ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 სექტემბერი, 2010


ნაპირთან ახლოს

      "წადი ნილოსის წყლებთან, იქ ქვას იპოვნი,
      რომელსაც სული აქვს, აიღე ის, გატეხე და გული ამოაცალე,
      რადგან სამშვინელი მისი მის გულშია".
                                        ოსტანესი
                                                  ძვ.წ Iსაუკუნე

ქვის მდუმარება...
მიცვალებულებს ღამის ზეწრები
გაეფინათ შუაგულ გზებზე,
იქვე ამომშრალ ოკეანეთა
შავ ჯურღმულებში
სამყაროთა ისმოდა კვნესა...
მოუნაკლულე ის სამი დღე
ვეშაპს უწყლოდ მყოფს.
წინასწარმეტყვლის არა სჯერათ
წვიმებს და ქარებს...
და უფრორე შლეგ მოდგმას კაცთა.
წელში გადახრილ აკაციას
შევეხე ხელით...
არ დავუჯერე,
შორეული მგზავრობიდან
შინ დაბრუნებულ მამაჩემად
არ მეცნო იგი.
წყაროს პირს დავსწვდი,
ცვარნაპკური ცრემლები იყო.
ვიწრო ბილიკზე
კი იდგა მწყემსი,
ფარაგაბნეულს თაბორისკენ
ეჭირა მზერა.
მიცვალებულებმა მოიშორეს
თეთრი ზეწრები,
მოხრილი აკაცია ამოძრავდა
ჩვენს სათიბში,
ახლა უკვე მამაჩემი
იყო ნამდვილი,
წყარო დედის სილუეტად
წამოიმართა.
მირკანი იდგა...
გაზაფხულის პირველი კვირტის
ფეთქავდა უბე,
მოლოდინით დაღლილი სხივი
დავინახე, რომ
თავს ადებდა
ჰორიზონტს რბილად...
დროს რას გაუგებ....
პირველადამის დაცემამდელი
სინათლე იდგა.
ნუ ტირი, იონა...
იარე ქარების გრძელი ქარავანით,
ნუ შეჩერდები,
მტვერში გაბნეულ ფილოსოფიურ
ქვის საძებნელად იარე, მგზავრო.
ნილოსის წყალი იპკურე,
ოსირისის სისხლი თუ ისიდას ცრემლი.
ვარსკვლავებისა და ღრუბლებისაგან
ჩადრჩამოფარებულ მზეებისაკენ
საცქერლად დროს ნუ აცდენ.
ცას ხომ არავინ ვემატებით,
თუ არ ვაკლდებით.

მშლიდა სამუმი ცხელ უდაბნოში,
ქარები უცხო მსტოვრები ძრწიან,
ამ გახელებულ გლუვ სამყაროში
შეუცნობ, მაგრამ ხილვებით ჭკვიან
სიზმრებთან მქონდა მე მასლაათი
და დუმდა ჩემ წინ გაშეშებული,
დროწართმეული ქვიშის საათი.
მე უნდა მეგრძნო, რომ მქონდა სული,
მთაზე მძიმე და მსუბუქი თრთვილზე...
კლდეეები კლდეებს შემონარცხული
და აღარ ჩანდა ნუგეშად იქ მზე.
ნაპირთან ახლო, ვით ლოდქვეშ ხარო,
გული მზემქრალი _ არჩივი შენი,
ხან გზას გავღმუი, ხან ისე ვხარობ,
თითქოს ჩიტივით შემსხმია ფრთენი.
არც დასაწყისი, არც დასასრული,
ნილოსის წყლების ღელვიდან იშვი,
სადა ხარ, მგზავრო, სამყაროს სული
ბეხრეკ მიწაზე ცაცხცახებს შიშით...
                                                  2006წელი






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები