ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 აგვისტო, 2010


კარგი ჩიტები

დაფხვნილ აგურზე,
გაზონებზე და ძელსკამებზე 
თანდათანობით,
ზანტად,
ნებივრად გაწვნენ  ჩრდილები
და უცხო ჩიტი კენკავდა ნამცეცს.
აფრინდა ჩიტი
მწვანე ფოთლებში შეერია,
მერე გალობდა.

იჯდა მოხუცი,
ისიც ხისკენ იცქირებოდა
და თითქოს ვინმემ რამე ჰკითხა,
თქვა:

- სულ ასეა:
ზოგი ჟღურტულებს,
ზოგი - ღუღუნებს
ზოგი  - ჭახჭახებს;
ზოგი თეთრია,
ზოგი - შავი,
ზოგიც -  ფერადი ;
ზოგს კუდი დასთრევს,
ზოგსაც -  ამაყად აუპრეხია.
ყველანი კარგი ჩიტები ვართ,
საკენკისგან შორს არ მივფრინავთ,
ვსხედვართ ყველანი
ვეებერთელა ფუნის გორაზე,
ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები
და ასეთ ყოფას
საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ცა?!
რას დაეძებ!
თვითონ დაგდევს,
არ მოგშორდება,
და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...

წამოდგა,
ხელი ჩაიქნია
და წაფრატუნდა.

გალობდა ჩიტი,
მწვანე ფოთლებში შერეული
გალობდა ჩიტი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები