ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მე-დეა
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2010


ნ უ გ ე შ ი ... (ნაწილი II)

  მშობლების სიკვდილის მერე სვანეთის გზა მეორე გოლგოთა იყო ჩემთვის. საიდის ახლობლებს არ გავყევი და დამოუკიდებლად წამოვედი. შიში აღარაფრის მქონდა, ყველანი მხარში ვედექით ერთმანეთს. ყინავდა. გზაში გარდაცვლილები უპატრონოდ ეყარნენ.
ღამით ტყეში კაცებმა კოცონი დაანთეს და ირგვლივ შემოვუსხედით. წინ დიდი და რთული გზა გველოდა. ხალხი ერთმანეთს ეცნობოდა და ყველათავის გაჭირვებას ყვებოდა. ცრემლები გამიშრა . მშობლების წამება არ მშორდებოდა გონებიდან, თვალწინ მედგა ორივე... მთელი ღამე ვერ დავიძინე.გამთენიისას გზა განვაგრძეთ. 27 სექტემბერს გავიგეთ, რომ აფხაზებმა დაგვამარცხეს და გამარჯვებას ზეიმობდნენ. ზუსტად 15 დღე ვიარეთ ფეხით. ყინვა და თოვა გარდაცვლილთა რაოდენობას ზრდიდა.
ბათუმში რომ ჩავედი, ღამის ორი საათი იყო. საიდის დაწერილ მისამართზე მივედი. კარი ქალბატონმა გამიღო.
– გამარჯობა, ქალბატონო ნათია! მე ნანა მქვია. საიდმა მომცა თქვენი მისამართი და მითხრა რომ..
არ მაცალა სიტყვის დასრულება...
– შემოდი, შემოდი შილო! მომიყევი, როგორაა ჩემი საიდი...
ტიროდა. მერე სანთელი აანთო. საჭმელი გამომიტანა.
- არ მშია, ქალბატონო ნათია. მე დიდხანს არ შეგაწუხებთ, როგორც კი სამსახურს ვიშოვი, აქედან წავალ. აი, ინებეთ, საიდმა წერილი გამომატანა თქვენთან...ქალს თვალები გაუბრწყინდა, წერილი რომ მივაწოდე.
  შვილი სწერდა: ,,საყვარელო დედა, აღარ შემიძლია ამ სისასტიკის ატანა. იმედია, ეს საშინელება მალე დამთავრდება. ძალიან გთხოვ, ნანა შვილივით მიიღო და არსად გაუშვა. მორიდებული გოგოა. როგორც კი შევძლებ, მაშინვე ჩამოვალ. ძალიან მიყვარხარ და მენატრები. ნურაფრის გეშინია. გკოცნი.
                                      შენი საიდი... "
  ატირდა. შევეცადე დამეწყნარებინა, მაგრამ ამის თავიც არ მქონდა. სუსტად ვიყავი - ძალაგამოცლილი, გამოფიტული, სულიერად გატეხილი... ამ ქალბატონმა დიდი სიკეთე გამოიჩინა. შვილივით მივლიდა და მშობლების მაგივრობას მიწევდა. საიდისგან წერილებს ვიღებდით. .ჩვენც ვწერდით პასუხს. როგორღაც ვახერხებდით...ერთ წერილში მწერდა - დამელოდეო. მეც ველოდებოდი...
მერე მისი წერილები შეწყდა. ძალიან განვიცდიდი... ადგილს ვერ ვპოულობდი. გული ცუდს გვიგრძნობდა.  საიდის დედას აფხაზეთში, შვილის რამდენიმე მეგობართან კავშირი ჰქონდა, მაგრამ მათგანაც ვერაფერი შევიტყვეთ. იმედს არ ვკარგავდით. ზოგი ამბობდა, საიდი აფხაზებმა ღალატისთვის მოკლესო, ზოგი ამბობდა, უკვალოდ დაიკარგაო.
საიდის დაკარგვა მძიმე ტრაგედია იყო ჩვენთვის. სიცოცხლე აღარ მინდოდა. დამწუხრებული დედის შემყურე, ვცდილობდი მისთვის ტკივილი შემემსუბუქებინა. საკუთარ დედას ვერავინ შემიცვლიდა, მაგრამ ქალბატონი ნათია ჩემთვის მეორე დედა გახდა. პირველ რიგში, სამსახური უნდა მომეძებნა, ნათია დამეხმარა და მის ახლობელთან დავიწყე მუშაობა. თან ვსწავლობდი. საღამოობით ზღვაზე გავდიოდი, სადაც ხან დედას-მამას და ხანაც საიდს ვესაუბრებოდი ფიქრებში. მშობლიურ მიწაზე დაბრუნების იმედი არ დამიკარგავს, მაგრამ წლები გადიოდა, ჩვენ კი უფროდაუფრო ვშორდებოდით აფხაზეთს. ასე ვცხოვრობდით მე და ჩემი მეორე დედა ბათუმში. რამდენიმე წელმა გაიარა, არაფერი იცვლებოდა...ნათია მთხოვდა, შექმენი ოჯახიო, მე კი საიდის შემდეგ არავინ მინდოდა.
ერთხელ სამსახურიდან თბილისში მომიხდა გამგზავრება მივლინებით. დეკემბერი იდგა. უკან რომ ვბრუნდებოდი. მატარებელში ჩემს წინ მამა-შვილი იჯდა. გოგონა ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, ხან რას ეკითხებოდა მამას, ხან რას... ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. მე წიგნს ვკითხულობდი. ამ ახალგაზრდა კაცს რომ შევხედე, გავშრი. საიდი?.. ფერი დავკარგე და გული წამივიდა.
როცა მომასულიერეს, გოგონა, მამასთან ერთად თავს მედგა.
- როგორ გრძნობთ თავს? ხომ არაფერი გაწუხებთ? - მეკითხებოდა თანამგზავრი.
ხმა ვერ ამოვიღე.მივხვდი, რომ შევცდი... გოგონამ წყალი მომაწოდა.
- აი, დეიდა, დალიეთ და უკეთესად გახდებით! - დიდი ქალივით სერიოზული სახით მითხრა პატარამ. გამეღიმა.
- მადლობა, პატარავ! შენ რა გქვია?
- მე ანი. თქვენ?
- მე ნანა მქვია. შემდეგ მამამისთან ბოდიში მოვიხადე უხერხულობაში ჩავარდნილმა.
- არა უშავს, - მითხრა მან - რით შემიძლია, დაგეხმაროთ?.. მე ლაშა მქვია. ეს კი ანასტასიაა, უკვე გაგეცნოთ.
- ძალიან საყვარელი ბავშვი გყავთ...
- ძალიან ვუყვარვარ მამიკოს! - კმაყოფილი სახით მითხრა გოგონამ . გაგვეცინა.
-თბილისელი ბრძანდებით თუ, - დაინტერესდა ლაშა.
- იცით, მე სოხუმელი ვარ. თქვენ?
- საოცარია... მეც სოხუმელი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვანი. ახლა ბათუმში ნათესავებთან მივდივართ საახალწლოდ.
- ანი, გიყვარს ახალი წელი?
- მამიკო თუ ჩემს გვერდითაა, ყველაფერი მიყვარს. მამიკო მიყვარს...
- რა ჭკვიანი პატარა გყავთ!
- მე მგავს, - გაეღიმა ლაშას.
მინდოდა მეკითხა დედა სად არის - მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე. ანის ჩაეძინა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ.
აღმოჩნდა, რომ ლაშაც სვანეთიდან წამოსულა. რომ ანა მისი შვილი არ არის, სვანეთში იპოვა, მშობლები სოხუმშივე დაღუპვია, ბავშვი უცხო ადამიანებს წამოუყვანიათ. თავად ობოლმა ლაშამ დაობლებული გოგონა გასაზრდელად აიყვანა...
- ნანა, ვის ვგავარ ასე ძალიან? - ლაშამ ვერ მოითმინა, რომ არ ეკითხა. მოვუყევი.
მე და ლაშა ძალიან დავახლოვდით ბათუმში მისი ყოფნის დროს. ბევრი საერთო გამოვნახეთ. ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. პატარა ანი მიხვდა, რომ, მამამისის მიმართ გულგრილი არ ვიყავი და როცა ეშმაკურად შემომხედავდა, ბავშვივით ვწითლდებოდი. არ მეგონა, თუ ლაშა საიდს შემიცვლიდა, მაგრამ ძალიან მივეჩვიე. ნათიაც არ იყო წინააღმდეგი, მოსწონდა - კარგი, აღზრდილი ბიჭია, მაგრამ შენი თავი არავისთვის მემეტება შვილოო. მეც ვერ ვტოვებდი დედობილს... აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ლაშა თბილისში გაემგზავრა. ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია. როგორც კი საშუალება მომეცა, თბილისში წამოვედი. ოთხი დღით უნდა დავრჩენილიყავი - თან სამსახურის საქმე მქონდა მოსაგვარებელი. ძალიან გაუხარდათ ლაშასა და ანის ჩემი ნახვა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ორივე ძალიან მიყვარდა, გულწრფელად და უანგაროდ. მათ გვერდით გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ძვირფასი იყო, მაგრამ უკან უნდა დავბრუნებულიყავი. დამშვიდობებისას ანიმ ჩურჩულით მითხრა: ნანა დეიდა, ძალიან მიყვარხართ, მაგრამ მამიკოს ხომ არ წამართმევთო? გული დამეწვა...
- არა, ჩემო პატარა ანგელოზო, არასოდეს წაგართმევ მამიკოს! არასოდეს გაწყენინებ. ძალიან მეყვარებით ორივე. ვაკოცე და წამოვედი. თვეები გადიოდა.
  გაზაფხულზე ლაშა შეიცვალა ჩემს მიმართ - ალბათ, ვერ გაიგო, რად გავხდი თავშეკავებული... მალე ჩემი ცხოვრებიდან გაქრა, კიდევ ერთი დიდი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ არაფრის შეცვლა არ მიცდია - ობოლ გოგონას ტკივილისთვის ვერ გავიმეტებდი, ვერც მისი თვალების უნდო მზერას გავუძლებდი... მთავარია, მამა-შვილი ყოფილიყო ბედნიერი.
უფლის იმედით განვაგრძე ცხოვრება. ერთადერთი, რაც ჩემში დარჩა, დაბრუნების იმედი, საიდის მოძებნა და მშობლების საფლავის მოფერება იყო.
ერთხელ, გვიან ღამით, კარზე კაკუნი გაისმა. კარი დედამ გააღო და კივილის ხმა გავიგონე - კარებთან საიდი იდგა.
დაგვიბრუნდა. ქართველების დახმარებისთვის კინაღამ სიცოცხლით აგო პასუხი.აფხაზეთიდან ჩრდილო კავკასიაში გადახვეწილი კონტაქტზე გამოსვლას ვერ ახერხებდა და რომც მოეხერხებინა, დიდად სარისკო იქნებოდა...
ახლა სამივე ვტირით ბედნიერებისგან, მართლაც დიდია უფლის ნუგეში!...


                                                            (ბ.გ-ს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები