ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2010


ორი პროფილი

გაიჭრა ჩემი ,,კაროლ-კოზირი''!
ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა,
რადგან მთავარი მაინც ხმაა,
ვითომხავერდის მოსასხამიდან
მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი
ირონიები.
ხმაა მთავარი,
სხვას რომ არაფერს გაგაგონებს,
ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.

თვალები?!
- სველი მიწისფერი,
ცხვირი - ძგიდეგამრუდებული,
ერთი პროფილი სწორი ჰქონდა,
მეორე - ოდნავ მოფერდილი.
იქნებ ამიტომ
ერთ არსებაში
ორი სხვადასხვა კაცი ჩანდა,
რომ რიგრიგობით,
ან ერთდროულად
მყვარებოდა და მჯავრებოდა.
როცა ღელავდა,
უთამაშებდა ნესტოები
და შუბლზედაც,
წარბებშუიდან
ჩამოყრილი თმების ძირამდე
ამობურცული რისხვის ვენა
აღარ ცხრებოდა.
და ქვედა ტუჩის ერთ კუთხეში
უთეთრდებოდა
ძლივს შესამჩნევი ნაიარევი.
ტორები ჰქონდა
უხეში და ვეებერთელა
რომ იმის მუჭში
მე კი არა,
მთელი სამყარო ჩატეულიყო,
და ვაი, მაშინ,
თუ სამყაროს წვენს გაადენდა.
და მე ყველაფერ ამას ვიტანდი,
რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით
სულ ვღალატობდი,
(თუმცა ღალატი რა შუაშია,
თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება).
და საბოლოოდ მაინც გავტყდი, -
- ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია
და დამთავრდა სიყვარულიც,
წარღვნით კი არა,
უხმაუროდ,
დუნედ,
თანდათან,
როგორც მდინარე,
არაფერს რომ არ უერთდება,
ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში.
გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში
ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია.

შენ კი - ცხადი ხარ,
ნამდვილი ხარ
და უცნაურად აუტანელი,
თითქოს ჩავკბიჩე
ოქროსფერი კარალიოკი
და ხურმა შემრჩა,
- ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.

ქორო:

თუ განსაცდელი მოახლოვდა,
ამით შეიტყობ:
გონი ირევა,
დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.

კარალიოკი მოილევა,-
- ხურმა ჩატკბება,
ამასობაში აცივდება,
ზამთარი მოდის!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები