ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2010


მყივანა ყორნები...

სალუდეს შეყრილან
მყივანა ყორნები,
ღრეობენ... 
და ხმაში იგზნება  ხანძარი;
კარებთან მომდგარა
ნაცემი ძაღლივით,
უსწორფროდ სათრევი,
ჯანჯალი  ზამთარი.
გულის ცეცხლს ვერ აქრობს
ლუდი და არაყი,
ნეტავ რა სწყურიათ
ბახუსის ზიარებს,
თვალთაგან აფრქვევენ 
დაჩხრეკილ  ნაკვერჩხალს,
საჩაჩქნე თავებში
რა ცეცხლი ბრიალებს?
ფოცხვერის კბილებით
ჯიხვის მწვადს წიწკნიან,
ცვრიან მწვადს  უხდება
ყანწების  ტრიალი  ,
ჭერხოს ქვეშ, 
შეჭვარტლულ დირეზე
ჰკიდია ხარჯიხვი მთლიანი.
ბერდია კვიმატობს,
უშიშას  ახელებს,
ყავარა კბილებით
მზეს აფრქვევს ვნებიანს,
უნაბი უღვივის
ნალუდარ ბაგეზე,
ყორნები თანდათან,
  ნელ-ნელა  თვრებიან.
ფიცხდება სისხლი და 
წამწამთა მზისფერი
სხივებად ფახულობს
თვალების ტატნობზე,
ღრეობის მორევში
მცურავი ყორნები
უფრო მეტ ცეცხლსა და
ნაღვერდალს ნატრობენ.
მინდიას  წარბებთან
ჭაკატი დაუსვამს,
ნეტავ,  რას ჩმახავენ 
ეს ჩემი  სწორები?
ჭიუხთა დამლაშქრავ
ჯირკვალა ბარძაყებს
უმშვენებს  ბობღია,
დათვური ტორები!
ავაზას ჩამოჰგავს
თვალცეცხლა შეთეკა,
მკერდების სილაღეს 
სამოსი ვერ ფარავს,
ხელდება ღრეობა,
დამთვრალან ყორნები,
იცლება ყანწები,
ტორტმანებს ქვეყანა.
მთვარეს დაადევნეს
მგლის ჯოგთა ყმუილი,
გულები იმჯიღეს,
ისევდეს  ფარულად,
კედელზე ბინდბუნდში
ჯაჭვი და ჩაჩქანი
წარსულის ლანდებად
უხმოდ მოპარულან.
სალუდეს შეყრილან
მყივანა ყორნები,
ღრეობენ... 
და ხმაში იგზნება  ხანძარი;
კარებთან მომდგარა
ნაცემი ძაღლივით,
უსწორფროდ სათრევი,
ჯანჯალი  ზამთარი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები