ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2010


უ ღ ე ლ ტ ე ხ ი ლ ი ( ნ ა წ ი ლ ი II )

  ყველა ღამე ცივი  იყო სვანეთის მთებში.
  კაცებმა კოცონი დაანთეს და ცეცხლთან დაგვსხეს ბავშვები. დედის გულის სითბოთი გამთბარს მიმეძინა... დილით ისევ განვაგრძეთ გზა...
  ყველაზე მძიმედ უღელტეხილზე გადასასვლელი გზა მახსენდება - ნისლი იყო, ძლივს ვარჩევდით ერთმანეთს, გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა...მთის წვერზე კარავი იყო. შიგნით შევედით. მერე მონადირეები მოვიდნენ. პური და ხორცი მოგვიტანეს. იმ ღამით კარავში ხის ფიცრებზე გვეძინა.
  მეორე დილით, შედარებით, გამოიდარა. ოდნავ ცრიდა. ისევ მომშივდა. მოულოდნელად მამამ ჯიბიდან პურის ნაჭერი ამოიღო და მომცა.
  – საიდან გაქვს? – ჰკითხა დედამ.
  – გუშინ გადავინახე ბავშვისთვის.
    გზაზე ასეთ უბედურებას გადავაწყდით - მამას შვილი მოჰკვდომოდა, მწარედ მოთქვამდა (ეს ვიდეოკადრები, ალბათ, ბევრს უნახავს) და ხელებით თხრიდა საფლავს. კაცები მივიდნენ მასთან და დაეხმარნენ. ზეწარში გაახვიეს ანგელოზისსახიანი 16 წლის ქალიშვილი და დამარხეს. იმ კაცს, როგორც ჩანს, ცოლი არ ჰყავდა - შენს მეტი არავინ მყავსო, დასტიროდა. ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, სამწუხაროდ... მრავალი ადამიანი დაიტოვა სვანეთის მიწამ ... მათ შორის, უამრავი დაუმარხავი.
  უღელტეხილი რომ გავიარეთ, სოფელ საკენში ჩავედით. ადგილობრივმა მოსახლეობამ, რათქმაუნდა, ძალ-ღონე არ დაიშურა და, რითაც შეეძლოთ, დაგვეხმარნენ.
  მესტიაში ჩასვლის შემდეგ ცოტათი ამოვისუნთქეთ. ხალხი საკვებსა და ტანსაცმელს გვაძლევდა. მამაკაცები ბავშვებივით ტიროდნენ და გადარჩენას გვილოცავდნენ. მერე სატვირთო მანქანაში ჩაგვსვეს და თბილისისკენ გამოგვიშვეს. ხალხის სიმრავლის გამო ჰაერი დაიხუთა. უცებ, ვიღაცამ დაიკივლა, ქალია ცუდად, მგონი კვდებაო...
  –ოღონდ დედა არა!– გავიფიქრე... იმ მძიმე წუთებს აღარ აღვწერ... უბრალოდ ვიტყვი, რომ იმ დღეს დედამ პირველი ინფარქტი გადაიტანა...

  *****************************************************
  აი, ასეთი სახით შემორჩა ჩემს მეხსიერებას სვანეთის უღელტეხილის ათდღიანი მტანჯველი გზა... თბილისში ჩამოსულებს სხვადასხვაგვარი რეაქცია დაგვხვდა... ზოგი აგრესიული იყო, ზოგი - არა... ახლახანს ერთმა ქალბატონმა ბრძანა (როცა დევნილებზე იყო საუბარი), რომ დაგვიბინძურეს დედაქალაქიო... მწარედ მომხვდა გულზე, მაგრამ გავჩუმდი...
  დღემდე საკუთარ ქვეყანაში დევნილის სტატუსი მაქვს... ზოგს ეშლება და ლტოლვილს მეძახის...
ვფიქრობ, ადამიანი სანამ განსაცდელს საკუთარ თავზე არ გამოცდის, სხვისი დარდისა და უბედურების აღქმა და გაზიარება უჭირს და მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს სხვის ტკივილზე. თუმცა, მე არ მესმის ადამიანთა იმ კატეგორიისა, რომელთაც შეუძლიათ სძულდეთ მოყვასი, რომელსაც 17 წელია თავის ქვეყანაში დევნილი ჰქვია.

  ****************************************************

  თოვს, ლამაზად თოვს... რა ლამაზია ლამპიონთა შუქზე თოვა, მაგრამ თოვლის ყოველ მოსვლაზე სვანეთის გზა მახსენდება... მენატრება ჩემი პატარა, ლამაზი კუთხე... ის ბავშვობა მენატრება - უდარდელი და მშვიდი...
ახლა სახლში მარტო ვზივარ ჩემს პატარა ლეკვთან ერთად და ფანჯრიდან ვუყურებთ როგორ ბარდნის... მიყვარს ჩემი პატარა ლეკვი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება ჩემი ტობის სევდიანი და ცრემლიანი თვალები...
  მინდა, ბავშვებმა არასოდეს გამოსცადონ განშორების ტკივილი - როგორიც არ უნდა იყოს იგი...

                         

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები