ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ი ლ ტ ო ს პ ი რ ე ლ ი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2010


კვადრატი - გეომეტრიული ფიგურაა...

დიდი გული აქვს,
იმდენად დიდი,
რომ:
ცდილობს მასში იმისი სიყვარულიც კი დაატიოს,
ვისაც ჩემი არ სწამას,
ვისაც ჩემი არ ესმის,
ვისაც ჩემი სიტყვა ჩირადაც კი არ უღირს,
ვისაც ჩემი ქნარი არაფრად მიაჩნია...
ვისაც... ვისაც...

მე კი უბრალო მესათხევლე ვარ,
რომელსაც ხელში
ადამიანების გრძნობათა გამოსაცნობი ბადე მიჭირავს და
უტყუარი, შეუმცდარი ალღოთი ვისვრი,
ვაღებ, ვხედავ, ვკითხულობ
მათი სულების, ემოციების, მისწრაფებების მიმართულებას,
ვაკვირდები ადრესატს,
როგორც დიაფრაგმას ექიმი,
და, ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი გამომეპარება...

ნუთუ მართლა ზედმეტი ვარ?!.
მაგრამ ეს ხომ უკვე აღარ არის კლასიკური სამკუთხედი?..

უნდა ვთქვა:
რამდენადმე ავანტიურისტული ბუნებისაა,
ან იქნებ რისკიანიც კი...

მას უყვარს საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშთან თამაში...
მას უყვარს ახალ-ახალი განცდებისა და ემოციების მოპოვება...

აი, ახლაც ახალი თამაში წამოუწყია:

კლასიკური სამკუთხედი აღარ აკმაყოფილებს
და ცდილობს,
ურთიერთლტოლვის აქსიომაში ნოუ-ჰაუ შემოიტანოს -
კვადრატი -
რომელშიც ოთხი ცვლადი იქნება:
A, B, C, D...
ამათგან პირველი - A - თავად
                                B - ის, ვინც უკვე ფრჩხილებშია,
                                C - მე, ძველი
                                D - ის, ახალი...

მაგრამ ვერ ხვდება, რომ:
ასე შეიძლება ყველაზე დიდი და
მთავარი -
გ უ ლ წ რ ფ ე ლ ი  ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი -
დაკარგოს,
რომელიც ასე იშვიათი და
ძნელადსაპოვნი გამხდარა ამ ცრუდაპირებათა სამყაროში...

ოჰ, ღმერთო, ღმერთო,
ნუთუ ეს ლექსი ჩემი სიყვარულის ეპიტაფიაა?!.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები