ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2008


კაცი, რომელმაც მფარველი ანგელოზი დაკარგა

დღეს სამსახურში ადრე მოვილიე საქმე, თან ტელეფონები არ მუშაობდა, კაბელი იყო დაზიანებული და ვინაიდან ვერავინ ვერ შეამოწმებდა ჩემს ყოფნა-არყოფნას, ადრე წამოვედი. ქუჩაში ისე აჭერს თბილისური ივლისის პაპანაქება, ასფალტი დუღს ლამის. თავი გავარვარებულ ღუმელთან მგონია და ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ნელ-ნელა ვიწვები...  ზღვა მენატრება და ერთი სული მაქვს როდის მიილევა ივლისის უსაშველოდ გრძელი და დასიცხული დღეები, რომ მერე აგვისტოში ავიღო კუთვნილი შვებულება, ბათუმში წავიდე და ზღვასთან მივიდე ერთ წლის წინ დაპირებულ პაემანზე. თან დილით ადრე, როცა არავინ არ არის  ირგვლივ და ვინ იცის მერამდენეჯერ ავუხსნა სიყვარული...
ამ ფიქრებში გართული შევუყევი ნაძალადევში ჩემი სახლისკენ მიმავალ აღმართს, რომელიც ახლა რაღაც  ძალიან  დაგრძელდა... ხუთი საათი ხდება ალბათ - მზე დასავლისაკენ გადაიხარა, მაგრამ იმის მაგივრად ცოტა აგრილდეს, სიცხე მგონი მატულობს კიდეც. ისე ცხელა მობილურის ამოღება  და საათის გაგებაც კი დამღლელია, ერთი უბრალო მოძრაობა  ოფლად გღვრის... მივალ თუ არა სახლში ცივი შხაპი უნდა მივიღო, არა ჯერ მაცივრიდან, საყინულეში ერთი ბოთლი ლუდი მაქვს და იმას გამოვიღებ,  ნახევარს დავლევ, მერე შხაპს მივიღებ... მერე მეორე ნახევარს დავლევ და ტელევიზორში პულტით მოვნახავ კადრებს, სადაც ზღვა იქნება და დავჯდები  და ვიოცნებებ... 
  უცებ ვხედავ მოსახვევიდან კაცი გამოდის -  ალბათ 30-35 წლის იქნება... არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივ აცვია, ზოლებიანი მაისური, ჯინსის შარვალი და შავი ფეხსაცმელი, მაგრამ  ტირის... დიახ მოდის და  ტირის... თავიდან ვიფიქრე მომეჩვენა, ისე ცხელა არც ეს არ არის გასაკვირი, მირაჟი და რამე... მაგრამ არა, აშკარად ვხედავ რომ ტირის...  ღვარ-ღვარად მოდის ცრმლები...  სიმღერის არ იყოს `იმ კაცს რა ვუთხრა რომელიც, ერთხელ არ ატირებულაო~, - რომ მღერიან, გასაგებია მაგრამ ნამეტანი იყო. შუა-ქუჩაში ასე  გულამოსკვნილი მტირალი, ერთი ის ვიცი, სულიკოს რომ ეძებდნენ და ერთი ეს კაცი...
აუტანელი სიცხის მიუხედავად ჩემში ადამიანურმა გრძნობებმა გაიღვიძა, იქნებ უჭირს რამე და დავეხმარო-მეთქი.
ამასობაში კაცმა იქვე მდებარე კორპუსის წინ პატარა ფანჩატურში სიცხეს თუ დაღლილობას შეაფარა თავი და ჩამოჯდა. თან ტირილს აგრძელებს. იქნება ჩვენი დროის ტარიელია და ნესტან-დარეჯანი მოსტაცეს ქაჯებმა?! მივუახლოვდი...
-    მეგობარო, მოხდა რამე?!
ატირებულმა გამომხედა. რა შენი საქმეაო, ცრემლიან თვალებში წავუკითხე, თქმით არაფერი უთქვამს...
-  იქნებ დაგეხმაროთ  რაიმეთი... – მეც ჩამოვჯექი.
-  კარგით რა, თქვენ რითი უნდა დამეხმაროთ? – თქვა და ხელი ჩაიქნია მოწყვეტით, ანუ მოგცლიათო...
-  იქნებ და შევძლო! ვხვდები, რომ რაღაც დიდი უბედურება დაგატყდათ...
-  ხო, ეს კი მართალია, დიდი უბედურება დამატყდა...
- რა მოხდა ეს მაინც მითხარით... – ვთხოვე. უცებ ნდობა გაუჩნდა თვალებში, ამრეზით და უნდოდ აღარ მიყურებდა...
-  მე მფარველი ანგელოზი დავკარგე... – თქვა კაცმა და ისევ ღვარ-ღვარად წამოუვიდა ცრემლები.  ლამის მეც გადამედოს და ავტირდე... თან რაო? რა მითხრა? მფარველი ანგელოზიო!
-  როგორ თუ მფარველი ანგელოზი?
-  ხო...  ზუსტად...
დავიბენი. ძალიან გამიჭირდა მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა, მაგრამ ვერ დავიჯერე...
-  ვიცი არ გჯერათ! – თითქოს  ფიქრს მიმიხვდაო.
-  არა, როგორ არა, - ამებნა ენა...
-  მე მფარველი ანგელოზი მყავდა! – დაიწყო კაცმა და მივხვდი,  რომ ეს კაცი აღსარებას ამბობდა ახლა და მართლა მე ვეგულებოდი მშველელად...
-  ხო, მფარველი ანგელოზი მყავდა. აი ცოტა ხნის წინ გზაჯვარედინზე მანქანა უნდა დამჯახებოდა და იმან გააჩერა, აბა მძღოლს საერთოდ არ შევუნიშნივარ, მობილურზე ლაპარაკობდა - თვითონაც გაკვირვებული იყო, რატომ  გავჩერდიო და საერთოდ ძლივს დაძრა შემდეგ მანქანა...
ერთი კვირის წინ ბიჭებთან რომ ვსაუბრობდი მშენებარე ობიექტის ჩრდილში, რაღაც ძალამ ნაბიჯი რომ გადამადგმევინა წინ და აგური რო დაიფშვნა ჩემს უკან, ის ძალაც ჩემი მფარველი ანგელოზი იყო...
ბიჭებმა ცხვარი უნდა დაკლაო... მე თუ გადავრჩი, ცხვარმა რა დააშავა... აი, რომ გავმდიდრდები, მერე-მეთქი...
ერთი კვირის  წინ ფული დამჭირდა სასწრაფოდ. მივდივარ ტროტუარზე  და ორი ოცლარიანი (ორმოცი მჭირდებოდა ზუსტად) დავინახე ჩემს ფეხებთან დაყრილი... მე  თავიდან აღება შემრცხვა...  არა, უფრო სწორად მისაკუთრება,  რა იცი ვის დაუვარდა, ან რა იცი იმას როგორ სჭირდებოდა ის თანხა-მეთქი... მეგონა  მთელი ქვეყანა მე მიყურებდა, თუმცა რომ მივიხედ-მოვიხედე და ვერავინ შევამჩნიე ირგვლივ, მაშინ მივხდი ეს ფულიც  ჩემმა  მფარველმა  ანგელოზმა გამომიგზავა...
სოფელში, შარშან შემოდგომაზე, უზარმაზარ თხემლაზე ვიყავი ასული - ადესას ვკრეფდი.  უცებ ტოტი მომიტყდა, მაგრამ ისე მსუბუქად ჩამოვედი (ჩამოვვარდნას ვერ დავარქმევ იმას) ძირს, თითქოს ხელებით ვეჭირე ვიღაცას...  ის კი არა გიდელიც თან მომქონდა და გზა და გზა ყურძენსაც ვკრეფდი, აბა ცარიელი გიდელით ხო არ ჩამოვიდოდი იმხელა ხიდან. მაშინაც ჩემმა მფარველმა ანგელოზმა გადამარჩინა...
ორი წლის წინ ზღვაზე ტალღამ ჩამითრია, ფსკერზე დამაწვინა და ლამის გამგუდა. უცებ წყალი შემომეცალა და ჰაერი ჩავისუნთქე, მერე ძალა მოვიკრიბე და გამოვცურე. მაშინ გამიკვირდა, ალბათ ეს ყველაფერი მეჩვენება-მეთქი... ახლა ვხდები.  ესეც ჩემმა ანგელოზმა მიხსნა...
მერე რომ მიხვდი ვინც იყო, დამენახე-მეთქი... არაო, არ გჭირდება ჩემი დანახვაო... ათას რამეს იმიზეზებდა... მე კი პატარა ჭირვეული ბავშვივით ვირზე შევჯექი და ტლინკები ვყარე - დამენახე, თორემ არც შენი ორმოცლარიანები მინდა და არც ზღვაში წყლის შეკავება მეთქი...  ნეტა არ დაეჯერებინა... დამენახა...  ისე ლამაზი  იყო, ისე ლამაზი იყო, თავიდან თვალები დავხუჭე, მეჩვენება-მეთქი...
ის კი მიღიმოდა...  და უცებ სულ დამავიწყდა, რომ ის ჩემი მფარველი ანგელოზი იყო... 
ხოდა არც ვიცი საიდან მომაფიქრდა, ყურში რაღაც უნდა გითხრა-მეთქი...
გაუკვირდა... ისეთი რა უნდა მითხრა, თუ მაინც და  მაინც და ხმადაბლა თქვიო...
არა ყურში მინდა გითხრა,  ბალახმაც კი არ მინდა გაიგოს რას ვამბობ-მეთქი...
გაიცინა და...  მენდო...
მე კი...  მე კი... არ ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა...
ხო... ტუჩები ყურებთან მივუტანე...
თითქოს ბალახებმაც ნიავს აყოლილი  სიმღერა შეაჩერეს წამიერად, ნეტა რა უნდა უთხრასო...…
მე კი... მე კი...  ვაკოცე...
ასე,  მიპარვით ვაკოცე... 
სახე შეეცვალა, ღიმილი გაუქრა და დასევდიანდა...
უმშვენიერესი იყო მაინც, სევდაც უხდებოდა... და წავიდა... კარგად იყავიო და გაფრინდა... ლაჟვარდებს შეერია...
ეჰ... ადვილი სათქმელია, კარგად იყავი. როგორ ვიქნები  კარგად, როცა ის გავაბრაზე...
როგორ ვიქნები კარგად, როცა მან დამტოვა...
    მე მფარველი ანგელოზი  მყავდა... – თქვა კაცმა და ამოიოხრა და თითქოს სულ ამოაყოლა ამ ოხვრას სული და გული... 
მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ამ ამბავს ყვებოდა, დრო დრო ცრემლებსაც გადმოყრიდა. ლამის მეც ცრემლი მომერია და ბარემ ორ ხმაში ხო არ ავტირდეთ-მეთქი, ისიც კი გავიფიქრე.  როგორ ვანუგეშო?!
-  თქვენ რა იცით, იქნებ და დაბრუნდეს? – ვკითხე...
-  თქვენ ასე ფიქრობთ?! დაბრუნდება?! – დამიბრუნა კითხვა...
-  რატომაც არა. თან ხო გითხრათ, კარგად იყავითო... ე. ი. ძალიანაც არ გაბრაზებულა. მაშინ  გეტყოდა, რომ ცუდად იყავიო...
-  თქვენ რომ მისი სევდიანი თვალები გენახათ! და ამ სევდის მიზეზი მე ვიყავი!
-  არ ვიცი როგორ განუგეშოთ... მე მაინც მგონია რომ ის დაბრუნდება!
-  მართლა?! მართლა დაბრუნდება?! – მითხრა ხმამაღლა და ცრემლიან თვალებში სიხარულის ნაპერწკალი გაუკრთა...
-  კი დაბრუნდება... აუცილებლად დაბრუნდება! – ვუთხარი მე დარწმუნებით. ამ წუთში მართლა მჯეროდა რასაც ვამბობდი...
-  არა მგონია... – ისევ მოიწყინა კაცმა, სიხარულის სხივიც ჩაუქრა თვალებში და ცრემლების ახალი ნაკადის გადმოსაშვებად მოემზადა... 
-  მაინც რატო?
- როგორ თუ რატო? აი წეღან მაღაზიაში ერთი ბოთლი ცივი ლუდი მინდოდა და ნისიაზეც კი უარი მითხრეს...
-  დამელოდეთ!
... ცოტა ხნის შემდეგ სახლიდან  ყინვასავით ცივი ლუდი ჩამოვუტანე...  მადლობაო.  მე რატომ მეუბნებით მადლობას, ეს თქვენმა მფარველმა ანგელოზმა გამოგიგზავნათ-მეთქი. უნდა გენახათ როგორ შეეცვალა სახე... გაცისკროვნდა თითქოს... მართლაო? – მკითხა. კი-მეთქი... - ე. ი. არ მივუტოვებივარო? არა, არ მიუტოვებიხარ-მეთქი... კინაღამ ცეკვა დაიწყო... მერე ლუდი გახსნა და გემრიელად მოსვა...
დავემშვიდობე... სახლისკენ წავედი... თან ვფიქრობ, რა ბედნიერია ეს კაცი, მფარველი ანგელოზი ყავს და უნახავს კიდეც. საერთოდ ვიცი რომ ყველას ყავს მფარველი ანგელოზი. პირველად ცხოვრებაში ჩემს მფარველ ანგელოზზეც დავფიქრდი, ნეტა სად არის-მეთქი...
...სიცხე ისე აღარ აჭერდა თითქოს...

                                        21.07.2008 წ.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები