ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პროზა
19 ივლისი, 2008


აპალონა



(ნამდვილი ამბავი)

თბილისი ალბათ ზოგადად გიჟების ქალაქია, ამიტომ  "სერტიფიცირებული"  გიჟებიც არავის უკვირს. ქალაქში უბანი არ არის, საკუთარი გიჟი რომ არ ჰყავდეს. ჩვენი უბნის "სიამაყე" - გიჟი აპალონაა. ისე, გიჟი ეძახე შენ და კაცს 12 ენის პროფესორის წოდება აქვს მიღებული. ეზოში მის გამოჩენას ბავშვები ასე ხვდებიან
- პრივეტ აპალონ!
-Hallo, Appalon!
და ასე, ვინც რა ენა იცის. სულ ზეპირად იცის ვეფხისტყაოსანიც და ბევრი სხვა შედევრიც. ერთხელ, გაგანია ზვიადისტობისას, პატივცემული აპალონა საკუთარი  მეხუთე სართულის ვიწრო აივანზე ბოლთას სცემდა და შინდისფერი დროშის ფრიალით, დამტვრეული ქართულით გაჰყვიროდა:
                  "ნახეს უცქო მოკმე ვინმე, დჟდა მტირალი წკლისა პირსა..."
ერთ-ერთი წამოფრენის დროს ფანჯრებიდან ფიფქებივით გადმოყრილ სურათებში კი ჩანდა პელე და აპალონა, აპალონა და რაჯ კაპური და უამრავი ცნობილი ადამიანი (სად იყო მაშინ ფოტოშოფი და ამოჭერ-მიამონტაჟე)... აპალონა უბნის უპირობო ჩემპიონია ჭადრაკსა და ნარდში. მასთან ერთხელ მოგებაც კი კარგა ხნის სატრაბახოა ჩვენი ბირჟავიკებისათვის - ბიჭო, შენ რა უნდა მასწავლო, აპალონასთან მაქვს მოგებულიო!
"აპალონა" თვითონ დაირქვა - ბერძნულ მითოლოგიაში აპოლონი ყველაზე ლამაზი ღმერთი იყოო, მეც აპოლონივით ლამაზი ვარო (ლამაზი არაააა...). ისე- პროფესორი ვოვა გაბედავაა.
წყნარი, უწყინარი ადამიანია ჩვენი აპალონა, თუ დროზე ასმევს წამლებს "კურკინ მაწი" ეთერი. ეს ეთერი კიდევ ცალკე ისტორიაა- მოხუცი, უშვილძირო ქალი, რომელსაც ერთადერთი  "შვილი" - ტაქსა კურკა რამენიმე წლის წინ "დაეღუპა", თორემ მანამდე ჩვენი უბნის ბევრი ბავშვი ვერ დაიტრაბახებდა ისეთი "შმოტკა" ჯემპრებით კურკას რომ ეცვა... მოკლედ, ვოვას ჩაცმა-დახურვა-დავარცხნა და წამლების დალევაც ეთერის პრეროგატივაა.
აპალონას გაგიჟებაზეც ლეგენდები დადის. ზოგი ამბობს ქალი უყვარდა და რომ გაუთხოვდა, იმიტომ გაგიჟდაო, ზოგი ამბობს დედამისი დაახრჩოო, მაგრამ სისულელეა. არ გავს ვოვა მკვლელს, მით უმეტეს- დედის. სიყვარული კი... სიყვარული ნამდვილად შეუძლია. იყო დრო, მთელი უბანი ხალისობდა აპალონას მიჯნურობაზე უბნის მზეთუნახავ ანგელინასადმი.
ანგელინა და კრისტინა სომხის ულამაზესი გოგოები იყვნენ.მარტო არასოდეს დადიოდნენ, უკან მშიერი თვალებით მიშტერებული 3-4 კაცი  მუდმივად დაჰყვებოდათ. ანგო შავთმიანი, მუქთვალება გოგო იყო, კრისტი - ქერათმიანი და ცისფერთვალება. სულ იმაზე იყო დავა ანგელინა უფრო ლამაზი იყო თუ კრისტინა, ორივეს თავისი გულშემატკივარი ჰყავდა. საბოლოოდ, ბევრის და უპირველესად მათი მამის ჯინაზე, ორივე ქართველ ბიჭს გაჰყვა ცოლად და მერე გარიკა ხშირად წუწუნებდა- ვაი მამაჯან, რა მიყვეს ქართველებმაო!
ხოდა, ჩვენი აპალონასთვის საკითხი-ანგელინა სჯობდა თუ კრისტინა, დიდი ხანია ანგოს სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი და თუ სადმე თვალს მოჰკრავდა, აუცილებლად გადაუდგებოდა წინ:
- Анго, выйди за меня, красавица.
ანგელინა კისკისებდა:
- Ой, Вовочка, сказал бы раньше, сейчас я уже занята...
- Тогда поцелуй один раз, прошу, я тебе цветы подарю.
- Ой, Вовочка, Гия если узнает, убьет нас обoих. Не проси ты меня.
და მართლაც მოკლავდა. გია ანგოს ყველაზე ფულიანი და აგრესიული თაყვანისმცემელი იყო. როცა ის გამოჩნდებოდა, ანგოს ფანჯრებს ქვემოდან ყველა ნელ-ნელა იკრიფებოდა და მერე დილამდე ისმოდა ეზოში გაშენებულ ალუბლების ხეივანში ანგოს კისკისი და გიას მოტანილი შამპანურების ბათქა-ბუთქი. ყველა ხვდებოდა,რომ ეს ამბავი ქორწილით დასრულდებოდა და ასეც მოხდა. მთელმა უბანმა მოიყარა თავი, რომ უკანასკნელად ენახათ თეთრ კაბაში გამოწყობილი მზეთუნახავი, რომელიც ეჭვიან ქმარს საცხოვრებლად რუსეთში უნდა წაეყვანა ქორწილის მერე. ყველანი - ბავშვები, ქალები, მოხუცები, ორივე დის თაყვანისმცემლები ეზოში შეგროვილიყვნენ, როცა უზარმაზარ თაიგულში ჩაკარგული პატარძალი მომაჯადოებელი ღიმილით გამოვიდა სადარბაზოდან და მანქანაში ჩაჯდომამდე ხელი დაგვიქნია დასამშვიდობებლად. მხოლოდ აპალონა არ იყო ეზოში, დაკვირვებული თვალი შეამჩნვდა მეხუთე სართულის ფანჯრის შუშაზე მიჭყლეტილ ცხვირს და შუბლს...
ერთი თვე ვოვა ეზოში აღარ გვინახავს. მოჭადრაკეებმა მოიწყინეს, ეტალონი აღარ ჰყავდათ და ტრაბახსაც შეეშვნენ. ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა აპალონა - განუყრელი ძველი დიპლომატით, გაქუცული ნაცრისფერი კოსტუმით და ძველებური ნერვული სიარულით. მის სახეზე ნაღვლიანი გამომეტყველება და ახალი ჩვევა ყველას თვალში ეცა - ქალებზე და სიყვარულზე საუბარს ყურს მოჰკრავს თუ არა ყურს, ოხვრას გულს ამოატანს და ამბობს :
- Она меня не любила......

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები