ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირმა შიოლაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ოქტომბერი, 2010


ქალები

ქალები
(ბელას)

სიყვარულისთვის დაიბადნენ-მაგრამ გაწბილდნენ-
ქალები-ასე ლამაზები, ასე საღები
ბრმა და სულელი ცხოვრება კი დგას და ამოწმებს
ძველი ჭინჭები გზაზე როდის გაუსაღდება
სიყვარულისთვის დაიბადნენ-მაგრამ, შეხედე, 
ცხოვრებას გონჯი მზერის მეტი არცრა მოუჩანს
ძველი ხონჩიდან, ხელში ასე ხარბად რომ ბღუჯავს,
დავიწყებია ყველაფერი, რაც კი ასწავლეს
სინატიფეზე, მტვრით სავსე აქვს თორმეტი უჯრა,
ხოლო ქალები-ლამაზები და ერთგულები
საკუთარ თავის-
უჯრას ხსნიან გულის კანკალით
და გაწბილებულ და დამტვერილ ხელისგულებით
იხევენ უკან და ცდილობენ სულის ნაკვალევს
რაღაცნაირად აარიდონ ძველი ტალახი
ან უფრო სწორედ, ტალახიან ფეხის შეხება...
იბრძვიან ისე, როგორც ესმით, როგორც ისწავლეს-
ათასი ჭრელი სიტყვითა და ჭრელი ხერხებით.

პირველ რიგში ცდილობენ, რომ სწორად იცხოვრონ.

---------------------
ისიც ასეა-ჩემი ბავშვობის მეგობარი-
ჩემი საღი და გონიერი სკოლის დობილი-
იბრძვის, სულში ცისფერი რომ გადაირჩინოს.
თუმცა, ხცოვრება, ასე ბრიყვი, ასე შიშველი
და მაინც ბრძენი-სწორ ნაბიჯებს რას აპატიებს,
მუხლებთან ცეცხლის კარვებს უდგამს-რომ დააჩოქოს.
ბრიალებენ კარვის ზურგთან სიტყვის ენები
და იწვის ძველი თილისმები-
ის კი ანთია.
თუმცა კი, გული ნახშირით აქვს ამოვსებული.
და გულის კოვზზე სცივა გოგოს-ცისფერბაფთიანს.

იქ კი, მეორე ქუჩის ბოლოს, მტვრიან ფანჯრებთან
დგანან ცხოვრების ერთგულები, ნებიერები
და უმზერენ ცეცხლის კარავს აუღელვებლად
და ცრემლის ნაცვლად თვალებიდან შური გადმოსდით-
ალბათ ქუჩას გადმოჭრიდნენ, ჯვარს გააკრავდნენ
სიარული ასე რომ არ ეზარებოდეთ.


------------------

განა არ  იცის, რომ გაწირეს,  განა არ ახსოვს,
როგორ სტკიოდა მკერდთან ზეცა, ტერფთან იები,
მაგრამ, ქარს მაინც აგებებდა მშვენიერ სახეს,
წვიმის დროს მაინც ივიწყებდა უპატიებელს

და წერდა ლექსებს და დღიურებს ნატიფი ხელით
მაინც უყვარდა და მკლავებზე გამოყრილ სიზმარს 
იდებდა თავქვეშ და ღამეებს სიცოცხლისხელას
დამტვერილ ქუჩას აფარებდა დაფჩენილ პირზე.

--------------
ახლაც,  ქუჩაში როცა დადის- არაფერს იმჩნევს,
ლამაზია, ბრწყინვალე და უბერებელი.
გამვლელებმა არ იციან, რას დაატარებს.

მე თვალს ვადევნებ და ვერ ვხვდები,
ბრმა ცხოვრებამ ასე რატომ აითვალწუნა,
რატომ ვერასდროს აპატია სიცოცხლის ნიჭი
და სინატიფე
და ცხოვრების ნიჭის არქონა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები