ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
4 ოქტომბერი, 2010


წყალმა არ წაგშალოს იეროგლიფივით...

დააჩნდა მზის სხივებს სიყვითლე გვირილის,
ტყეა და სილურჯეს თვალს აჩვევ რაც უფრო,
სიცოცხლე, რომელიც არაფრად მიღირდა,
ლამის დღეს შლეგურმა აზრებმა დათოფონ.

და სახიფათოა თან მაინც თამაშობ,
ძელზე სვამ სინდისსაც გრძნობების ურდოში.
შენ აქ ხარ, სულ ახლოს და ისე დგახარ შორს,
გსურს, მზერას სადავე ბოლომდე მიუშვა.

ჩაგვაკვდა ხელებში ეს დღე და  ეს არის...
დავბრუნდეთ ქალაქში ვიდრე ჯერ ატყვია
ტანს სველი სიგრილე, გვირილებს ცის ნამი..
ვიცი, დამნაშავე ივნისის ხვატია...

მზე გამოგვეპარა ტყიდან და ქალაქში
გამგუდავს სპაზმები, ჰაერის მათხოვარს.
ან იქნებ  მეგონოს სიზმარში ნანახი
ღამემ რაც ჩვენგან და ჩვენიდან დატოვა.

ბალახის სურნელად მზე შემრჩა სხეულზე,
არ ვიცვლი, გაუხდელს, სამოსად ვიფერებ.
პირსაც არ დავიბან  მე დღეს, რომ მზე უცებ,
წყალმა არ წაშალოს იეროგლიფივით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები