ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
11 ივლისი, 2010


გალაკტიონის ,,ვუალისა და ვიოლიეს შესახებ'' *

  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის  ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრი'' განაგრძობს გამოცემას სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულთა სერიისა ''გალაკტიონოლოგია'', რომლის ახალ, მეხუთე წიგნსაც დღე-დღეზე მიიღებს მკითხველი.
  წინასწარ გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ვრცელი ნაშრომისა ''სამი ლექსი არტისტული ყვავილებიდან'',  რომელიც მკვლევარმა და პოეტმა წაიკითხა ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში გამართულ თავყრილობაზე 17 მარტს - გალაკტიონის აღსასრულის დღეს - რაც ტრადიციულად აღინიშნება.
  მოხსენება მსმენელმა დიდად მოიწონა არა მხოლოდ ღრმა პროფესიული ანალიზის გამო, არამედ სტილის დახვეწილობითაც, რამაც გამოიწვია ის, რომ მეცნიერული კვლევა თვითონ გადაიქცა ესთეტიკურ პროცესად, ნიმუშად იმისა, თუ როგორ უნდა იწერებოდეს პოეტებზე, მითუმეტეს გალაკტიონის რანგის შემოქმედზე.
    ჟურნალი ''ჩვენი მწერლობა''




გალაკტიონის  ,,ვუალისა და ვიოლიეს შესახებ'' *
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -



ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.

გათავდა, განელდა,  გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება!  შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის,  ვიოლБეს და სხვების შესახებ.

ასეთი სახით არის წარმოდგენილი ლექსი  ,,არტისტული ყვავილებში'', გალაკტიონის თხზულებათა თორმეტტომეულში კი სხვაგვარად არის შეტანილი:


ვუალისა და ვიოლიეს შესახებ
- - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - -- - -

ვენერა სარკესთან ეგონა ფრაგონარს
პალაცო პიტი და პერუჯი ვენეტა.
ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა.
გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი!
ოცნება! შენ წარსულს ვედრებით შესძახებ,
რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი
ვუალის, ვიოლეს და სხვების შესახებ.

      თორმეტტომეულში ლექსს ახლავს კომენტარი, რომლის მიხედვითაც: ,,ვენერა - რომაულ მითოლოგიაში გაზაფხულისა და მოსავლიანობის ქალღმერთია, რომელიც ბერძნული გავლენით გაიგივებული იქნა აფროდიტესთან, სილამაზისა და სიყვარულის ღვთაებასთან.
ფრაგონარი ონორე ( 1732- 1806) - ფრანგი მხატვარი.
პალაცო - კერძო სასახლეები იტალიის ქალაქებში,[...] ლექსებში ნახსენები  პიტი და პერუჯი ვენეტა - ორივე ფლორენციაშია'. ''
    ეს კომენტარი არაზუსტ ცნობას გვაწვდის ლექსში დასახელებული პალაცოების რაოდენობასა და სახელების შესახებ. სინამდვილეში ლექსში მოიხსენიება არა ორი ფლორენციული პალაცო, არამედ ერთი - `პალაცო პიტი'', ხოლო პერუჯი (პერუჯო) და ვენეტა (ვენეცია) იტალიური ტოპონიმებია.
      კომენტარის არასრულყოფილების მიზეზი ტექსტში შეტანილი ორთოგრაფიული და პუნქტუაციური სწორებებია, რომელიც  ამ ისედაც სიმბოლისტურად ვუალირებულ -ტექსტს  არათუ ბუნდოვანებას  უმატებს, არამედ  გაუგებარს ხდის.
    რაკი ამ ლექსის ევფონიური პლანი გამოწვლილვით არის გაშუქებული (  თ.დოიაშვილი) და დადგენილია  მისი  ფართო ესთეტიკური კონტექსტიც ( ი.კენჭოშვილი), ვფიქრობ, უკვე არსებობს საშუალება შედარებით თავისუფალი ინტერპრეტაციისა, რომლის დროსაც დაგვჭირდება გავარკვიოთ, რას გულისხმობს ავტორი ლექსის სათაურში,  რას უნდა ნიშნავდეს `ეგონა ფრაგონარს'',  ,,ხმები მასსენეთა'' და რა  ,,უცნობ ლამპარზეა''  საუბარი აქ. შეიძლება თუ არა, სიტყვაში `ვიოლიე''  ნაგულისხმევი იყოს რაიმე სემანტიკა, ვინ არის  ,,შენ''  , ან ლექსის ფინალში ნახსენები  ,,სხვები''  და როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ლექსის ტოპოსი.
        ამთავითვე აღვნიშნავ, რომ  მსჯელობისას დავეყრდნობი  არა თორმეტტომეულის, არამედ  ,,არტისტული ყვავილების''  ტექსტს,  როგორც უფრო სანდოს.
      დავიწყოთ სათაურის პოეტიკით.
      ტიპობრივ შემთხვევაში  სათაური პირველი სიგნალია იმის შესახებ, თუ რას ეხება ლექსი. გალაკტიონი კი, რომელიც,  ჩვეულებრივ,  სათაურის სემანტიკის გარდა,  ჟღერადობასაც  დიდ ყურადღებას აქცევს,  სათაურის ბოლოში აფიქსირებს  სიტყვას ''შესახებ'' , რომელიც  არათანამჟღერი  (შსხბ) თანხმოვნებით  მკვეთრად უპირისპირდება, ახშობს ნატიფი სონორული პარონიმების მელოდიკას. ეს მაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ სიტყვას რაღაც საგანგებო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამ ფიქრს საფუძველს  ჰმატებს ლექსის ფინალი,  სადაც ჩვენთვის საინტერესო სიტყვა  აბსოლუტურ ბოლოში,  რიტმულ-ინტონაციურად და კომპოზიციურად უაღრესად  მკვეთრ ადგილასაა მოთავსებული: ,,რომ ისევ აინთოს უცნობი ლამპარი ვუალის, ვიოლიეს და სხვების შესახებ.'' ეს არა მხოლოდ შინაარსობრივად, გრამატიკულადაც  უცნაური კონსტრუქციაა, რადგან  ლამპარი შეიძლება აინთოს რაღაცის ან  ვიღაცის გამო, ვიღაცის მიერ,  ვიღაცისთვის და არა  შესახებ.
      მაგრამ არსებობს ანტიკურობიდან მომდინარე ფრთიანი გამოთქმა  ,,ცოდნის ლამპარი''. ამ ფრთიან გამოთქმაში შემავალ სიტყვათა სუბსტიტუციის მეშვეობით ჩამნაცვლებელი  ინარჩუნებს მთელი  მყარი სინტაგმის  ერთიან სემანტიკას  და,  ამასთანავე, ჩანაცვლებულისაგან  მიიკუთვნებს გრამატიკულ  ნიშანს,  თვისებას, რომელიც მას ჩვეულებრივ არ ახასიათებს:
            ცოდნა _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ,
            ლამპარი _ ვუალისა და ვიოლეს შესახებ.
      ლამპარი,  ლექსის მიხედვით, ,,უცნობია''. უ-ცნობობა  კი  შეიცავს ნეგატიური ნიშნით გამოხატულ პოტენციას შე-ცნობისა. ეს პოტენცია გამოვლენილია ზმნის ,,აინთოს''  მეორე კავშირებითის ფორმითაც, რაც მომავლის გაგებას იძლევა.  ,,ისევ აინთოს''  ცხადყოფს, რომ  ლექსში გამოსახული სიტუაცია -  არაერთჯერადია, ყოფილა წარსულშიც, ანუ უცნობ ლამპარს - ცოდნას ადრეც გაუნათ(ლ)ებია პოეტის არე.  თანაც ეს  უცნობი ცოდნა არა ერთი რომელიმე საგნის (ვუალის), არამედ კიდევ ვიღაცის თუ რაღაცისა და სხვების შესახებაც არის. ვცადოთ გარკვევა, მაინც რა ცოდნაზე შეიძლება იყოს აქ საუბარი.


***
  ,,ვენერა სარკესთან'' _ ეს სახვით ხელოვნებაში  მეთხუ¬თმეტე საუკუნის დასასრულისა და მეთექვსმეტეს დასაწყისის ვენეციური მხატვრობიდან მომდინარე ტიპობრივი თემაა  და ველასკესის, რუბენსისა და რაფაელის გარდა,  სხვა მრავალ  ცნობილ თუ უცნობ მხატვარს აქვს დამუშავებული.  ფრაგონარს, ისევე როგორც ბოტიჩელის, შექმნილი აქვს ფერწერული ტილოები, რომელშიც იყენებს სარკის იკონიკურ პოეტიკას, აქვს ნამუშევრებიც, დაკავშირებული ვენერასთან, მაგრამ არა ვენერა, რომელსაც სარკეში ახედებს კუპიდონი. მიუხედავად ამისა, ამ თემასთან მისი სახელის დაკავშირება მაინც შესაძლებელია, თუ მხატვრის ბიოგრაფიის ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს გავითვალისწინებთ. მაგრამ ამაზე - ქვემოთ.
  სახვითი ხელოვნების ამ თემის დასახელებას მოსდევს  ანჟამბამანური წინადადება:

.......................ეგონა ფრაგონარს
პალაცცო პიტტი და პერუჯი, ვენეტა.

      ამდენად, წყვეტა, რომელიც ვენერასა და ფრაგონარს შორის  ,,არტისტული ყვავილების''  ტექსტში წერტილით არის დაფიქსირებული და რომელიც თორმეტტომეულში წერტილის მოხსნის გამო გაუქმებულია, აუცილებელია ამ ტექსტის სივრცეში ორიენტირებისთვის.  ,,ეგონა''  ზმნა, რომელთანაც  ფრაგონარი მჭიდრო ევფონიურ კავშირშია,  მოგონების/გახსენების  მნიშვნელობით უნდა იყოს გამოყენებული: მოაგონდა, აგონდებოდა. მოტივაცია ამ ფრანგი მხატვარის  მიერ იტალიური პალაცოს მოგონებისა  კი მის  შემოქმედებით ბიოგრაფიას უნდა უკავშირდებოდეს: თითქმის თორმეტი წელი (1752-1765) იგი ცხოვრობდა და მოგზაურობდა იტალიაში. იტალიურმა მხატვრობამ და ზოგადად ხელოვნებამ მის ხელწერას სასიკეთოდ გამორჩეული კვალი დაამჩნია და საფრანგეთში დაბრუნების შემდგომ დიდი ხელოვანის სახელი და სიმდიდრეც შესძინა. მაგრამ თანდათან მოძლიერებულმა ფრანგულმა კლასიცისტურმა სკოლამ აქტუალობა დააკარგვინა, მოდიდან გაიყვანა როკოკოს სტილი და, შესაბამისად, ფრაგონარის ფერწერაც.

ფერები მიენდო მშვენიერ საგონარს,
რომელსაც იძლევა ხმები მასსენეთა. 

      ეს ნაწილი  სიტყვით ,,საგონარი'' რითმულად, მაგრამ არა შინაარსობრივად უკავშირდება ფრაგონარს, რადგან ფრაგონარი ,,მასსენეთა ხმებს''  ვერ მოისმენდა  ცხადი მიზეზის გამო: ამ ორ ხელოვანს მთელი საუკუნე აშორებთ (ფრაგონარი დაიბადა 1732 წელს, ხოლო მასსენე _ 1842 წელს).
,,მშვენიერი საგონარი''  ერთდროულად ორმხრივი გაგების საშუალებას იძლევა: მშვენიერი საგონებელი - დარდი (ოქსიუმორონი) და მშვენიერი გა-საგონებელი, მოსასმენი (ანუ  ,,ხმები მასსენეთა''). უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მასში ერწყმის ორივე გაგება.
      სიტყვა  ,,მასსენეთა'' რომ მასნეს გულისხმობს, ცხადია, მაგრამ რატომ არის ეს საკუთარი სახელი მრავლობით რიცხვში? მხოლოდ იმ მიზნით, რომ გაერითმოს სიტყვას  ,,ვენეტა''?
    მასნე, მასსნე, მასენე, მასსენე, მასსენეტი _ ფრანგი კომპოზიტორი, რომლის სახელიც ამდენი ვარიაციით დამკვიდრდა რუსულ და მოგვიანებით ქართულ კულტურულ სივრცეში, გალაკტიონისათვის განსაკუთრებით ახლობელია და ამას პოეტის ბიოგრაფიული რეალიები და საარქივო მასალებიც  ნათელყოფს. გალაკტიონის არქივში დაცულია არა მარტო მისი  მუსიკის ხელნაწერი ნოტები, არამედ სტამბურად გამოცემული ნაწარმოები, რომლის სიტყვებად პოეტს მერისადმი  მიძღვნილი ლექსი  ,,ო, დღეს შემოდგომაა''  გადაუმუშავებია, მოურგია მელოდიისთვის.
      ცნობილია მეორე ფაქტიც: ოციან წლებში გალაკტიონი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა და იქ გამართულ პოეზიის საღამოებზე თავის  ,,მერის'' მასნეს  ,,ელეგიის'' ფონზე კითხულობდა.
      განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი მომენტი:  ,,არტისტული ყვავილებისა'' და ზოგადად, გალაკტიონის სიმბოლისტური პერიოდის  მხატვრულ-კონცეპტუალური  არე, გარდა სხვა  მუსიკალური წყაროებისა, მოიცავს მასნეს მიერ მუსიკის ენაზე  ,,თარგმნილ''  არაერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს:  ოპერა ,,ვერთერს''( 1892),  ,,მინიონს'' (1884) _ გოეთეს მიხედვით, ოპერას  ,,მანონის პორტრეტი''(1894) _ აბატი პრევოს  ,,მანონ ლესკოს'' მიხედვით, ხოლო მისი ოპერის  ,, ღვთისმშობლის ჯამბაზი''  ლიბრეტოსთან, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ალუზიურ კავშირში უნდა იყოს ლექსი  ,,შემოდგომა ,,უმანკო ჩასახების მამათა სავანეში''. მასნეს ასევე არაერთი სიმღერა აქვს შექმნილი თ.გოტიეს ლექსებზე. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მასნე საფრანგეთში მოდიდან გადადის, მაგრამ  სწორედ ამ დროიდან ძალზე პოპულარული  ხდება რუსეთში, ალბათ იმის წყალობითაც, რომ მის ნაწარმოებებს ასრულებს შალიაპინი _ სპეციალურად შალიაპინისთვის მან დაწერა ოპერა  ,,დონ კიხოტი''. გარდა ცოცხალი შესრულებისა,  მასნეს  ნაწარმოებები მსმენელებამდე უკვე გრამფირფიტებითაც აღწევს,  1901 წლიდან კი,  რუსეთში კომპანია  ,,გრამოფონის'' დაარსების შემდეგ, ხელმისაწვდომი ხდება იმპერიის პერიფერიებისთვისაც.
      ადამიანის საკუთარი სახელის მრავლობით რიცხვში გამოყენება ცნობილი რიტორიკული  ტროპია და ასეთ შემთხვევაში, ჩვეულებრივ,  ერთი  სახელით აღინიშნება  რაიმე  ტიპობრივი ნიშნითა თუ ნიშნებით  მასთან  დაკავშირებულ  ადამიანთა სიმრავლე, მაგალითად,  ასეთ გამოთქმაში  ,,მომრავლდნენ ვერთერები''  ანუ ახალგაზრდები, სიყვარულის გულისთვის თავს რომ იკლავენ. მაგრამ მასსენენი, მასნეები,  ,,მასსენეთა'' _ მაინც ძნელი წარმოსადგენია, თუნდაც სიმბოლისტური იმაგინაციის დონეზე. ვფიქრობ, სწორ კვალზე სრულიად სხვა ესთეტიკური კონტექსტიდან მოხმობილი, ვახტანგ ჯავახაძის პატარა ლექსი დაგვაყენებს:

წვიმს. მუზეუმში მანეთად
შევდივარ ფიროსმანებთან.

ცხადია,  ფიროსმანები აქ ერთი მხატვრის სხვადასხვა ნაწარმოებების კრებითი აღმნიშვნელის ფუნქციითაა გამოყენებული. ავტორის სახელის წიგნზე გადატანის მეტონიმიური ხერხი უცხო არ არის გალაკტიონისათვის, როგორც, მაგალითად, ამ ლექსში:

დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს,
იყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი  ბოდლერს.

      ეს მაფიქრებინებს, რომ მასსენეთა/მასსენენი  ამ კომპოზიტორის  ნაწარმოებთა სიმრავლეს უნდა აღნიშნავდეს და შეიძლებოდა წარმოგვედგინა, რომ ლექსის ტოპოსი რომელიღაც საკონცერტო დარბაზია, სადაც მასნეს ნაწარმოებები სრულდება, ეს რომ არ ეწინააღმდეგებოდეს  ,,ლამპარი-ცოდნის'' ჩემ მიერვე შემოთავაზებულ გაგებას.
    საგონარისადმი ფერების მინდობის მომენტს ხსნის სინესთეზიური აღქმის სპეციფიკა (თ.დოიაშვილი ).
,,გათავდა, განელდა, გაჩუმდა ზღაპარი! / ოცნება!'' - ეს ანჟამბემანური გრადაციული ფრაზა  სინესთეზიური პროცესის დასასრულის მაცნეა. ლექსის ლირიკული სუბიექტი უბრუნდება  ,,რეალობას'' და აქ ,,ზღაპარი, ოცნება!'' -  ზმანებათა, წარმოსახვათა სინონიმებია.
    ლექსის ფინალში ჩნდება  ახალი ინსტანცია  - ,,შენ''. ეს  ,,შენ'' - თავად ლირიკული  სუბიექტის მეორე  ',,მეა'', ის, ვისაც პოეტი ადრე მიმართავდა: [bb],,ვიცან, გალაკტიონ, შენში აქტეონი''[/b] და ვისაც მოგვიანებით ეტყვის: ,,შენ სივრცეებმა დაგიბინადრეს''. მაგრამ ლექსში გარდა ვუალისა, რომელიც  ერთი მთავარი სიმბოლისტური სახე-კონცეპტია, გაუგებარი რჩება, რას გულისხმობს `ვიოლიე და სხვები''. ნუთუ ეს ფრანგულად მჟღერი ვიოლიე, რომელიც ვუალს ეხმიანება და იისა და სიმებიანი საკრავის ბგერობრივ ასოციაციებსაც აღძრავს,,მხოლოდ ტკბილ ხმათათავის''  გაჩენილი ასემანტური სიტყვაა?
      ვ-ლ ჟღერადი თანხმოვნებისა და ხმოვანთა კომბინაციის შემცველი სიტყვა ვიოლიე, რომელიც  ბგერწერულ მსგავსებას,  ვუალის გარდა, კიდევ რამდენიმე  სიტყვასთან ამჟღავნებს, ფრანგული ენის ლექსიკონებში არ დასტურდება, მაგრამ დასტურდება ფრანგული ენის ლექსიკურ ფონდში. რაკი ეს პატარა ტექსტი ასეთ უშუალო სიახლოვეს ავლენს ფრანგულ-იტალიური კულტურის კონტექსტთან, მაგრამ სიტყვა `ვიოლიე'' არ აღნიშნავს არც ერთ მოვლენას, საგანს ან სახე-კონცეპტს, ხომ არ არის სავარაუდებელი, რომ  იგი საკუთარი სახელია ამავე კონტექსტთან დაკავშირებული ვინმე პიროვნებისა?
  ,,ნოტრ დამი'' - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც ვ. ბრიუსოვმა 1904 წელს ლექსი  ,,პარიზი''  უძღვნა და რომელიც  ქართულ მოდერნისტულ პოეზიაშიც ძალზე აქტუალური იყო, 1850 წელს აღადგინა ცნობილმა ფრანგმა არქიტექტორმა, მხატვარმა, მწერალმა, ხელოვნების თეორეტიკოსმა  ვიოლე ლე დიუკმა  ( 1814-1878).
      ,,ნოტრ დამის'' (1163-1345) -  ამ ადრეული და მაღალი გოტიკის  ძეგლის _ ახალი  ქიმერები სწორედ ვიოლეს ნახატების მიხედვით არის შექმნილი. მისი სახელი ძალზე ცნობილი იყო რუსულ კულტურულ წრეებში  იმის გამოც, რომ 1879 წელს რუსეთში გამოიცა მისი წიგნი  ,,რუსული ხელოვნება: მისი წყაროები, შემადგენელი ელემენტები, მაღალი განვითარება და მომავალი''. ამ  წიგნმა  ინტერესთან ერთად  საპროტესტო გამოხმაურებებიც გამოიწვია, რადგან ავტორი რუსულ არქიტექტურას ბიზანტიურთან კი არა,  ინდურ  ძირებთან  აკავშირებდა.
      ვიოლე, რომელსაც, ცხადია, კარგად იცნობდნენ ფრანგი პარნასელები, ნეოგოთიკის თეორეტიკოსი იყო. ევროპაში ილუსტრირებული ენციკლოპედიების გამოცემის ისტორია იწყება სწორედ მისი წიგნით:  ,,შუა საუკუნეების ყოფა და გართობანი'' (Виолле-ле-Дюк Эжен Эмануэль, 1997), რომელშიც შესულია მრავალმხრივი ცნობები არა მხოლოდ არქიტექტურასა და ფერწერაზე, არამედ სამოსზეც, მათ შორის,  ვუალზე. ვიოლეს  შრომებს ეყრდნობა და იმოწმებს ლამის ყველა მომდევნო მკვლევარი ევროპულ კულტურაზე მსჯელობისას, გალაკტიონისათვის კი ევროპული კულტურა ცხოველი ინტერესის საგანი იყო.
    შემოთავაზებული ჰიპოთეზის ლოგიკით, ვიოლესთან ერთად დასახელებული  ,,და სხვები''  ის ავტორები თუ პირები არიან, მოხსენიებულნი რომ იყვნენ  წიგნებში, რომლის წყალობითაც გალაკტიონი ევროპულ კულტურას ეცნობოდა და ეზიარებოდა.
    ეს მაფიქრებინებს, რომ  ლექსის  იმაგინაციური ტოპოსი  ოთახია _ სივრცე,  სადაც  პოეტი უსმენს  გრამფირფიტებს  მასნეს  მუსიკის  ჩანაწერებით - (,,მასნეებს'') და ამ ფონზე, პარალელურად  ფურცლავს, კითხულობს ან იხსენებს ილუსტრირებულ გამოცემებს ფრანგული და ევროპული კულტურის შესახებ. ლექსის პირველი სტრიქონში  წერტილით დაფიქსირებული  დისკრეტულობაც - ,,ვენერა სარკესთან. ეგონა ფრაგონარს''_ ამით აიხსნება, თუმცა ეს ყოველივე  ვუალირებულია სიმბოლისტური ესთეტიკის  შესაბამისად.
    ამ ჰიპოთეზის ველში შეყოვნებული მკითხველი ალბათ კიდევ ერთხელ, ,,ახალი თვალით'' გადაიკითხავს ლექსს, ვიდრე კვლავ მისთვის მისაღებ ინტერპრეტაციას დაუბრუნდებოდეს.

________

*-  საჟურნალო ვერსიას არ ახლავს  გამოყენებული ლიტერატურის სია და ციტირებათა მითითებანი. რომლის გაცნობაც  მკითხველს შეუძლია კრებულ ’’გალაკტიონოლოგია-V''- ში. 
 
ილუსტრაციები -  ამ ლინკზე:
http://forum.lit.ge/index.php?showtopic=66&pid=175230&st=120&#entry175230

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები