ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2010


ქარისა

რა გემართება?
ნუ ხარ-მეთქი, ქარო, სასტიკი.
ვეღარ მიცანი? -
- ის, ვინც გაგენდო
ცივ ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილი,
როგორ უნდოდა,
რომ შენსავით
ქვეყანაზე ყოფილიყო და არც ყოფილიყო;
რომ არავისგან
აღარასოდეს
არაფერი აღარ სტკენოდა;
ყველა კუთხეში შეეღწია,
ყველა კუნჭულში,
ჩუმად ესმინა
გულახდილი ჩურჩულებისთვის
და იმ ერთისთვის
ურჩ თმაზე ხელიც გადაესვა,
შემოხვეოდა თავისუფლად,
ასე,
შენსავით....

აი, ქარო, ეს სადარბაზოც,
შეყვარებულებს
მაშინ სულზე რომ მოგვისწარი
და ისე ძლიერ წამოუბერე,
შემორბენილნი
სულს ვერ ვითქვამდით
ერთმანეთში ჩარინდებამდე.


ო, როგორ გინდა,
რომ ყველაფერს მოეპოტინო,
შიგ შეაღწიო,
არსი გაუგო!
ყვავილებს გვირგვინს შემოაცლი,
რომ
შიშველი ბუტკოები
ზეცას მიაპყრონ;
კოცონს დაითრევ წითელი თმებით,
ცაში ღრუბლებს დააწიოკებ.
ხეებს და სახლებს,
ცხოველებს და ადამიანებს,
რად გინდა,
ფრენა ძალით ასწავლო.

ასე ვინ იცის 
ქვეყანაზე ყველა სულდგმული,
ყველა საგანი,
ვის უნდა ყველას ატაცება თუ აღტაცება!

შენ არა ხარ ის სუსტი სიოც,
გავარვარებულ ბიბილოს რომ შეაჟრიალებს
და ნიჟარაში
სასიყვარულო ჩურჩულად რომ ახმიანდება
ან მომაკვდავის
პირთან მიტანილ სარკეზე რომ იმედს აორთქლებს?!

მითხარი,
მაინც სად იწყები,
სად იბადები:
ზესკნელებში?
ღმერთის ფილტვებში?
შენ ხარ უფლის ამონასუნთქი?
რა სიტყვა მოგაქვს?
ან რა მოგაქვს?
ჩემთან დარჩები?

ვერ დარჩები!

შენ ხომ არსებობ. ვიდრე დაქრი,
როგორც მდინარე - ვიდრე დის და
როგორც ცეცხლი - ვიდრე ანთია,
როგორც ხმა - ვიდრე გაილევა,
ანდა ეს ლექსი
ვიდრე ვინმეს ემახსოვრება.


1986-2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები