ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2010


ჩხვლეტა

დაშნა,
რაპირა,
ესპადრონი,
თეთრი ჟილეტი
და ბიძაჩემის ცერგაცვეთილი ხელთათმანი,
მუჭის ფორმას
ასე საწყლად დაჩირებულიც რომ იმეორებს
და მძიმე  ნიღბის  რკინის ბადე,
გულჩაჭეჭყილი.
ჟღრიალ-ბუბუნი,-
- თითქოს ბუდეში გამოეღვიძა
სიმებაშლილ ვიოლანჩელოს...

კიდევ რამდენ ხანს შეგვენახა ეს ყველაფერი.
კიდევ რამდენ ხანს გვხსომებოდა:
,,- დგომი!
ჯდომი!
ვარდნა!
წახტომი!",
ან ბრძოლის შემდეგ
ჩალურჯებულ კიდურებზე
როგორ გასხამდით თხევად ყინულს,
ანდა ,, ეფკამონს'' - როგორ გაზელდით.

დგომი!
ჯდომი!
ვარდნა!
წახტომი!...

აღარც შენი დაზრდილები აღარ არიან.
ახლები?
რა ვთქვა!

გავყიდეთ სახლი,
აქედან ფუძის ანგელოზი გადაიკარგა.
ჩვენც - გადავზიდეთ, რაც გვჭირდებოდა,
ახალ პატრონებს  ჩვენი  წარსულის  ნარჩენებისგან
სხვენიც ხომ  უნდა გამოვუცალოთ,
მაგრამ რა ვუყოთ
ჩვენი ოჯახის მუდმივ აჩრდილებს,
ვის აურიონ სიზმარ-ცხადი ამიერიდან,
ვინ გააფრთხილონ უიმედოდ,
ხელისჩაქნევით,
დღეიდან ქეჯნა ვის მოჰგვარონ,
ვის ექომაგონ?

შენ გაუძეხი, ბიძაჩემო,
დაე,  გამოგყვნენ,
და გაიფანტონ  ოთხივ კუთხივ,
სხვებს შეერიონ,
ეს სამყარო მართლა დიდია!

გავატანთ, რასაც გაიტანენ მენაგვეები,
შენსას, - ყველაფერს გარეთ დავდებთ,
იქნება გზაზე
ალალბედად მოხეტიალე მუშკეტერმა ჩამოიაროს.

ჩხვლეტა!
არის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები