ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2010


პუდინგი შოტლანდიურად

პურის ნაჭრებზე გადავუსვა, რაც მაქვს, კარაქი,
ზედ ფენა-ფენა წავაყარო მუჭით შაქარი,
რძეში ავთქვიფო ერთი კვერცხი,
ცოტა ვანილი და ზედ დავასხა.
(თუ რძე არა მაქვს, წყალი - იმავე ოდენობის,
შიგ ჩაწურული ცოტა ლიმონიც მისწრებაა,
მაგრამ მხოლოდ წყლის შემთხვევაში).
საშუალო ცეცხლზე უნდა ვაცხო
შეწითლებამდე.

როდესაც ავად მიხდები ხოლმე,
ან ვატყობ,
როგორ გეძალება
ჩრდილოეთის ზღვის ნოსტალგია,
შენ - ცნობილ გურმანს
ამ პუდინგს გიცხობ
და შუქანთებულ ღუმელში მოჩანს
შენი პირქუში შოტლანდია
და ხმიანობენ იქაური შორი ლანდები.

აი, დამთავრდა უკვე მეორე მსოფლიო ომი,
სასტუმრო ოთახს მოყვითალოდ ანათებს ლამფა,
უკრავს ფიდელი*,
ჰარმონიკა.
მაღალი სკამი, სუფრის თავში -
- მამას ეკუთვნის,
პუდინგის პირველ,
დიდ ნაჭერსაც მას არგუნებენ,
მერე უფროსი ძმების ჯერია,
დედისთვის მუდამ ბოლო რჩება,
თუ რჩება რამე.
იმასაც, ვითომ დაივიწყებს,
ფუსფუსს განაგრძობს,
რომ ნაბოლარას მეტი ერგოს.
მე დღეს დედაშენს გეთამაშები.

ჩემი ფანჯრიდან ზღვა არ მოჩანს,
მხოლოდ მთებია,
არეულ ცაზე ეჯახება ღრუბელს - ღრუბელი,
- შტორმი იქნება, გასვლა არ ღირს -
ამბობ ,
იღიმი.

ბიძგი,
ბრაგუნი...
ეს გულია?
ჩემი თუ შენი?

არც არაფერი!

ნაოსნობიდან დაბრუნებულ,
ძრავაგამორთულ გემებს
პორტისკენ
მუდამ ასეთი გარე ბიძგებით ეზიდებიან.

-----
ფიდელი - სიმებიანი მუსიკალური ინსტრუმენტი, ვიოლინოს მსგავსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები