ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2010


ცეკვავდა კაბა...

ცეკვავდა კაბა,
ემოცია ხსნიდა ღილ-კილოს,
კაცის პერანგი
კაბის სურნელს ტანზე იკრავდა.
თითქოს ორივე უყურებდა
ერთად იმ კინოს,
სხვისი ცოლი რომ შეიყვარა
უცებ სხვის ქმარმა...
ცეკვავდა კაბა,
შარი-შური ჰქონდათ ნაოჭებს,
კალთები კანკალს გადასცემდნენ
თითქოს მუხლებსაც.
კაბის დეკოლტე ვნებამ
ცხელი მზერით ამოჭრა
და მერე ხელი შემოხვია
წელზე უხეშად.
ცეკვავდა კაბა,
ფრიალებდა კალთა ქარივით,
გულწასულივით დაეფინა
შარვლის ტოტებს და...
კაბაზე ლაქას მოაყარა
ქალმა მარილი,
თავდავიწყების მელოდია
შეწყდა როდესაც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები