ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ივლისი, 2010


სიტყვა

    ქალბატონებო და ბატონებო!
    დღევანდელ მკაცრ და პრაგმატულ საუკუნეში მოძალებული მასკულტურისა და გლობალიზაციის პირობებში ეროვნულ ფასეულობებს, ზოგადად კულტურას, ნიველირების საფრთხე ემუქრება. ამ პირობებში გაცილებით იზრდება მწერლობის როლი და მწერლის პასუხისმგებლობა.
    ჰაინე წერდა: _ “თუკი სამყარო გაიბზარება, პოეტის გულზე გაივლის ბზარი”. ჩვენთვის, რუსი და ქართველი მწერლებისთვის ორმაგად მტკივნეულია, რომ გაიბზარა ორი ერთმორწმუნე ქვეყნის მეგობრობა. მრავალი რუსი კლასიკოსისთვის – ტოლსტოი, პუშკინი, ლერმონტოვი, ესენინი, მაიაკოვსკი (რომელიც წარმოშობით ქართველი იყო), პასტერნაკი, თანამედროვენი – ვოზნესენსკი, ახმადულინა, ევტუშენკო... ამ სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს, — კავკასია, კერძოდ, საქართველო შთაგონების წყარო გახლდათ. ბუნებრივია, ასე იყო პირველხარისხოვანი ქართველი მწერლებისთვისაც.
        შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანში” სატრფო თავის რაინდს აძლევს დავალებას: — “წადი, იგი მოყმე” — მოძმე, მეგობარი “ძებნე” და ისე  დამიბრუნდიო. ჩვენ ერთმანეთის ძებნა წესით არ  უნდა გაგვჭირებოდა, რადგან განგებამ ამ უსასრულო    გალაქტიკაში მეზობლობა გვარგუნა. მჯერა, ასეთი შეხვედრებით  შევძლებთ, პოლიტიკოსების პირადი ამბიციების გამო ორ ქვეყანას შორის გართულებულ,  საშიშ ზღვარზე მისულ დაძაბულ ფონზე, ერთმანეთის მიმართ  სიყვარულისა და ნდობის დაბრუნებას. ჩვენი მიზნები ხომ გაცილებით ჰუმანურია, ვიდრე ნებისმიერი, თუნდაც, ლიბერალი პოლიტიკოსისა. ორი ერის მწერალთა კრედო უნდა იყოს ჩვენი დროის დიდი კოლუმბიელი მწერლის გაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები: — ,,მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა – ჩემი სამშობლოს მთავრობას”.
      მადლობა მინდა  მოვახსენო დღევანდელი შეხვედრის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს ჩემი ქვეყნის ჩართვისთვის ამ დიდ ლიტერატურულ ფორუმში.
      მეამაყება, რომ გართულებული სახელმწიფოებრივი ურთიერთობების მიუხედავად, საქართველოში ჩვენს ხალხებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე არც ერთი უმნიშვნელო კონფლიქტიც კი არ მომხდარა, იმ უბრალო მიზეზით, რომ არაქართული მოსახლეობის უპირველესი დამცველი საქართველოს ტერიტორიაზე არის ქართული სახელმწიფო. კოსოვო საშიში პრეცედენტია მსოფლიოსთვის. არ უნდა დავუშვათ, რომ ეს პროცესი ჯაჭვივით განვითარდეს და ამით  პატარა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საშიშროება შეექმნას.     
        ამ დარბაზში რუსეთის სახელოვანი ინტელიგენციის წარმომადგენლები ბრძანდებით – გთხოვთ, საქართველო-რუსეთის ინტერესთა ამ ერთიანობის შესახებ თქვენი ავტორიტეტული აზრი მიაწოდოთ რუსეთის ხელისუფალთ, ვისაც არ ესმის ამ პრობლემის სიმწვავე და არ ცდილობს მის გადაჭრას. პატარა აფხაზეთის, რომლის მოსახლეობა თქვენი ლუჟნიკის სტადიონის ტევადობის ოდენაც არ არის — მიერთება რუსეთისთვის, ასიმილირების შედეგად, გამოიწვევს საქართველოს ამ უძველესი კუთხის, ეთნოსის გაქრობას ისტორიის ასპარეზიდან. დარწმუნებული ვარ, ეს თქვენს ხელოვანთა ინტერესებში არ შედის, მითუმეტეს, ფიქრშიაც კი ვერ დაუშვებს ამას ქართველი საზოგადოება.
      თითქმის ოცწლიანი ცივი ომის პირობებმა, სამწუხაროდ, ისე დაგვაშორა კულტურულ სივრცეშიც ერთმანეთს, რომ ქართველმა მკითხველმა არ იცის, რა ხდება დღეს თანამედროვე რუსულ მწერლობაში. ბუნებრივია, ასევე უცნობია თქვენთვის ამჟამინდელი ქართული ლიტერატურული პროცესები. ჩვენ მზად ვართ გამოვცეთ თანამედროვე რუსული პოეზიის ანთოლოგია. ალბათ, თქვენც შემხვედრ ნაბიჯს გადმოდგამთ. ორივე მხარემ ყველაფერი უნდა ვიღონოთ დარღვეული კულტურული კავშირების ასაღორძინებლად და განსავითარებლად. თორემ შეიძლება პროცესები ძალზედ სახიფათოდ განვითარდეს.
      ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის იბრძვის ზემაღალი იდეალებისთვის.
      სწორედ ამ იდეალების მატარებელია დიდი რუსული და ქართული მწერლობა!
    გვფარავდეს ორივე ქვეყნის მცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი!

P.ს. სიტყვა წარმოთქმული __ მწერალთა საერთაშორისო ლიტერატურულ ფორუმზე, მოსკოვში, 2008 წლის 22 მაისს, რუსეთის  უმაღლესი ხელისუფლების იმპერიული პოლიტიკის შედეგად, ქართული სახელმწიფოს ოკუპაციისა და სისხლიან დაპირისპირებამდე ორი თვით ადრე.
კონფერენციას ესწრებოდა ვლადიმერ პუტინი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსანი წევრები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები