ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2008


მიპატიებია


ალბათ შენს ეზოში ახლა იებია
ზიხარ და თვალებით სამყაროს აბერებ
მიპატიებია, მიპატიებია,
მიპატიებია დღემდე ყველაფერი

მიპატიებია შენთვის უჩვეულო,
სიცრუე თვალებში ფარვით რომ ბრიალებს,
რომ ცდილობ დამალო და მაინც ვპოულობ
დაცემის თოვლივით ცივ ინიციალებს.

მიპატიებია, როგორმე ავიტან,
რა ვქნა, თუ ყველაფერს ფეხებით შედექი.
ოდესღაც ყველანი ვიწყებით თავიდან
ჩვენივე დაშვებულ, შეცდომის შედეგად

ალბათ შენს ეზოში ახლა იებია
მიპატიებია... მიპატიებია...



დუბლინი


ეთერშია: დუბლინი

როდესაც არ წვიმს,
უეჭველად აპირებს წვიმას,
დადიან ქოლგები...
უქოლგოებს,
იშვიათად სადმე წააწყდეთ,
დადიან ქოლგები...

ეთერშია: დუბლინი

ქალაქი სადაც ადვილია
უვარსკვლავებოდ
ქალაქი სადაც ადვილია
შეხვდე მრავალჯერ,
ყველა ენაზე მოსაუბრე
გადასარევად
ილუსტრირებულ ბურუსებში
მცხოვრებ დარაჯებს.

ეთერშია: დუბლინი
წვიმა,
რომელიც არასოდეს გასველებს ისე,
რომ ჩამოიღო ყავარჯენზე შემდგარ უფლიდან,
ქოლგა,
რომელიც დაგავიწყდა მეგობარს მისცე.

ეთერშია: დუბლინი

როდესაც არ წვიმს,
უეჭველად აპირებს
წვიმას.




არაფერი


არაფერი, არაფერზე, არაფერი მეტი,
სიყვარული-სიყვარულზე ღრმად რომ განგვიმარტეს...
ადგება და არაფერზე, მოგაძახებს კრეტინს,
მეზობელი აივნიდან გადამხტარი მარტი

არავისთან არავიზე, არავისი წყენა
წაუღია შენი ჭირიც, მიკვდომია ძაღლი,
საფლავში თუ საფლავს მიღმა ძალათ მემარცხენე,
არაფერი არაფერზე, არაფერი მაღლა,

არ დგას, არა დამიჯერე, ილუზია ნიღბავს,
ასე ძლიერ ნუ ენდობი ილუზიის ნაღმებს,
არაფერი დამიჯერე, არაფერის მიღმა
ყველაფერი ჩამოჭკნა და ყველაფერი გახმა.

სიმარტოვე-სიმარტოვის სიმარტივით ღეჭვა,
რომ ეს ხალვაც, არაფერი გარდა მხოლოდ ხალვის,
ძველ ლამბაქზე დადებული, რამე იყოს ვეჭვობ
სიგარეტიც-სიმარტოვის სიმარტივით ღალვა.

როცა მართლა არაფერი, "არაფერზე" მწყობრი
არ არსებობს! არსებობის არსებული განცდა,
გეუფლება უძილობის უცილობელ მცხოვრებს,
რომ საზღვარი, მოთმინების ყველა საზღვარს გასცდა.

არაფერი... არაფერი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები