა...

***
უცხო_
აი, პოეტის
ერთსიტყვიანი განმარტება...

***
აწყმოს ისე დანებდი,
ვით პატარძალი
ძალად შერთულ საქმროს...

***
დედის მკერდზე თავმინებებულს,
თუ გიფიქრია იმ ცოდვებზე,
რასაც სჩადიხარ?

***
იმშობიარა დედამიწამ
გულგრილობა,
მზემ _ ჩრდილი,
ვარსკვლავებმა _ ღამის ცა.

***
შენ ბულბულსაც დაუწუნებდი
გალობას, თორემ
ჩემი უხმო ქვითინი
რაღა სახსენებელია...

სიყვარული

სიცოცხლის არსიც იქნებ ისაა,
ღვთაებრივით თუ ავსებულა
სიცარიელე.

***
ისე ნუ გამაწბილებ
გაზაფხულო, რომ
ზამთრისპირას არ
მოგინატრო...

***
ცხოვრება  _ ჩრდილების თეატრი,
ბავშვობა _ პეპლების ვალსი...

***
/დეპრესია/

"სიკვდილზე უფრო ცივი სიყვარული",
"შიში  ჭამს სულს",
ტრანკვილიზატორები:
ოლზაპი, მაქსებათი, ტრუქსალი.
ფანჯარა ოდნავ ღია _
ქალაქი ბუნდოვნად ჩანს...

***
/დეპრესია/

ის, რაც უნდა მოხდეს,
უკვე იყო,
ბავშვობა დანით დაჭრეს...

***
მორალისტი _ დოსტოევსკი,
ამორალისტი _ უელბეკი,
სიმართლე სადღაც შუაში.

მამა. შვილი.

ორი საწინააღმდეგო მიმართულებით
მოძრავი პარალელური ვექტორი,
სივრცის რომელიღაც ნაწილში
გადაიკვეთებიან...


***
ძველი სარდაფის ჭუჭრუტანაში
შემოვარდნილ სხივივით მეცა,
შენი თვალების შემოფეთება...

***
იმ ოფისის მისამართი,
რომლის პრივატიზებაც
შენ უნდა მოახდინო,
ჩემი გულია.

***
ვწერ ამ ლექსს იმ იმედით,
თავი შეგახსენოთ  _
ცოცხალი ვარ.

***
_"ლექსი დავწერე",
რა იქნება ისე ჟღერდეს,
როგორც ჭავჭავაძეების
სალონში...

სადღეგრძელო

გაუმარჯოს, რაც ჩვენთვის
ყველაფერია,
ხოლო სხვისთვის კი _
არაფერი.

***
ყველაზე დიდი ბრდღვიალა
დისკოა მზე,
მაგრამ მე მხიბლავს
ციცინათელა.

***
გუშინ თვალებში ჩავხედე ნაგაზს,
და როცა მიხვდა,რომ შემეშინდა,
მხოლოდ მაშინღა აყეფდა იგი...

ბავშვობა

მე მასწავლიდნენ სიარულს,
ლაპარაკს, ძილსაც კი...
მაგრამ არასოდეს უსწავლებიათ
თვალის გახელა.

***
ძალიან დიდი ლოდინის შემდეგ
ერთად გიპოვეს:
ჩემმა თვალებმა
და სიმარტოვემ.

***
ამ კლდის წვერზე, ხო,
სულ შენ უნდა ჩანდე
მოკლულ გედივით...

***
აყვავილდა იასამანი,
თითქოს მომახარა,
რომ ერთი წლით დავბერდი...

***
რა პასუხი გაქვს უფლისადმი,
როცა ცოდვით იწყები
და სინანულით არ ბოლოვდები...

***
იმ პირველყოფილ სილამაზეზე
ვფიქრობ,
შენ რომ დატოვე სკოლის მერხზე,
ახლა რომ ასე
დამდნარა იგი...

*    *  *
როცა გვიანი შემოდგომა
მობანავე ქალწულებივით
ჭადრებს გააშიშვლებს.
შენ სოფლის გზაზე
ქურდივით მიიპარები,
გეშინია, ბავშვობის მოგონებებს
ფეხი არ დააბიჯო,
რომ არ დაგიფრთხეს.

***
მან თქვა:_
აბას კიაროსტამის ფილმს
თვალდახუჭული ვუცქერ,
როგორც ალუბლის გემოსმაგვარ
მელოდიას.
მე რომ გესაუბრები _ მეთქი?
_ ყურდახშული!
თაროდან წიგნი ჩამოვიღე
და წავიკითხე: _
"შვილმა უნდა იცოდეს,
სად გაჩერდა მამა".

***
დრო წარსულში გვექაჩება,
ჩვენ მომავალში გავრბივართ,
ცხოვრება კი გვფქვავს აწმყოში,
როგორც გაეხარდება..

***
შეუცნობელის შეცნობისაკენ
მიმავალო ფიქრო,
ნუთუ ვერსდროს ვერ მიაგნებ
ჭეშმარიტებას...

***
ვინაა შენთვის ყველაზე დიდი პოეტი:
_ ბუნება, რომლის ესთეტიზმიც
და ანტიესთეტიზმიც
შენში ძევს...

* * *
ყველას ღალატს ავიტან _
შენი და მუზის
გარდა...

* * *
პოეტი თუ ხარ,
შენივე ხელით გამოთალე
ჯვარცმისთვის ძელი...

* * *
დაიგვიანეს შენმა თვალებმა,
რომ ჩემთვის ეთქვათ
სიტყვა _ "მიყვარხარ",
ახლა გრძნობების სასაფლაოზე
რეკვიემს ვუსმენ...

* * *
ისე უჩუმრად მოვიდა წვიმა,
რომ სოფელს
მისი სტუმრობაც კი
არ შეუტყვია.

* * *
"გამოღმით მე ვარ,
გაღმით შენ" _
შუაში გვიძევს სიძულვილი,
მაღალ მთაზე კი ზის
ვაჟა-ფშაველა და
თლის დარდიან სალამურებს...

* * *
ჩვენი სიყვარულის ფორმულა _
ორი სიმარტოვის ჯამი...

* * *
სხეული დროებით რომ
გათხოვეს, მიწისაა,
სული...

მკითხველს

ცრემლებს სტრიქონებად,
დაღვრილს ქაღალდზე,
ლექსებს ნუ დაარქმევ,
აღსარებაა, უბრალოდ,
შენთან!


ან

ჩაალაგე ძველ აბგაში ოცნენები,
და გაჰყევი გზას ბავშვობისაკენ,
ან დაახატე სევდა ხმელ ფოთლებს
და გააყოლე ნოემბრის ქარებს.

* * *
"სიყვარული ავადმყოფობააო",_
ამტკიცებენ დაბეჯითებით,
ნეტავ, ასეც იყოს და
ერთ მშვენიერ დღეს მანახა
ჩვენი პლანეტა,
როგორც ერთი დიდი საავადმყოფო
წარწერით _"დედამიწა".

* * *
/დედა/

აგონია არ ჰქონია,
ისე მშვიდად წავიდა,
თითქოს საკურთხევლის წინ ლოცულობსო,
სიცოცხლედაკარგულ გაშეშებულ სახეზე
ცრემლი ბზინავდა,
როგორც ამ ჭირ-სიხარულიან
წუთისოფლიდან განშორების სევდა...

* * *
სიყვარულით რომ გაიღვიძებ,
რა ჰქვია იმ წამს,
როცა კითხვები აღარ არსებობს...

* * *
/პესიმისტის ფორმულა/

დავიწყებულ წარსულს,
დამატებული გაუქმებული აწყმო,
და დახშული მომავალი _
უდრის ნულს.

* * *
...და ძველ სიყვარულს
ისე სტოვებდა,
როგორც ძველ ნაპირს
შორდება გემი...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები