ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2010


ბერციხევ, ქაჩალაურო

გნახე და გული მატკინე,
ბერციხევ, ქაჩალაურო,
წინაპრის მიყუჩებულო
სისხლის ბორგვავ და ხმაურო.
აალდი,  გვახილებინე
შენი კედლების დგანდგარი,
შენს ალაყაფთან შეყრილი
თავჩაჩქნიანთა ლაშქარი!
ვინ ამოგზიდა გორის ფხას,
ვინ დაგსვა, ორბის მზერადა?
ცეცხლმა და სისხლმა მახვილი
რამდენჯერ შეგიფერადა,
როცა შენს ცაზე ურჯულოს
რისხვის ლახვარი ელავდა.
ვინ შეგილეწა ზღუდენი
ბეჭდაუდებელ ფალავანს,
სად გაქრა შენი დიდება,
სად გაჰყვა ჟამთა ქარავანს?
ლეკებმა რომ გაიტაცეს
მზეთუნახავი ქალთამზე,
დღესაც არ შრება ცრემლები
იმ ვიწრო ბილიკ-სავალზე,
დღესაც გოდებენ მის გამო,
შენი ბებერი თაღები,
ნეტავ შეიძლო ხმლის ქნევა,
კვლავ ცეცხლით დაიდაღები!
-------------------------------------
პაპის წყაროსთან დაღლილი,
საფერავს ვეპარებოდი,
სულში  ყვაოდა წყალ-ჭალა,
წინაპრის სისხლით ვთვრებოდი!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები