ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
2 აგვისტო, 2010


უ ღ ე ლ ტ ე ხ ი ლ ი ... ( ნ ა წ ი ლ ი I )

        ( სამოქალაქო ომი )
  ზამთარი. განუწყვეტლივ თოვს. საღამოს შვიდი საათი. გარეთ ლამპიონები ანათებენ და ნეტავი განახათ რა ლამაზია ლამპიონთა შუქზე თოვა.
  მაშინ ექვსი წლის ვხდებოდი, თუმცა მიუხედავად პატარა ასაკისა, შეუძლებელია მიმდინარე მოვლენები მძაფრად არ აღბეჭდილიყო ჩემს მეხსიერებაში. ის 10 დღის ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, მძიმედ დაეტყო ჩემს ცხოვრებას... თავის დროზე...

        ***  ***  ***

  1993 წელი. ცეცხლის ალში გახვეული აფხაზეთი. ტყვიების კაკანის ხმას მიჩვეული ვიყავი, მაგრამ ამ ღამით გლოვის ხმა ისმოდა სოხუმის ნაომარ ქუჩებში.
  27 სექტემბერი. განთიადი.
  კარზე კაკუნი გაისმა:
  – გამიღეთ ჩქარა !
  მეზობელი სვანები –აფრასიძეები იყვნენ.
  _  ჩქარა წამოდით! აფხაზები შემოვიდნენ აგუძერაში!
  – მე ვერსად ვერ წამოვალ! სახლს  არ დავტოვებ! სჯობს, აქ მოვკვდე ჩემს მიწა–წყალზე –თქვა დედამ.
  – ვის უმტკიცებთ გმირობას? რა გგონია, დაგინდობენ? წამოდით, ჩქარა!
  დედამ ხატები ჩამოხსნა  და წამლების პატარა ყუთს დაავლო ხელი.  მე ჩემი ყველაზე საყვარელი თოჯინა წამოვიღე. შორტები და მაისური ჩავიცვი და...
  – დედიკო, ტობიკა არ წამოვა?
  –დედიკო  ტობიკას ვერ წავიყვანთ, აქ უნდა დავტოვოთ, როცა ჩამოვალთ აქ დაგვხვდება.
  _ დედა მე ტობის გარეშე არსად წავალ!
  – ჩქარა ჩაჯექით ჩქარა.
    ავტირდი, ძალიან გამიჭირდა ჩემს ძაღლთან განშორება. ის  არასდროს მტოვებდა მარტო. ერთხელ სიკვდილსაც გადამარჩინა...
  ვტიროდი, მაგრამ ვინ მომისმენდა 6 წლის ბავშვს. ტობიკა კარგა ხანს მოგვსდევდა უკან და ყეფდა , ყეფდა განუწყვეტლივ.
  – ერთი წუთით გაუჩერეთ მანქანა, ძალიან გთხოვთ, – სთხოვა დედამ.
    გააჩერეს, ძაღლთან მივედი, ჩავეხუტე. მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ ძაღლები ასეთი მგრძნობიარეები იყვნენ - ამლოკა. იწკმუტუნა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, დავინახე და უფრო ხმამაღლა ავტირდი.  ჩავეხუტე მაგრად და მერე გავუშვი.  უკანმოუხედავად წავიდა. ვეძახდი, მაგრამ არ მოიხედა. უერთმანეთოდ არ ვიძინებდით.  თუ სროლები ატყდებოდა, ერთად ვიმალებოდით სარდაფში ან საწოლის ქვეშ ვძვრებოდით. მაშინ მეგონა ქვეყანა დაინგრა, თუმცა, რა ვიცოდი ძაღლებს კი არა , მშობლებს, და–ძმებს და შვილებს უხოცავდნენ ხალხს...
    ტობიზე აღარაფერი გამიგია. ასე მითხრეს, სარდაფში რომ ჩავიდა აღარც გვინახავსო. ზოგმა, ტყვია მოხვდაო. ჩემი ტობი... მუდამ მემახსოვრება თავისი ნაღვლიანი თვალებითა და ფუმფულა ბეწვით.
  – დედა, ენრიკო სადაა? შენ არ მითხარი ჩვენთან წამოვაო? სად არის ჩემი ,,ძამიკო?''
  – ეტყობა სხვა მანქანით წავიდნენ.
  –დედიკო, რა ხდება მითხარი.  გინდა ორივე მეგობარი დავკარგო? ან სად მივდივართ?
  – მამიკო, შენ მაინც მითხარი რა სად მივდივართ?!
    ხმა აღარ გამცეს. ენრიკო და ტობის სახელებს დიდხანს ვიძახდი და ვტიროდი,  ბოლოს მიმეძინა...

  ... ... ...

  სიცივემ გამაღვიძა... დიდი, თოვლიანი მთები დავინახე და უამრავი ხალხი. მაშინ კი ნამდვილად შემეშინდა.
  – ამის იქით ფეხით მოგიწევთ წასვლა... მე ხალხი მყავს კიდევ წამოსაყვანი, აბა თქვენ იცით! -გვითხრეს და ჩამოგვსვეს მანქანიდან.
  – მამა მეშინია!
  – ნუ გეშინია, მამი, აქ ვართ  მე და დედა.
  – ძალიან მცივა მა!..
  – სასწრაფოდ თბილი ტანსაცმელი უნდა ვიშოვოთ გაგვეყინება ბავშვი.
  ვიღაცამ ტანსაცმელი მისცა დედას და ჩამაცვეს. ცოტა დიდი მქონდა და სასაცილოდ გამოვიყურებოდი. ვეღარ მივდიოდი ფეხით... მამამ ზურგზე შემისვა და ისე მოვყავდი  10 დღის განმავლობაში.
  – გოგო, ჩამოდი მამაშენის ზურგიდან არ გეცოდება? ამხელა გოგო ხარ და ფეხით წამოდი!-მეუბნებოდნენ.
  ჩამოვედი. ფეხები იმ წამსვე გამეყინა და ტირილი დავიწყე. მამამ ისევ შემისვა ზურგზე. 
  გზადაგზა გარდაცვლილთა ცხედრები გვხვდებოდა და დედ-მამასა და სხვებსაც მწუხარება უძლიერდებოდათ.
  _ დედიკო ამ ბიძია და დეიდებს სძინავთ?
  – კი შვილო სძინავთ.
  – მერე გავაღვიძოთ. არ შესცივდებათ?!
    დედას ცრემლები წამოუვიდა.
  – დედიკო, სად მივდივართ?
  – ბიძიასთან, თბილისში.
  – ფეხით?
  –გეყოფა კითხვები!
  – დედა, მშია, -  ვიტირე.
  –დედა ნუ ტირი, გამისკდება გული ახლა, შენ რომ გიყურებ ცრემლიანს.
  – ნუ ტირი, პატარავ, ხომ ხედავ, დედა ცუდადაა, - მითხრეს.
  – აბა, რომ მშია?
– წყალი მინდა მამა! - მამას მივადექი.
  - მეც მინდა წყალი, მოდი რა განახო... თოვლი რომ დნება , რა ემართება, იცი ჩემო კუდრაჭა?
– წყალი ხდება?
– კი წყალი ხდება, გინდა თოვლი შევჭამოთ?
– მინდა.
– გემრიელია, თოვლი მამა?
– კი ძალიან.
  – თოვლი საიდან მოდის?
  – ციდან.
  – ვინ უშვებს?
  –ღმერთი.
  – დედიკო, უთხარი რა, ღმერთს, რომ მცივა და ცოტა ხანს არ გვინდა თოვლი.
  –კარგი ვეტყვი.
–დედი?
– რაა?
– მამას ფეხები უჩანს!
– ფეხსაცმელი სულ დაგხევია, უნდა გამოიცვალო, – უთხრა მამას დედამ.


 

 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები