ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იელი
ჟანრი: პროზა
3 ივლისი, 2010


საქართველოს შვილი (რეალური ისტორია ნაწილი მეორე)

შეხვედრა მეოთხე 

  გაღიზიანებულს და გაბრაზებულს, არ ვიცოდი რა მეკეთებინა, უფრო სწორედ, რა საქმით დამეწყო დღე. გადავწყვიტე, წიგნები ამომექექა კარადის სიღრმიდან და რაიმე წამეკითხა. გული ვერაფერს დავუდე და ბოლოს ისევ გარეთ გასვლა გადავწყვიტე. არადა საშინლად ცხელოდა, თბილისი აშკარად აქტიურად ხარშავდა დიდ ქვაბში მოხვედრილ ადამიანებს და სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევდა. გამახსენდა, რომ სტომატოლოგთან ვიყავი მისასვლელი და სწრაფად გადავირბინე გზა. ლამის მანქანამ გამიტანა, მაგრამ, ჯანდაბას. არავინ დამხვდა სტომატოლოგიურ კაბინეტში. მოღრუბლული გამოვბრუნდი უკან და იქვე ფილაქანზე ჩამოვჯექი.
-მოვედი._შემომესმა სევდიანი ხმა.
-ვაა, ბექააა, გამოჩნდი? სად იყავი აქამდე?მომენატრე._ჩემი პატარა მხეცი გვერდით მომიჯდა და გაკვირვებულმა შემომხედა, ალბათ მისი მონატრება ეხამუშა.
-რა იყო?_არ შევიმჩნიე მეც.
-არაფერი.
-მაჩვენე აბა ხელი შე ონავარო. როგორ ხარ?_წავეხალისე ბავშვს.
-კარგად. _ჩაიბურტყუნა თავისთვის და ნაძალადევად გამიღიმა.
-რა იყო, თქვი, ვხედავ, რაღაც ხდება, ეხლა რაღა მოხდა?
-არაფერი. შენ დედა გყავს?_მკითხა მოულოდნელად.
-კი, მყავს ბექა.
-აი, მე არა მყავს.-დასევდიანდა უცებ.
-რატომ ბექა?_გაამეჩხირა ყელში ბურთი და ძლივს, გაჭირვებით გადავყლაპე.
-მომიკვდა. ადრე მეუბნებობდნენ, ანგელოზებთან არისო, მაგრამ, ეხლა ვიცი, რომ მომიკვდა.
    სულ პატარა ყოფილა ბექა... ბუთხუზა და აი ისეთი, ანგელოზებს რომ ადარებენ. დედა უცებ დაღუპვია, ვერც კი წარმოედგინა, ისე, ჯერ ყურთამდე გაღებული კარებები დაუნახავს 5 წლის ბავშვს, მერე შესასვლელში  ბევრი ხალხი და ბებოს განწირულ კივილს დაუსადგურებია გულში. ასე შევიდა პატარა ბავშვის გონებაში პირველი საზარელი სიკვდილის აჩრდილი...მერე.. მერე ყველაფერი არეულა, ხედავდა, როგორ ქრებოდა დედის სახლიდან ძვირფასი და ანტიკვარული ნივთები, ფუშფუშა და კოპწია ბალერინები, როგორ მოდიოდა უზომოდ გადამთვრალი მამა და გადარჩენილ ნივთებს როგორ ამსხვრევდა, როგორ ბოროტდებოდა მისი ბებო და სცემდა ბავშვს...
მერე უფრო აირია მისი მისი ცხოვრება... ბედისწერა აყოლილი ბავშვი ხან სად ათენებდა და ხან სად  აღამებდა...მამა ლოთობას გადაჰყოლია, დეკემბრის ერთ ცივ ღამეს, გარეთ, ქუჩაში მიწოლილი  ყინვამ გაუყინა... კიდევ ერთხელ ღია კარები, ყურთამდე, კიდევ ბევრზე ცოტა ხალხი და სველი თვალები ბექას... მერე რა, რომ სცემდა, მამა იყო მაინც, მშობელი მამა...
გაჩუმდა და შემომხედა, ხმას არ ვიღებდი, არ მინდოდა ჩემი აკანკალებული ხმა გაეგონა და ჩემი სისუსტე ეგრძნო. თავადაც გაუხერხულდა, აიმრიზა და მოწყენილმა შემომხედა,  დიდი და სევდიანი თვალებით, მრავალ ჭირნახულ ადამიანებს რომ აქვთ, ისეთით.
-ეხლა აქ 5 წუთით დამელოდები? არა, სულ 3 წუთით?_გამოცოცხლდა ისევ. პასუხს არც დალოდებია, წამოხტა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაირბინა.
-სად გარბიხარ?_დავადევნე სიტყვა.
გაოცებულმა გავაყოლე თვალი.
დავინახე, ყვავილების გამყიდველთან როგორ მიირბინა და მივხდი. მივხდი, მაგრამ, შემეშინდა, უარი არ ეთქვათ და მისი ციმციმა თვალები კიდევ ერთი ბოღმით არ დაემძიმებინათ. გულისკანკალით ველოდებოდი ფინალს და ვხედავდი, რაღაცას როგორ უმტკიცებდა.გულზე მომეშვა, როცა ერთი ვარდი ხელში ჩაბღუჯა და ისევ გადასასვლელში გაუჩინარდა. ყურედამდე გაღიმებულმა ამოყვინთა მიწის სიღმიდან, ჯერ ვარდი დავინახე და მერე მისი სასაცილოდ გაფშეკილი ქოჩორი.
-არ მინდა, რომ მოიწყინო, საჩუქარზე უარის თქმა კი უზრდელობაა._გამიცინა ბავშვურად და ხელში მომაჩეჩა ყვავილი.
        გული ყელში მომებჯინა და თან საშინლად გამეხარდა, რომ, ამ არეულმა ცხოვრებამ მის სუფთა სულს ვერაფერი დააკლო.მინდოდა მოვხვეოდი, მაგრამ ვერ გავაკეთე, ძალიან აზიზი ბუნება მაქვს, სისუფთავეზე ვარ გაპათოლოგებული. შეამჩნია, რომ წავიწიე ჩასახუტებლად და უცებ შევჩერდი. ბავშვური სახე გაუფითრდა და ტანსაცმელზე დაიხედა. რაღაც ჩაიდუდუნა და ხელის დაქნევით დამემშვიდობა. მინდოდა დადევნება, მაგრამ, აბა რა მეთქვა და ჩემი საქციელი როგორ გამემართლებინა.
      საკუთარ თავზე დაბოღმილი ვიდექი ერთი ვარდით ხელში და ტუჩებს ნერვიულად ვიკვნეტდი.

შეხვედრა მეხუთე

        აღარ გამოჩენილა პატარა მხეცუნა. დამეკარგა. დაქალებს ყოველ საღამოს დავრაზმავდი და მთელ ბახტრიონს და პეკინს შემოვატარებდი ხოლმე, მაგრამ არ ჩანდა. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ჩემს საქციელს და გაბოროტებული დავდიოდი. თითქმის იმედი რომ გადამეწურა, უცებ გამოჩნდა. მხიარულად მოქანდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს და წინ გამიჩერდა. ეხლა კი მართლა აღარ დავეძებდი სისუფთავეს და ჩავეხუტე. მისმა პატარა გულმა რომ მაპატია და არ დაიბოღმა ჩემზე, საშინლად გამეხარდა.მინდოდა ბევრი მესაუბრა და ის იყო დავიწყე, რომ შევამჩნიე, სუფთა შორტები და წითელი მაისური ეცვა, ხელზე ფსალმუნი ეკეთა და თავს იწონებდა. ფეხზე ისევ ის ძველები ეცვა, დანაშაულის გამოსყიდვა გადავწყვიტე, ჯიბეები ამოვიტრიალე და ძლივს მოვუყარე თავი 18 ლარს, მამამ მომცა, 2 დღე აღარ შემაწუხოო, მაგრამ, მართლა არ დავეძებდი. ამით კი რა ფეხსაცმელი მოუვიდოდა? ნათქვამია, საბანი სანამდეც გაგწვდება, ფეხიც იქამდე გაშალეო და ამაყად შევითრიე ბავშვი ინდურ-ჩინურ მაღაზიაში, იქვეა, ბახტრიონზე.
გაჯიუტდა.
-არ მინდა, მოვაგროვებ და მერე ვიყიდი, ერთად ამდენი ფული არ მქონდა.
-არა, გინდა! მე მინდა, რომ გიყიდო, საჩუქრად და მერე შენ მაჩუქებ ისევ რამეს!_პირზე ავაფარე ხელი.
-მართლა არ მინდა_გაჯიუტდა საშინლად.
-ბექა, გინდა მაწყენინო?_გავუბრაზდი ყასიდად.
        სამი კეტი მოისინჯა, ერთი მოეწონა, მაგრამ ეს არ მინდაო, გამყიდველი საწყობში წავიდა, კიდევ მაქვს ერთი წყვილიო და სანამ მე მოვტრიალდი, ბავშვი გაქრა. გაოცებული და ნაწყენი გამოვბრუნდი, დაუკმაყოფილებლობის შეგრძენა არ მასვენებდა. ბუკიას ბაღთან წინ გადამიდგა და ფეხებზე მიმითითა. სახტად დავრჩი, ვერც მე და ვერ გამყიდველმა, ვერ შევამჩნიეთ, როგორ მოიპარა კეტები.
-ეს რატომ გააკეთე?_გავბრაზდი ძალიან.
-აბა მაგ ურჯულოებს ფულს გადავუხდიდი? _ მიპასუხა ძალიან უდარდელად.
-ქურდობა ძალიან დიდი ცოდვაა, ეგრე არ შეიძლება.დედაშენი ალბათ ეხლა ზემოდან გიყურებს და წუხს!_არ მომითმინა გულმა და მაინც შევეპასუხე.
-დედა?მერე რა, მაპატიებს._მაინც მოეღრუბლა სახე ბექას.
-გაპატიებს, მაგრამ ეგრე მოქცევა არ შეიძლება.მე მინდოდა მეყიდა, მაგრამ, არაუშავს, სუფთად ჩაიცვი ამის შემდეგ, ძალიან გიხდება ახალი ტანსაცმელი.მშვენიერი ბიჭი ხარ.
-მართლა?_გაეხარდა გულწრფელად.
-მართლა. ეხლა მე უნდა წავიდე, სახელმწიფო გამოცდები მაქვს და ვემზადები, შენ სად წახვალ?_მოვეფერე თავზე.
-მე ძმაკაცებთან._გაინღინძა ამაყად.
        ვაკოცე და დავემშვიდობე, სახლში წავედი სიცხისაგან შეწუხებული, მაგრამ გამხიარულებული ბექას ნახვით.
საღამოს დაქალთან წასასვლელად დაბლა ჩამოსულს, ჩემს კორპუსთან ბექა დამხვდა.გამიკვირდა.
-აქ რა გინდა ბექა?
-გელოდებოდი, რაღაც მინდოდა მეჩვენებინა._გაეღიმა უხერხულად და თავი ჩაღუნა.
-მელოდებოდი? მთელი საღამო აქ ხარ? აკი ძმაკაცებთან მივდივარო?
-გადავიფიქრე.
-მერე რატომ არ მითხარი, აქ თუ უნდა დამლოდებოდი?
-მეცადინეობაო და მეც აქ ვიჯექი._გაიმეორა ჯიუტად.
    იოსელიანზე, ერთერთი კორპუსის სახურავზე ამიყვანა, პატარა, ხის ფიცრებისაგან შეჭედილი მაგიდა და 2 დაბალი სკამი იყო სამერცხლულს ამოფარებული. ლუდის ბოთლები, სიგარეტის ნამწვავები და კონსერვის ქილები იყო მომოფანტული.სიგარეტი ამოვიღე ჩანთიდან და მივაწოდე. უსიტყვოდ გამოართვა და მოუკიდა.
-ეწევი? დიდი ხანია?_როგორღაც მეწყინა სიგარეტით ხელში რომ დავინახე, პატარა იყო, ბავშვი და საშინლად არ უხდებოდა.
-არა, 2 წელია._გამოუშვა კვამლი რგოლებად და სკამზე ჩამოჯდა.
-მერე 2 წელი წოტაა?_გავბრაზდი ისევ.
-ნუ მეჩხუბები რა._გამიღიმა საყვარლად.
-ხო, კარგი.
    ჩუმად იყო, სიგარეტს უხმოდ ეწეოდა და დროდადრო გამომხედავდა.
-ლამაზი ადგილია, შენ გააკეთე ეს სკამები და მაგიდა?_ჩავეკითხე ბავშვს.
-მე არა, ძმაკაცმა გამიკეთა.
ისევ გავჩუმდი, როგორღაც ვიბნეოდი ამ ბავშვთან.
ხელი ჩავჭიდე და დაბლა ჩამოვედით. არც დამემშვიდობა,ისე წავიდა.

        მე კი კიდევ ერთი შეხვედრის იმედით აქ ვწყვეტ ამ ისტორიას და გაგრძელებას მერე შემოგთავაზებთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს