ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2010


ბიჭი რომ ვიყო...

ბიჭი რომ ვიყო, ვიქნებოდი ვიცი პოეტი,
ერთი ლოთი და აბნეული, გრძნობებაშლილი
და ყოველ დილით მიპოვიდნენ ალბათ გამვლელნი
ქუჩის კუთხეში, მაწანწალა, ბებერ ძაღლივით...

დაიწყებოდა სუყველა დღე ჩემთვის ლექსებით,
(ადრესატები იქნებოდნენ ოღონდ ქალები)
სხვას თუ არავის, ლექსებს მაინც ვეყვარებოდი,
სხვას თუ ვერავის, პოეზიას შევიყვარებდი...

ჩამოვუვლიდი ყოველ დილით ძველ მოგონებებს
და ღვინის ჭიქებს სათითაოდ გადავუცვლიდი,
ხომ ვიცი, ალბათ საფლავის და ლექსების გარდა,
არ მექნებოდა არაფერი ქვეყნად, კუთვნილი...

სისხლიან თვალებს სარკეს ალბათ მოვარიდებდი
და ცხოვრებასაც ვაგინებდი ხშირად თავადაც,
ასე იქნება, ეს ლექსი რომ მართალი იყოს, 
ბიჭი რომ ვიყო, მაგრამ მე ხომ ბიჭი არა ვარ?

ლიკა ოხანაშვილი
11.08.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები