ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2010


  ჩამოტვირთვა

კესელო

გნახე და ცად ამამაღლე
ნისლ-ჯანღიანო კესელო,
მინდა მკლავები მოგხვიო,
შენს მკერდზე ჩამოვესვენო,
ციხევ, ქორებულ მზირალო,
მტრისად სიკვდილის მთესველო,
შენამდე გზები სავალი,
სევდის ცრემლებით  ვკემსეო,
ხან სიხარული ვიარგნე,
ხან ტკივილები ვმწყემსეო,
რამდენჯერ მოგწვდა ურჯულო ,
ხმალს რკინად დაეკვესეო,
რამდენჯერ დაგკრეს ლახვარი
ერთხელ არ  დაიკვნესეო,
ტყვედ წასხმულ დიაც-ბალღების,
ხომ არაფერი გსმენია?
მზე რომ იყო  და თან წვიმდა,
იმ გოგონების ცრემლია.
უცხო მიწაში დამარხულთ
დღესაც ვერ მოუსვენიათ,
ეს წვიმა მათი ტკივილით
ნადაღი გულის  წვენია.
სამშობლომონატრებულნი
მზეს მოჰყვებიან სხივებად,
ხან ნისლებს აყოლილები,
გულს გებნევიან მძივებად.
რა სევდას  ჰყვება გარმონი
შენს გულზე ნისლად ნალესი,
ზვავმა სად ჩაიტანაო
მთას შეფენილი ცხვარ-მწყემსი?
ან გაუხარელ სიყვარულს
ბოლოს რა ბედი ეწია,
თუშ ვაჟკაცს ლაღს და მხარ-ბეჭას
მტრის ციხე ვით ულეწია.
------------------------------------
აქედან ბახტრიონამდე
ლაშქარს ცხენხეთქვით უვლია,
გაუჟლეტია თათრები
ერთიან დედაწულიან,
მთვარე შუბლგახსნით ყოფილა,
ფერი არ შეუმურია,
ხილვა იმ დიდი ბრძოლისა
რა რიგად საამურია!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები