ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2010


გახედეთ... ალაზნის ველი...

გახედეთ, ალაზნის ველი
რა ფერებს წაულეკავსო!
სამოთხის მადლი გადასდის
ნათათრალს და ნალეკარსო!
ოქროს ხოხობი მოგოგავს,
ზეცის გუმბათი რეკავსო,
დაბლა  შუქვერცხლი ციმციმებს,
მაღლა მზეკაბა ცეკვავსო,
ზვარში მტევნები სკდებიან,
მთას ლოყა  ეწვის დეკასო,
ზვავები დაზავებიან
ჩაღმით  ჩამავალ  კლდეკარსო..
კავკასიონის სიმაღლეს
გული ცად აუტყორცნია,
მადლს აფრქვევს დიდი ტაძარი,
მთელ ღამეს რომ ულოცია,
სულ უფლის ხელებს უძერწავს,
რაც მთა-ველი და ბორცვია,
რასაც კი მზერა მისწვდება,
რაც ცრემლით დაგვიკოცნია,
ხელერთიანად წინაპრის
სისხლ და ოფლშენახოცია.
ყური მიაპყარ მიწის ხმას,
ეს ჩემი გული ხმიანობს,
ბევრჯერ  მიგანეს,  შენს კალთას
დამაკლეს დედავ,  ღვთიანო,
მაინც არ მოვკვდი, აქა ვარ,
მაინც პირვღიმილიანობ,
ქედს ჯვარცმა მაწევს,  უფლისკენ
გოლგოთით უნდა ვიარო.
----------------------------------------
წუხელ  ქეთევან დედოფალს
თვალი არ მიულულია,
გრემიდან ალავერდამდე
მუხლჩაუხრელად  უვლია,
გზად ძოწ-ალმასებს აფენდა,
თათრის ნაშანთი წყლულია,
თან ახლდნენ  ანგელოზები,
გალობდნენ:  ”ალილუია!”
გზას უნათებდა დედოფალს
სხივი  ზეციურ სარკმელთა,
დაშანთულ სხეულს სურნელი
სცემდა სამოთხის საკმელთა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები