ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 ოქტომბერი, 2010


თვალი - გახვრეტილ ჭიპზე, ანუ Occasio praeceps



ქალაქში ერთი გოგო დადის,
მოუჩანს წელი,
გახვრეტილ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი,
გაღიმებისას ეჩვრიტება ლოყები, ხოლო
თვალები ისე მუქად უელავს, -
- ქილიდან ახლად ამოღებული ზეთისხილივით...

ვაითუ მიცნოს,
შემაჩეროს და ვერ გავექცე,
ვაითუ ვეღარ დავემალო ჯანდაბის იქით,
ჰოდა, თავს დავხრი,
ვითომ ჩანთაში ვიქექები
და ვიპარები,
მაგრამ სიზმრებში,
სწორედ იმწუთას,
როდესაც ვხარობ,
რომ კოშმარიდან სამშვიდობოს გამოვაღწიე,
უზარმაზარი,
გარუჯული,
შიშველი ზურგით მიახლოვდება,
თვალდახელშუა პატარავდება
და დაკრუნჩხული
ჩემს მკლავებში
წევს გაუნძრევლად ლურჯზე ლურჯი.
ვკბენ ნეკათითზე გამწარებით,
არ მოდის სისხლი,
თითების მაშით ვექაჩები სლიპინა ენას,
რომ სასულეზე არ დაეცოს,
ავრბივარ უცხო კიბეებზე,
თავდება კიბე,
არ ჩანს ექიმი,
არ ჩანს დედა.
ისმის კივილი უნუგეშო
და მე ვმრისხანებ,
ღმერთო ჩემო, როგორ ვმრისხანებ!
მზად ვარ,
ჩემივე ხელით მოვკლა ეს არამზადა,
სიკვდილს რომ ბედავს,
მოვკლა ათასჯერ,
ოღონდ ამ ერთხელ,
ერთადერთხელ გადავარჩინო.

როდესაც ბავშვი ამოასუნთქეს,
დავხუჭე თვალი,
გავიპარე და ვნეტარებდი,
ვნეტარებდი დაუსრულებლად,
ვიდრე ვიგრძენი ყბაში ვიღაცის მწარე ლაწანი.

რა ჭირად მოვხვდი,
ნეტა, იმ ზაფხულს ამათ მეზობლად,
რა ბედად მოვხვდი!

გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია.

ეს კი, შეხედეთ,
როგორ მოდის დღის სინათლეში! -
მოუჩანს ჭიპი,
ჭიპზე – თვალი,
თვალში - მზის სხივი...
უცნაურია, მხრებს რატომღა ხრის,
რატომღა ცდილობს,
მკლავთა ბუდეში
წამოჩიტული წყვილი ბარტყი თბილად ჩამალოს...

ჩემი თვალი - ქვის ქვეშ!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები