ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
18 ივლისი, 2010


ბახტრიონიდან...

მინდა, ბახტრიონს ავმაღლდე,
ვემთხვიო ციხის ლიბოსა,
სული სინათლით აივსოს
და თვალი მოიხიბლოსა.
მზერა შევწონო მზით ნაბან
ალაზანსა და ილტოსა,
თრთოლვამ დახანძროს სხეული,
წამწამი ცრემლით ილტოსა.
მთის ფერადებით ნაშიბი,
ალაზნით დანამშვენები
ხოხბის ყელისფრად მოჩანან
გაღმა-გამოღმა ველები,
არ ვიცი, რომელს ვეფერო,
თვალს ვერ ვწყვეტ, ვეღარ ველევი,
მათი ტყვე-მონა გავმხდარვარ,
ტრფობის უღელში შევები!...
აქედან ოქროს  ბეჭედად
მოჩანს მზისფერი მატანი,
ბევრი ვაჟკაცის გამზრდელი,
ბევრი ქარ-ცეცხლის ამტანი,
ჩოლოყაშვილთა ბურჯები
შუბლს ადგა გვირგვინ-ჯიღადა,
ძილშიც კი რომ არ იძინებს,
მტრისად შეკრული მჯიღადა.
ხელს თუ გაიწვდი, აქვეა
ახმეტის ედემ-ბაღები,
კვლავ ლოცვად დგანან ტაძართა
ნასეტყვი გუმბათ-თაღები.
აქედან ალავერდამდე
ერთი ძგერაა გულისა,
სულ ერთი ამოკვნესება
გუთნურის და ურმულისა,
ანაზდეული შეკრთომა
ჩვილივით  მიყურსულისა
ჩემი ნატანჯი წინაპრის
სისხლს მოყოლილი  წყლულისა.
სულ ერთი გაფრენა არის
გაფრინდაულის ცხენისა,
გაწყვეტილასთან თათრები
უხ, როგორ ჟლიტა, შერისხა!..
დედის ლაღ ხარად გაზრდილი,
მოზარე თავის ერისა,
გულუშიშარი რაინდი
სისხლაღმჩქეფარე ცხელისა!
ბახტრიონიდან ლაშრამდე
ლუხუმმა წყლულით იარა,
გველს შებრალვია  დაჭრილი,
ნესტრით ულოკა იარა,
სხეულში ძალა რამ იგრძნო,
მუხლებშიც გაუმზიანა,
ლაშარის გორზე  შადგება
კიდევ ადრე თუ გვიანა.
----------------------------------
ამაღლდით, მთებო, ამაღლდით,
გულზე მომფინეთ ნათელი-
მთის ჩანჩქერივით კამკამა,
უზადო,  შეულახველი.
ლეში მიჰქონდეს  მიწასა,
რჩებოდეს კაცის სახელი.!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები