ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2010


სხვაფრივ

,,სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია,
უსარგებლო გონებისა და გულისათვის...
...ტფილისი გატენილია ამბებით...
...ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით. ,,
/ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/ .



სხვაფრივ?!
ეს ტფილისი ისევ ისეთია,
ვერსად გაგიძღვება,
ვერსად გაუძღვები...
კვლავაც კმაყოფილი,
კვლავაც დაყოფილი,
კვლავაც დაცოფილი,
კვლავ ჭირით,
კვლავ ჭერით,
კვლავ ჭორით უძღები.

იციან ყველასი
ცხადი და სიზმარი,
გარე და შიგთავსი,
იციან ყველასი
ფასი და ხელფასი,
ანფასი, პროფილი...
კაცს გვერდით მიჰყვები?
- საყვარელს იტყვიან.
ეგ არაფერია!
დღეს, აბა, ვინაა
მაგ მოძველებული
სიტყვით დათოფილი.

მარტო მიმავალმა
მზერა მოატარე?
- ვიცით, რას დაეძებ.
თუ დგახარ დაქალთან
ჩუმად მუსაიფობ,
თან ხელით ეხები,
ეკვრი,
იკოცნები...
- რად უნდა ლესბოსელს
დიდი ამოცნობა!

თუკი რამდენიმე
გახლავს მეგობარი,
ხუთია, ექვსია,
ქალია, კაცია,
ჩვენია, უცხოა...
ვრცელია ეგ სია,
მთავარი ისაა,
ერთად დაგინახეს,
- ეს გრუპენ-სექსია.

ბავშვებს გაუწოდე
ფილა- შოკოლადი,
იქნებ მარმელადი? -
-გჭირს პედოფილია,
ყველასთვის ცხადია,
როგორ დამალავდი!

შემოგხვდა ყმაწვილი.
თბილად გაუღიმე.
- ჭორს ვინ გამყოფინებს?
იტყვიან:
უფალო,
გაუქრე სინსილა
ამ იუნგოფილებს!

თუ დილაადრიან
ძაღლს დაასეირნებ,
თანაც მოეფერე?
- არ უნდა ბაასი,
და ფილოსოფია,
შენ ხარ ზოოფილი.

მოხუცს ეგებები?
- იტყვიან ფლიდები,
რაღაც, ამ ბოლო დროს
გერონტოფილდები.

ღმერთმა დაგიფაროს,
ზედიზედ გამოჩნდე
ახალ მიწაყრილთან,
იქ, სასაფლაოზე!
გინდ სანთელს ანთებდე,
აწყობდე მიხაკებს,
ანუ ყარამფილებს
ვინმე დაგინახავს,
არც კი დაფიქრდება,
გაგანეკროფილებს.

ვაი, მას, ვინც გარეთ
სულაც არ გამოდის,
ფანჯრიდან ხედავენ,
ხალათი აცვია.
კარს უცნობს არ უღებს,
არავის აწუხებს,
იტყვიან: რა შველის?!
რა და ვიბრაცია.

ასფალტმა დაფარა
ძველი ფილაქანი.
ეს არის ტფილისი,
გულხელდაკრეფილი.
ეს არის ტფილისი,
ქალაქი ყოფილი.
ქალაქი ყოფილი
ისევ ისეთია.
ჭორ-მართალს დაეძებს,
მერე ისე არევს..
გულზე დაგიტოვებს
მწარე ნაიარევს...

ჰოდა, რას დაეძებ,
როგორც გეამება,
ისე იყავი და
ისე გაიარე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს