ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2010


ALANINO - FOR SALE *

სიგიჟე იყო თავიდანვე ამისი ყიდვა.
წლები გადის და ხარჯის მეტი არაფერია.
ჟანგი მაშინვე ედებოდა,
ძრავის პრობლემაც -
- ძველ პატრონებს არ დაუმალავთ,
მაგრამ მეფურად განათებულ სხვა იახტებში
იმ საღამოთი ისე იდგა,
შორი ზღაპრიდან მოფრენილი ციცქნა ჩიტივით,
ისე შვენოდა მაკაგონის გემბანი და მოაჯირები,
და შენც ისე თქვი,
ძვირი სულაც არ არისო,
თავს შეინახავს,
თუ მოცურავე კაფეს გავხსნითო,
სიამოვნება, თან - ბიზნესი,
სხვა რა გვინდოდა
ახლადშერთულ შეყვარებულებს!

შემოდგომობით,
როცა ადანას სასტუმროების ფასი ეცემა,
ხოლო რესტორნის მეპატრონენი
ვაშლის ჩაითი
ქუჩა-ქუჩა დასდევენ კლიენტს,
ჩვენ ამ ადგილას დავსეირნობთ ბოლო პუნქტამდე.
პორტის ნაპირზე,
სადაც ვარდები ისევ ხარობს ათასფერადი,
ვსხედვართ მარტონი,
ღრმად ვისუნთქავთ მობერილ ჰაერს,
ტალღების ხმაში ძველებურად ერთმანეთს ვისმენთ.
და შევცქერით,
როგორ თანდათან გვიხუნდება
ლურჯი სახელი ALANINO,
დიდ, თეთრ ნაჭერზე
ისევ ღუის წითლად - FOR SALE .

ეს რაღა ხმაა?
აქ ეს წყვილი საიდან გაჩნდა,
ან რა იციან  ჩვენი თამაში:

- ამას შეხედე, რა ანძა აქვს!
- ამ სპორტულს გჩუქნი, არა, იმას!
- ვაი, გემია თუ სასახლე  - ექვსი სართული!
- აი, ის გემიც შენი  იყოს!
ხმელთაშუაზღვაც,
ოკეანეც.
- ოო, ეგ ცოტაა!
მე - სულ პატარა,
პაწაწინა,
სულ ერთთვლიანი...
აქ, სხვათა შორის, საუკეთესო ოქროულია.

წამო,
წავიდეთ,
დღეს მათი იყოს ეს ყველაფერი!
ხვალ უთენია ამ ერთხელაც
(ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ)
გავიდეთ ზღვაში!

- - - - - - - - -
*ALANINO - საკუთარ სახელთა  - ალანი  და ნინო კონტამინაციის გზით შედგენილი  ახალი სიტყვა. 
FOR SALE - (ინგლ.) - გასაყიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები