ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2010


ძველი წისქვილი (შოტლანდიური ფოლკლორის მოტივებზე)

ძველი წისქვილი ისევ ჭრიალებს
და ძველებურად ფქვავს.
ცოცხი ავიღე და ვგვი კუთხისკენ
ირგვლივ გაბნეულ ხვავს.

ო-ო, მეწისქვილე გასვლას აპირებს,
პირი მოუკრა ფქვილს.
მარტო დავრჩებით, მის შემოსვლამდე
თუ სათქმელი გაქვს, თქვი.

მეჩურჩულები. მერეც მოასწრებ
სავსე ტომრების ცლას.
გარეთ ისევ ცრის. რა გვენაღვლება,
რამდენიც გინდა, ცრას.

ფქვილის გემო გაქვს - ვამბობს ხმადაბლა.
რაღაც ხომ უნდა ვთქვა.
ბრუნავს და ბრუნავს,
ბრუნავს და ბრუნავს
წელქვეშ წისქვილის ქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები