ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2010


დაკარგული ნივთები

          რკინიგზის სადგური... მატარებელი გაჩერდა და განიტვირთა მგზავრებისგან... ახალგაზრდა კაცი სწრაფი ნაბიჯით შეუდგა ნაცნობ ქუჩას. იგი რამოდენიმე თვის წინ გაექცა ამ ქალაქს საავადმყოფოს პერსონალთან და პაციენტებთან ერთად. მათი ავტობუსი ქუჩის ბოლოში იყო მისული... საავადმყოფოს გუმბათი ბუშტივით გასკდა და დაიმსხვრა, დაბომბვა 2 საათს გაგრძელა, რაც საკმარისი აღმოჩდა იმისთვის, რომ პატარა ქალაქი ნაგავსაყრელს დამსგავსებოდა. ახალგაზრდა კაცი სევდის გასაქარწყლებლად დაბრუნდა ქალაქში და საავადმყოფოს შენობისკენ მიიჩქაროდა.
          შორიდან  საავადმყოფოს მაღალი გისოსები გამოჩნდა, მეტალის დეტალები, დაგრეხილნი და დაწნულნი ულამაზეს ფიგურებს რთავდნენ, ამ მომხიბლავ გეომეტრიაში მწვანე ფოთლები იყო ჩაწნული. ალაყაფის კარზე გაბზარული აბრა ეკიდა - “ფსიქიატრიული საავადმყოფო”. ეზო - მწვანე მდელო, ბილიკებით და მოსასვენებელი ხის სკამებით იყო მორთული. უძველეს შენობას გუმბათის გარეშე იერი დაეკარგა. მისთვის გუმბათი არა მარტო შენობის იერსახის დამაგვირგვინებელ დეტალს წარმოადგენდა... ბოლოს სწორედ ამ გუმბათზე ნახა ყმაწვილმა ციცი, დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე, აქედან გადადგა ნაბიჯი ციციმ... მან გადადგა ნაბიჯი, რასაც დაუჯერებელი ამბავი მოყვა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ის ჰაერში გაჩერდა... არც ძირს ეცემოდა... არც ცისკენ მიექანებოდა, მართალია გუმბათი საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ აშკარად ჩანდა, რომ ციცის  საყრდენი ფეხქვეშ აღარ ჰქონდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს დედამიწამ რამდენიმე წუთით უარი თქვა გრავიტაციის კანონებზე. ეს ამბავი დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ვინ წარმოიდგენდა, რომ სამ დღეში ომი დაიწყებოდა...
          ახალგაზრდა უთავო შენობაში შევიდა, კედელზე ფურცელი იყო გამოკრული “დაკარგული ნივთები”, ზედ დატანილი ისარი სარდაფისკენ იყო მიმართული. კიბის საფეხურები სიბნელეში იკარგებოდა. ყმაწვილმა ნაცნობი კიბე სწრაფად ჩაირბინა. ერთერთ კარზე კვლავ ფურცელი ეკიდა, იგივე ტექსტით: 
                                                “დაკარგული ნივთების ოთახი”.
          თაროებზე მრავალი ნივთი იდო: სამედიცინო თუ საყოფაცხოვრებო საგნები, ექიმებისა თუ პაციენტების სამოსი, მაგიდაზე რამდენიმე რვეული და საქაღალდე მტვერს დაეფარა, ახალგაზრდას ყურადღება ხელნაწერებმა მიიპყრო.

- დაკარგული ნივთები -
მწვანე ცალხაზიანი რვეული.
მიხეილის ჩანაწერები
3 სექტემბერი... პალატა N9
            სისტემა - მზის. პლანეტა – დედამიწა. დღეს მზეს ზუსტად მეოცედ შემოუარე... ვულოცავ საკუთარ თავს. თუმცა მოსალოცი დიდი არაფერია, რეკორდი ვიღაც ჩინელს ეკუთვნის, იძახიან 120 წლის არისო. მე რეკორდი არც მჭირდება, დღესვე სიამოვნებით ვიტყოდი: გააჩერეთ მე აქ ჩამოვდივარ თქო... მაგრამ ის მაინც ტრიალებს... არ ვიცი, კიდევ რამდენი წრე უნდა დავარტყა მზეს?... მოკლედ 21-ე წრეზე წავედი, მზის სისტემას ვერაფრით ვერ  გავცდი...
          ლოგინიდან წამოვდექი და ჩვეული მარშრუტი შევასრულე... კოლიდორი, საპირფარეშო, კოლიდორი... წამლების სუნმა ფილტვები ამომივსო. ექიმების ოთახის კართან შევჩერდი, კარი ოდნავ ღია იყო, იქ ახალგაზრდა გოგო შევნიშნე, ოთახიდან ექიმი გამოვიდა და საწყობისკენ გაემართა. საწყობიდან თეთრ ხალათს თუ მოუტანს სტუმარს, მაშინ ეს ქალბატონი მკურნალი ექიმი იქნება, ჩვენთან დიდხანს ვერ გაძლებს და გაიქცევა. თუ ზოლიან ხალათს ჩააცმევენ, დიდი ხნით მოუწევს აქ დარჩენა...
          კაბინეტში ზარის ხმა გაისმა, ექიმი კი არსად ჩანდა, ზარი არ წყდებოდა. სამკურნალოა თუ მკურნალი?.. ვფიქრობდი ჩემთვის და ოდნავ შეღებულ კარიდან გოგონას ვაკვირდებოდი, ის ძალიან ლამაზი იყო, ზარით გაღიზიანებულმა გოგომ ღრმად დაიწყო სუნთქვა, თვალებს ნერვიულად აცეცებდა, ბოლოს ყურმილს წვდა და...
      თქვენ არასწორედ აკრიფეთ ნომერი...
      თქვენ არასწორედ გადაწვით სოფელი...
      თქვენ არასწორედ შეიკრიჭეთ თმა...
      კეთილი ინებეთ ჩაიწყვიტეთ ხმა...     
  ყურმილი დადო, გამომხედა და გაიღიმა... მომეწონა... ყბა ჩამომივარდა, პალატაში დავბრუნდი. სამკურნალოა თუ მკურნალი, თეთრი ხალათი? თუ ზოლიანი?..

4 სექტემბერი...
გავიღვიძე. ნანემსარი ოდნავ მტკივა. დერეფანში გავედი, გოგონას ზოლიანი ხალათი ძალზედ უხდებოდა... გავიცანი, ციცი ქვია, გული აწუხებს თურმე ბავშვობიდან. თანაც ლექსებს წერს, პოეტესა ყოფილა. მითხრა მზის გარშემო 17 წრეზე მეტი არ დამირტყავსო, პონტია, იკლებს წლებს, ქალებს ეგეთები ევასებათ, მახსოვს მეცხრამეტე წრეზე როგორ დამიაბგონა...
ეზოში ყოფნისას სულ მისკენ გამირბოდა თვალები, ვცდილობდი არ შეემჩნია. ვუყურებდი და ვგრძნობდი რაღაც უცნაურ სიამოვნებას...
თითქოს დიდიხანია ვიცნობდი...
ალბათ წინა ცხოვრებაში მისი ქმარი ვიყავი და არ ახსოვს...

7 სექტემბერი...
გათენდა... ისევ იმ პალატით ვცდილობ მზის სისტემას გავცდე...
ამაოდ, მზის მიზიდულობა იმაზე ძლიერი ყოფილა ვიდრე მე მეგონა. კიდევ ერთი სენი შემეყარა...
სხვა საავადმყოფოში რომ მიეყვანათ გადავრჩებოდი. მისი ლამაზი ღიმილი დიდ ენერგიას მართმევს, თვალები კი ისეთი სევდიანი აქვს და მეტყველი როგორიც... როგორიც ალბათ პოეტებს უნდა ჰქონდეთ.
ნახვა მინდება...
რომ დავინახავ, ვიმალები...
მინდა ველაპარაკო, მივუახლოვდები და ყველაფერი მავიწყდება...
გაბრუებული ვარ, ეს რა დამემართა... 
ვიდრე მოიყვანდნენ რა კარგად ვიყავი, მე კიდევ ეს მინდოდა, ერთი შეხედვით ჩამომიგდო ყბა...
ექიმს რომ ვკითხო?.. იქნებ რამე ნემსი გამიკეთოს და გამიაროს?..
არა.. არა, ექიმს უნდა დაუმალო, არ უნდა შევიმჩნიო.
    პალატაში ტრადიციული შემოვლისას ექიმმა წნევა გამისინჯა. დიდხანს მიყურებდა გამადიდებელი შუშით თვალებში, უძილობისგან გამოწვეული სიწითლე შემამჩნია, შევჩივლე სარდაფიდან წყლის ხმა ისმის და იმიტომ არ მეძინება მეთქი.
- მალე ამ ძველ შენობას დაანგრევენ და ახალში გადაგვიყვანენო.
მიპასუხა ექიმმა და პალატიდან გავიდა. ღამით მაინც არ დაანგრიონ, არ მიყვარს ძილის დროს მტვერი რომ მეყრება თავზე.
წამლების მიღების დრომ მოაწია. დერეფანში ფეხის ხმა გაისმა, ექთანი ზუსტად 19 ნაბიჯს აკეთებს ჩემ პალატამდე...
17, 18, 19, 20, 21...
ექთანი არ ყოფილა, გვერდითი პალატის ბინადარი მოვიდა. იარაღის დაშლის ხმა ისმის... ვიძახდი სნაიპერია მეთქი. ლეწავდა ვინმეს ტყვიას...
დროდადრო გადის ხოლმე საავადმყოფოდან, ნაღდი ისპალნიტელია, საქმეს გააკეთებს და ბრუნდება...
კიდევ ერთი გატრუპა, არადა რა ალიბი აქვს..  ფსიხბალნიცა, ვერავინ იფიქრებს...
17, 18, 19...
ექთანი მოვიდა, ნემსი დუნდულა კუნთებში და ძილი...
8 სექტემბერი... პალატა N9
გათენდა. ისევ ის მზე ამოვიდა, დედამიწა დედაა ჩემი, მამა არ მყავს. დღე ხმაურით დაიწყო. ციცი ექიმის პალატაში კივილით შევარდა, მას ოთახში თაგვი ენახა. დიდხანს ვერ წყნარდებოდა. ექიმი შეპირდა;
- თუ დაწყნარდები, შენს  ლექსს  დიდი სიამოვნებით მოვისმენო.
ციცი დაწყნარდა და ექიმს კითხა;
- საიდან იცით ახალი ლექსი რომ მაქვს?
- ვიცი... აბა, რა არ უნდა ვიცოდე?
დაუბრუნა კითხვა ექიმმა.
- დღეს დავწერე, ლექსს “ტრანსპლანტაცია” ქვია

          გულის ტკივილო და გულის სევდავ
          ხვალ აღარ შეგაწუხებ დედას გეფიცები.
          ჩემს გულში ლამაზი ავანთე სანთლები
          გულო მეტს რაღას მთხოვ, ან რას მემართლები,
          ხვალ დილით ორივე ნარკოზით დავთვრებით
          ექიმმა ინება ჩაექრო სანთლები.
          გათენდა დილა სიკეთის იმედად,
          ექიმმა გული გადამინერგა.
          პლასტმასის ხუფი მაქვს სისხლძარღვთა იმედად
          პლასტმასის ხუფი მექანიზებული...
          “გული მიწაში გაქვს”, თავს ყვავი დამჩხავის,
          ვიცი ნაგავშია სუსტ გულთა საფლავი,
          ჩემს მკერდში პლასტმასის ხუფი ჩაასვენეს,
          პლასტმასის ხუფი, რეზინის კლაპანი...
          ყვავი თავს მაბეზრებს და ისევ დამჩხავის;
          “მკერდში შეგეზრდება ყინულის საფარი,
          ვერც მზე ვერ გაადნობს, ვერც დედის ზღაპარი
          შენს მკერდს ჩაასვენეს მუდმივი ზამთარი
          სამას წელს იცოცხლებ ასე ცოცხალმკვდარი”
          ჩემს გულში ყინულის აინთო სანთლები,
          ყვავო შენ რას მერჩი ან რას მემართლები.
          როს გული მტკიოდა სიცოცხლე მინდოდა,
          გული აღარ მტკივა ამიხდა ოცნება,
          გული აღარ მტკივა სიკვდილი მომინდა...

ლექსის დამთავრებისთანავე ციცის ტირილი აუვარდა.
- მიშველე ექიმო, თაგვების მეშინია, მკურნალო მიშველე რამე...
ციცი ნემსმა დააწყნარა.
12 სექტემბერი...
გალაქტიკა იგივე, სისტემა მზის, პლანეტა რომელია... ხომ არ შეგვიცვლია?.. ა... დედამიწა? ძალიან კარგი. მთელი ღამე რატომ არ მეძინა? ნანემსარი არ მტკივა... მაინც არ მეძინა, მე მგონი იმ ლექსის გამო, “ტრანსპლანტაცია”...
ადრე მეც ვცდილობდი ლექსის წერას, მერე თავი დავანებე, არაფერი გამომივიდა?... ხომ არ შემშურდა “პოეტესასი”?..
ოდნავ?..
სულ ცოტათი მაინც ა...?
შური... რა შური ბიჭო, შენ ხომ არ გძმარავს, მე, “მიმიქარავს МУМУ”-ს  ავტორს ვისი რა უნდა შემშურდეს, ტუალეტში ყოველ შესვლაზე ვწერ ეგეთ ლექსს, მაგრამ ხალხში კი არ ვაბაზრებ ძმაო...
                      “მიმიქარავს МУМУ”
სათადარიგო სათაური “ამ ბოლო დროს ვატყობ... რომ სხვებიც მატყობენ...”
              ჯიბეში გარდერობის მიდევს გასაღები,
              გარდერობში მაცივარი,
              მაცივარში თბილი გაზაფხული...
              გაზაფხულზე ახალ ჯინსებს მიყიდის მამაჩემი,
              ჯინსებს გარდერობის მოყვება გასაღები,
              გარდერობში მაცივარი
              მაცივარში...…
რას იტყვი? მიმიქარავს МУМУ  блин  ამ ბოლოდროს ვაფრენ და სხვებიც მატყობენ... ცხვირზე უნდა ავაფარო დეგენერატ პოეტესას, აზრზე იყოს სად მოვიდა, ჩვენც დაგვიწერია რაღაც რაღაცეები, მაგრამ კი არ ვბლატაობთ ძმაო...
მოვიდა და ლექსაობს... ვატყობ ახალგაზრდა ექიმთან უნდა ცოლაობა და თავს აწონება. ეგ პლაგიატი ეგ...
აღარ მევასება...
მორჩა... პოეტესა კი არა მოზამბიკელი ძროხაა, არ მიყვარს დავამთავრე ამაზე ფიქრი, იმ ენერგიას, რომელსაც მისი ლამაზი ღიმილი მართმევდა, მზის სისტემიდან გასაღწევად გამოვიყენებ... ასე აჯობებს...
15 სექტემბერი...
მთელი ღამე არ მეძინა, ეტყობა მიყვარს, მიყვარს ძააააააალიან
არ ვიცი როგორ ვუთხრა...
რო გაეცინოს?..
ან უარი რომ მითხრას?..
რა ვქნა...
ტყვილა გავცხარდი მის ლექსებზე... პირიქით, კარგია რომ წერს... მან ლექსები წეროს მე დაუბეჭდავ...
გამოვჯანმრთელდები საავადმყოფოდან გამწერენ, ექიმი გავხდები და ავადმყოფ გულს მე გადაუნერგავ...
ექიმი რომ ვერ გავხდე?..
მე ეგეთიც მიყვარს როგორიცაა...

- დაკარგული ნივთები -
ინვენტარიზაციის რვეული.
ფსიქიატრიული საავადმყოფოს მნე - გიორგი მამასახლისი.

დღეს საავადმყოფოს ინვენტარს კიდევ ერთი ნივთი გამოაკლდა...
დაამტვრიეს, ნივთის ჩამოსაწერად მომხდარის დეტალურად აღწერა და აქტის შედგენაა დამევალა.
18 სექტემბერს 10 საათზე საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ქალბატონმა ნესტანმა დამიბარა და მითხრა:
- პაციენტებმა რომ დაიძინეს, შემოვლა გავაკეთე. ყველაზე საინტერესო მიხეილის დღიური გამოდგა... საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს, ვიდრე კიდევ უფრო გართულებულა, უნდა ავღკვეთოთ... საღამოს საერთო კრებისთვის დარბაზი მომიმზადე...
მითხრა და საწყობისკენ გაემართა ხელში წითელი ნათურა ეჭირა. კრებას ყველა ავადმყოფი ესწრებოდა. დარბაზის ცენტრში მთავარ ექიმს ცელოფანგადაკრული ყუთის ფორმის რაღაც ნივთი დაედო, თავზე წითელი და ყვითელი ნათურები ეკეთა, ხოლო გვერდებიდან ორი გრძელი მავთული მოუჩანდა, რომლებიც მაჯაზე შემოსახვევი პატარა ქამრებით ბოლოვდებოდნენ. ექიმი ყველას მოგვესალმა.
- მოგახსენებთ, რომ საავადმყოფოს გარეთ მცხოვრები ადამიანები, ხანდახან აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთ ეიფორიულ მდგომარეობაში, რომელსაც სიყვარული ქვია. ისიც კარგად იცით რომ საავადმყოფოს შიდა განაწესის მიხედვით, ჩვენი ტერიტორია აკრძალული ზონაა ასეთი გრძნობებისათვის. მინდა გკითხოთ, ჩვენთან ხომ არ არის ვინმე ასეთი სენით შეპყრობილი... ანუ შეყვარებული?..
პაციენტებმა უარის ნიშნად თავი გააქნიეს.
- თუ ვინმე მოიტყუება, მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს...…
თქვა ექიმმა და პაციენტებს გადახედა. ხმას არავინ არ იღებდა. განაგრძო:
- ვინაიდან აღნიშნული დაავადება ასუსტებს და ავნებს ადამიანს, ამიტომ მეცნიერებმა შექმნეს აპარატი, რომელიც აფიქსირებს ადრეულ, ჯერ კიდევ შეუმჩნეველ სტადიაში, ჩასახულ ამ გრძნობას, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ. ის აფიქსირებს ადამიანის შეყვარებულ გულს. ეს აპარატი თქვენ თვალწინაა. აგიხსნით მისი მუშაობის პრინციპს: პაციენტი მაჯაზე იკეთებს სენსორებიან სამაჯურს და თვალებში უყურებს საწინააღმდეგო სქესის ადამიანს. სენსორები აფიქსირებენ, შეყვარებული ადამიანის მომატებულ პულსს, გულისცემას, წნევის დაცემას ან მატებას, აღნიშნულ მონაცემებს გადასცემს აპარატში მოთავსებულ ცენტრალურ სისტემას, პროცესი ნათურის ანთებით გვირგვინდება. რაც იმის მაუწყებელია, რომ ადამიანი შეყვარებულია... ახლა ყველამ უნდა გავიაროთ აღნიშნული პროცედურა. მამაკაცები რიგრიგობით გაიკეთებენ სამაჯურს და ჩახედავენ თვალებში... დავიწყოთ ციცისგან.
ექიმს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, მიხეილი ფეხზე წამოდგა და დერეფნისკენ გაემართა. მას ექთნები დაედევნენ, ძალით შემოათრიეს დარბაზში და სკამზე დასვეს.
- მიხეილ რა ხდება, ახსენი შენი საქციელი?
მიმართა ექიმმა.
- დანადგარი არ მინდა...
- მაშინ ისე მოყევი?
- რა? რა უნდა მოვყვე?
- თავი ასწიე, ჩახედე თვალებში ციცის და მოყევი...
მიხეილმა თავი ძლივს ასწია, შეხედა თვალებში ციცის, გაწითლდა, ყბა ჩამოუვარდა, ხელით გაისწორა.
- ყბას ხელი გაუშვი და უთხარი რომ გიყვარს, მის დანახვაზე ყბა რომ გივარდება და ყველაფერი გავიწყდება, რომ გენატრება მაგრამ ემალები...
მიხეილმა თავი ქვევით ჩასწია, ოდნავ ქანაობდა, თან  ჩურჩულებდა:…
- ტყუილია, ტყუილი ეს არავინ იცის...
- მაშინ გაიკეთე სამაჯური!.. მიხეილ შენ დაისჯები, ხომ იცოდი რომ ჩვენს დაწესებულებაში ასეთი რამეები აკრძალულია. მეორე დანაშაული კი ისაა, რომ შენ იტყუები, არავინ მიყვარსო...
სასჯელის სახეს როგორც ყოველთვის კრება გადაწყვეტს. ვის რა წინადადება გაქვთ, თქვენი მოსაზრებები ფურცელზე შეგიძლიათ დაწეროთ და მომაწოდოთ. შეგახსენებთ, რაც უფრო დამამცირებელი იქნება სასჯელი, მით უფრო კარგ შედეგს მივიღებთ, გრძნობის გაქრობას ვგულისხმობ.
რამდენიმე პაციენტმა ფურცელი მიაწოდა ექიმს. იგი ჩუმად კითხულობდა და იღიმებოდა. შემდეგ ციცის გადახედა.
- თქვენც უნდა მოგვაწოდოთ თქვენი აზრი, აქ ასეთი წესია. შიდაგანაწესს ნუ დაარღვევთ. ვიდრე ყველა ჩამოყალიბდებით, მე შემოსული წერილებიდან ყველაზე დამამცირებელს წაგიკითხავთ.
ამასობაში მიხეილი ექიმებს დაუსხლტა, სკამი აიღო და სენსორებიან დანადგარს რამდენიმეჯერ დაარტყა, დანადგარი შუაზე გადასკდა... შიგ სიცარიელე სუფევდა... არანაირი ელექტრო მოწყობილობები... არანაირი სენსორები... მიხეილი გაშტერდა... ჩვენს წინაშე დამტვრეული სამზარეულოს კომოდი ეგდო...
- “პა...პა...ლა...ტამ”...
დაიძახა მთავარმა ექიმმა. ექთნებმა პაციენტები პალატებში მიაცილეს. მე მოთბინების ფიალა ამევსო და ექიმს მივვარდი:
- ეს რა ქენი? რა ჩაიდინე? ადამიანური შეგრჩენია რამე თუ არა? როგორ არ გრცხვენია, რა უდიერად ეპყრობი საავადმყოფოს ინვენტარს? ამ ჭურჭლის კამოდზე კარგი კარადა არც არა გვქონდა რა... მორჩა დაიკარგა ნივთი, დაიშალა აღარ აღდგება...
ექიმი კაბინეტისკენ  წავიდა, თან ჩაილაპარაკა:
- ჩამოწერე.
კომოდის დამტვრეული ნაწილები სანაგვეზე გადავყარე. აქტი შევადგინე:
”ჩამოიწერა ორთაროიანი ჭურჭლის კომოდი, ნივთის პირადი ნომერი 212”  …… 

- დაკარგული ნივთები -             
სამედიცინო კომისიის დასკვნა, ავადმყოფ N28-ის  ციცი დადიანის ჯანმრთელობის შესახებ. ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი  ნესტან მანჯგალაძე.

        პაციენტის სახით აშკარაა რომ საქმე გვაქვს პარანოიდული შიზოფრენიის დაავადებასთან. რაც მტკიცდება როგორც სხვადასხვა ფიზიოლოგიური ანალიზის საშუალებით, ასევე მასთან უშუალო კონტაქტით, ურთიერთობით, საქციელზე დაკვირვებით და მისი ხელნაწერების შესწავლით. რაც აშკარას ხდის მისი გონების გადახრას სტანდარტულიდან არატრადიციული აზროვნებისკენ. მის ხელნაწერებში მრავლადაა გაუაზრებელი ფრაზები, აზრები... მიმართვის ადრესატი ზოგ შემთხვევაში დაუდგენელია, არ არსებული... მაგალითად, მისი აკვიატებული წერილები არ არსებულ დედას (წერილები სამედიცინო დასკვნას თან ერთვის).
მის წერილებში მრავლადაა გაუგებარი და ნორმალური-სტანდარტული აზროვნებიდან გადახრილი ადამიანისთვის დამახასიათებელი წინადადებები, რაც შიზოფრენიისა და მანიაკალური აკვიატების აშკარა ნიშანია.
        მას დედა არასდროს უნახავს, იგი აღიზარდა უპატრონო ბავშვთა სახლში 1 თვის ასაკიდან. მას აქვს თანდაყოლილი გულის მანკი. მისი ფანტაზიები არ ჯდება ნორმალურ ადამიანის ჩარჩოებში, რაც გვაძლევს მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს - შიზოფრენიის აქტიური ფორმა.
                                                    დასკვნა
          არ იქნას გაწერილი საავადმყოფოდან, გაუგრძელდეს მკურნალობის კურსი 2 წლით. ასევე სასურველია მას აეკრძალოს ურთიერთობა მიხეილთან, ვინაიდან “პარანოია და სიყვარული” ეს კოქტეილი დამღუპველია ადამიანის გონებისთვის. ასეთი გრძნობა თუნდაც ე.წ. პლატონურ დონეზე ხელს უშლის მკურნალობას. სამედიცინო პრაქტიკა გვასწავლის, რომ სიყვარულის გრძნობის დაბადების პარალელურად ადამიანის ტვინში იწყებს აქტიურობას ნაცრისფერი ნივთიერება და თუ კი შეყვარებულ ადამიანი სიყვარულში რაიმე წინააღმდეგობას აწყდება, ნაცრისფერი ნივთიერების გადმოღვრა ათმაგდება... ედება მრავალ სხვა უჯრედს, წამლავს მათ... აბრუებს პაციენტს... რაც საბოლოო ჯამში ხელს უშლის მკურნალობას. ამასთან ერთად ის სხვა ავადმყოფებისთვისაც საშიშია, მართალია ეს სენი არ ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, მაგრამ გადამდებია ეთერული სივრცით...  ეს პროცესი პლუს პარანოიით დაავადება ფატალური შედეგის მომტანია, მედიცინა ეწინააღმდეგება მოვლენათა მსგავს განვითარებას და რეკომენდაციას იძლევა შეჩერებულ იქნას აღნიშნული გრძნობა საწყის ეტაპზე, ამისთვის საჭიროა ჩატარდეს სათანადო პრევენცია. (დასკვნას თან ერთვის ავადმყოფ ციცი დადიანის ჩანაწერები).

დასკვნის დანართი.
ციცი დადიანის ჩანაწერები, წერილი დედას.

დედა... საავადმყოფოში კომისია განიხილავს ჩემი გაწერის საკითხს, შეიძლება გამწერონ საავადმყოფოდან, კომისიის თავჯდომარემ ქალბატონმა ნესტან მანჯგალაძემ გამსინჯა, რაღაც-რაღაცეები მკითხა, ბევრი მელაპარაკა... მე უთხარი რომ ჯანმრთელი ვარ. ექიმი უცნაური ადამიანია, უემოციო, სამეცნიერო შრომას წერს და მე ალბათ იმ შრომისთვის საჭირო ობიექტი ვარ, რომლითაც მას სამეცნიერო ხარისხს მიანიჭებენ...
ნეტა გამწეროს საავადმყოფოდან...
მოკლედ... დე, მე მის  დასკვნას ველოდები, ალბათ გამწერს...
მთავარია რომ მის კითხვებს სწორედ ვუპასუხე და ამის იმედი მაქვს. ბევრი კითხვა დამისვა, ყველაზე ადვილს მოგიყვები, მან მკითხა:
- იცი თუ არა საქართველოში უძველესი ჩონჩხები რომ აღმოაჩინეს?
დიახ ვუპასუხე. სახელებიც კი უთხარი - ზეზვა და მზია.
- რას მეტყვი, როგორ გაარჩიეს რომელი იყო ქალი და რომელი კაცი?
ეს ძალიან ადვილი კითხვა იყო გამეღიმა და ვუპასუხე...
- მზიას პერანგს ღილები მარცხნივ ექნებოდა მიკერებული, ზეზვას მარჯვნივ.
დე, ხომ სწორედ ვუპასუხე, ასე რომ გამომწერენ... გამომწერენ და გნახავ. არ ინერვიულო. მე სხვა რამეზე უფრო მეტად ვფიქრობ,…გახსოვს როგორ მინდოდა მოციგურავე გამოვსულიყავი?..
ხო გახსოვს?..
მე ხომ დავდიოდი ციგურებზე... დღევანდელი დღესავით მახსოვს:
განათებული ხალხით სავსე დარბაზი...
ყინულის თეთრი საფარი...
მუსიკა... და წავედი... წრეზე, ახტომისთვის ვემზადები, ხელები ოდნავ განზე მაქვს, “ზადნით” მივცურავ “ზადნით”... მოკლე კაბა მიფრიალებს, ვარდისფერი საცვალი მიჩანს... მოციგურავისთვის საცვლის გამოჩენა სირცხვილი არ არის?... არა, არ არის, ის ხომ სპორცმენია, “ზადნით” მივსრიალებ...… მარჯვენა ტრიბუნას ჩავუქროლე, დარბაზი გაისუსა, მაყურებლები გულის სიღრმეში იძახდნენ - ახტი ციცი, ახტი... ჩავუქროლე მსაჯებს, მათ თვალებში ჩემი საცვლის წითელმა ფერმა გაიელვა, ჩავუქროლე მარცხენა ტრიბუნას... კამერებს... კამერით ჩემი სამშობლო მიყურებდა და გუგუნებდა - ახტი ციცი, ახტი...  სხვა ქვეყნებიდანაც მადევნებდნენ თვალს, პლანეტაზე ხმადაბლა ისმოდა - ახტი ციცი, ახტი ციცი... მე კი ცენტრისკენ მივსრიალებდი, წრე ნელნელა მცირდებოდა, ამასობაში დრო გადიოდა, გაისუსა სამყარო...  ჩანჩქერებმა სვლა შეანელეს...  ირემმა ირემს ბალახი მიაწოდა, მან არ გამოართვა... მე მიყურებდა...  ბანკის მძარცველები და პოლიციელები ერთ წამს შეჩერდნენ და გაინაბნენ...…
მე წრის რადიუსი შევამოკლე, ცენტრს მიუახლოვდი, სიჩქარე შევამცირე, შევჩერდი და ოდნავ შევხტი... სულ ოდნავ... რომ არ დავცემულიყავი...  დავხტი, ფეხზე ვიდექი... არ დავცემულვარ დედა... ტაში მოწყდა ტრიბუნებს, მსაჯებმა ამოისუნთქეს, შეჩერებული ჩანჩქერები სულ უფრო ძლიერად ეხეთქებოდნენ ერთმანეთს, ბანკის მძარცველებმა და პოლიციელებმა იარაღი დაყარეს, ფული გაიყვეს და დიდხანს ცხოვრობდნენ ბედნიერად, ირემმა ირემს ბალახი გამოართვა მას ეგონა რომ ჩემი გამოსვლა ამით დამთავრებული იყო... მაგრამ ამაოდ... სწორედ მაშინ მოვიდა ის... მოსრიალდა, მოციგურავდა, საზიზღარი, სრულყოფილი, ციგურებ ალესილი, მოგვირგვინდა, მოცარტდა ცეკვა-ცეკვით, ველური, საყვარელი, თავხედი, თავისი ძლიერი ხელებით ჩამეჭიდა და მიმიკრო მკერდზე... ოოოოოო... რა ბედნიერი ვიყავი იმ წამს, ყურში ჩამჩურჩულა ყველაფერი კარგად იქნებაო... და შემომტყორცნა... სადღაც ზევით პროჟექტორებისკენ, შიშისგან ვარსკვლავებმა ციციმი შეწყვიტეს, დედამიწის ღერძი გადაიხარა, მაყურებლებმა ფოტოაპარატები ააციმციმეს, მათკენ წითელ ტრიკოში გახვეული მეტეორი მიქროდა და თან ტრიალებდა როგორც ტორნადო... არა უფრო მაგრა ვიდრე ტორნადო, ტორნადოებს შერცხვათ ჩემი სისწრაფის შემხედვარე, უკუსვლით დაიწყეს ტრიალი და თუ რამ ქონდათ დანგრეული ყველაფერი აღადგინეს, აღდგნენ სოფლები და ქალაქები, ოკეანეებიდან ჩაძირული გემები და თვითმფრინავები ამოიზარდნენ... ხავსმოკიდებულ რკინის გოლიათებს ზღვის  წყალი წვეთებად ჩამოედინებოდათ, მაგრამ ეს არ იყო ცრემლები, იმ დღეს არავინ ტიროდა, ის ჩემი სიხარულის დღე იყო...
ძირს დავიხედე ის იქ აღარ იდგა... მე კი... მე... დედას რა უთხრა, არადა სულ ერთხელ... ყველაფერი კარგათ იქნებაო... თვითონ კი გაქრა... არ დაუჯეროთ მამაკაცებს... დედა კი მეტყვის - როგორ დაეცი?..
დავეცი? არა არა არ დავცემულვარ. ცოტა ხანს ვტრიალებდი ნეტარებით, თავი სიზმარში მეგონა... ბედნიერი ვიყავი, არ მივაქციე ყურადღება იმას, რომ ის როგორც მოსრიალდა, ისე წასრიალდა ცეკვა-ცეკვით... ნაგავი... საყვარელი... წაყალბდა, გაქრა... და მაინც არ დავცემულვარ...
ისე უბრალოდ, ერთ ტოტზე აღმოვჩნდი... ჩიტები დაფრთხნენ და სხვა ხეზე გადაფრინდნენ. ხის ძირში წვერებიანი კაცი იჯდა, მსაჯი მეგონა, მან ფურცელი ასწია, ვიფიქრე ჩემი სრიალი უნდა შეაფასოს მეთქი, მაგრამ იქ ციფრები არ ეწერა... კარგად დავაკვირდი...
  “გაზაფხულის საღამოა მშვიდი
  ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.”
დე, განა ეს დაცემაა?
გალაქტიკა გალაქტიონს უსმენს.
ქვებს ნუ მესვრით,
ნუ დამარჭობთ ლურსმებს.
არაფერია დე, შენც ხომ იყავი ახალგაზრდა? მეც ხომ უნდა გავხდე დედა?.. მალე გნახავ... მოვალ... გავთავისუფლდები... გამომწერენ... ან ჩამომწერენ და შენთან მოვალ... შენ ხომ გიყვარვარ დე?

                                                                              * * *

  გრძნობებ მოძალებულმა ახალგაზრდა კაცმა, დღიურების კითხვას თავი დაანება, ციცის წერილები ჯიბეში ჩაიდო, დაკარგული ნივთების ოთახი დატოვა.  ყმაწვილის ყურადღება დარბაზის წარწერამ მიიპყრო. “სასამართლო დარბაზი” ეწერა კარს, რომელშიც ის შევედი და ბოლო რიგში ჩამოჯდა,
- გთხოვთ ფეხზე ადგეთ მოსამართლე მოდის!
გაისმა ხმა, დარბაზში მოსამართლე შემოვიდა.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე – განიხილება საქმე „შავი ღრუბელი დედამიწის წინააღმდეგ“. სიტყვა ეძლევა ბრალმდებელს.
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - პატივცემულო მოსამართლე, პატივცემულო საზოგადოებავ. საქმის არსი ძალზედ მარტივი და უბრალოა. ყოველი ჩვენგანი ვალდებულია შეასრულოს თავისი მოვალეობა, არნახული ფაქტის წინაშე დავდექით, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა დედამიწამ ერთ-ერთ ეპიზოდში უარი თქვა თავის  უმნიშვნელოვანეს მოვალეობაზე, მიზიდულობის ძალაზე და მაშინ როდესაც მოქალაქე ციცი დადიანმა, საავადმყოფოს შენობის გუმბათიდან გადადგა ნაბიჯი, იგი არ დაეცა დედამიწაზე, დაირღვა გრავიტაციის კანონი. რაც დასჯადია.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე - ბრალდების არსი გასაგებია, რას გვეტყვის დაცვის მხარე.
დ ა ც ვ ა (თეთრი ღრუბელი) - ბატონო მოსამართლე, პატივცემულო საზოგადოებავ, ჩემს დაცვის ქვეშ მყოფ პლანეტას არანაირი კანონი არ დაურღვევია. ციცის  გუმბათიდან ნაბიჯის გადადგმის ფაქტს მრავალი ადამიანი ესწრებოდა დედამიწას გრავიტაციის ძალას რომ არ ემოქმედა ეს ხალხი მოწყდებოდა მიწას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. შესაბამისად ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. 
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე - კი მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ციცი ახლაც ღრუბლებში დადის?
დ ა ც ვ ა - მოგახსენებთ, იმისთვის რომ დედამიწამ თავისკენ მიიზიდოს რაიმე ნივთი, ან ცოცხალი არსება საჭიროა ერთი მარტივი რამ, ამ უკანასკნელს უნდა გააჩნდეს სიმძიმე, მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებს კავშირი სახელწოდებით გრავიტაცია. წარმოდგენილ ადამიანს კი აღარაფერი აკავშირებს დედამიწასთან, გადახედეთ მის ცხოვრების ეპიზოდებს, ყველა ეპიზოდში თავისუფლად შეგიძლიათ ჩაწეროთ: “წარუმატებლობა... არა... უარი ეთქვა... მიატოვეს... არ შემდგარი ...”
ის მსუბუქია, იმაზე მსუბუქი ვიდრე გრავიტაციის კანონი ითხოვს. პლანეტას არ ძალუძს მისი მიზიდვა, ეს აღემატება მის ძალებს.
მ ბ რ ა ლ მ დ ე ბ ე ლ ი - ნება მომეცით არ დავეთანხმო, დაცვის ამ აბსურდულ მსჯელობას, თუ ასეთი მსუბუქია, რატომ არ გასცდა ღრუბლებს და არ აიჭრა პლანეტისგან შორს, როგორც ცნობილია ის ღრუბლების ტერიტორიაზე იმყოფება, ფაქტია მას რაღაც აკავებს, ესე იგი აქვს სიმძიმე და თუ დედამიწა მას მიიზიდავს ის უნდა დაენარცხოს და გაანთავისუფლოს ღრუბლების ტერიტორია.
და ც ვ ა - ერთადერთი რაც მას აკავებს არის სიყვარული, ეს გრძნობა შეიცავს გარკვეული სიმძიმეს,  მაგრამ ეს სიმძიმე არც ისეთი დიდია,  რომ პლანეტამ მიწამდე მიიზიდოს და არც ისეთი მსუბუქი, რომ მას სრულად დაშორდეს.
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - ეს აბსურდია, მე დეტალურად შევისწავლე ამ ადამიანის ბიოგრაფია, არანაირი სიყვარული, აკი დაცვის მხარემ ახლახან განაცხადა რომ ციცი ყველაფერში ხელმოცარული იყო, ყველაფერზე უარი ეთქვა...
დ ა ც ვ ა - მიხეილი, ეს არის ადამიანი რომელსაც უყვარდა ის და მასაც უყვარდა იგი. ეს არის შეუმდგარი სიყვარული... არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები, ვგულისხმობ მათ ჩანაწერებს.
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - არა და არა, მათ არანაირი კავშირი არ ჰქონიათ... ვიმეორებ მე კარგად გავეცანი ამ საქმეს, ისინი სულ ცოტა ხნით იყვნენ სამკურნალო დაწესებულებაში, და მხოლოდ დღიურებში აღწერდნენ რაღაც უაზრობას, ამას ეძახით თქვენ სიყვარულს? პლატონურს? თუ ვირტუალურს?.. რა სისულელეა ჩვენს ეპოქაში როდესაც გლობალური პრობლემების წინაშე აღმოვჩდით, ორი ადამიანის რაღაც ფარატინა ქაღალდებით ვარჩიოთ საქმე, ამისთვის გვცალია, როდესაც სითბური გაზები გვიტევს და გლობალური დათბობის წინაში ვდგევართ, ატმოსფერო ტენითაა სავსე, გამუდმებული წვიმები წყალდიდობებით გვემუქრება, იქნებ ესეც შეუმდგარი სიყვარულით ახსნათ?
დ ა ც ვ ა - სამწუხაროდ კოლეგავ, თქვენ მართალი ბრძანდებით, გლობალური დათბობის ერთერთი მიზეზი შეუმდგარი სიყვარულის სიმრავლეა... დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, მასზე მომხდარი, ცრემლი, განშორება, სევდა აისახება მის ბუნებაზე... განა არ გაგონებთ წვიმა ცრემლებს...
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - როგორც ყველა თეთრი ღრუბელი, თქვენც არ ეშვებით რომანტიზმს, კოლეგავ იყავით უფრო პრაგმატული, რა სისულელეებს ბოდავთ, და საერთოდ რატომ გვცემს ყველაფერზე პასუხს დაცვა? სადაა თავად ბრალდებული?
მინდა მას ვკითხო: რატომ დნები დედამიწავ? შემთხვევით შენც შეყვარებული ხომ არ ხარ?... (იცინის)
დ ა ც ვ ა - ვაპროტესტებ, ეს კითხვები არ ეხება მიმდინარე საქმეს.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე - გთხოვთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. რაც შეეხება კითხვას,  სად არის ბრალდებული დედამიწა? არასწორედაა დასმული ვინაიდან ჩვენ თავად ვიმყოფებით დედამიწაზე.  მას არ შეუძლია ლაპარაკი ამიტომ დაცვის მხარე აღჭურვილია სრული უფლებით გაგვცეს მის მაგივრად პასუხი. პროტესტი მიღებულია, გთხოვთ მიმდინარე პროცეზზე დასმულ საკითხს დაუბრუნდეთ.
განაჩენის გამოტანამდე თქვენ გეძლევათ ბოლო სიტყვა.
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი  - პატივცემულო მოსამართლე, პატივცემულო საზოგადოებავ, არანაირი მიზეზით არ უნდა დაირღვეს კანონი, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიცაა კანონი გრავიტაციის შესახებ, თუ ჩვენ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, ხალხი შერჩევით სამართლის განხორციელებაში დაგვადანაშაულებს. როგორ შეიძლება ერთ შემთხვევაში სიმაღლიდან გადმოვარდნილ ადამიანზე მოქმედებს გრავიტაციის ძალა და ის ენარცხებოდეს მიწას, მეორე შემთხვევაში კი ის თურმე არ მოქმედებს. ჩვენ ვდგევართ კანონის დარღვევის აშკარა ფაქტის წინაშე, დაცვამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი გარდა დღიურებისა, არანაირად არ არის დამაჯერებელი არგუმენტი, რაღაც ფარატინა ქაღალდები, რომელიც  ვირტუალურ სიყვარულზე მოგვითხრობს, ჯერ სიყვარული რა არის და მერე ისიც ვირტუალური? ეს ქაღალდები შეიძლება საერთოდ არც აღწერდეს სინამდვილეს, არ არსებობს არცერთი მოწმე, მათი თუნდაც ვირტუალური სიყვარულის. ასე რომ ბატონო მსაჯულნო, კანონდარღვევა აშკარაა. მჯერა თქვენი სამართლიანი განაჩენის.
დ ა ც ვ ა - კოლეგავ მიკვირს როგორ ვთანაარსებობთ ერთ სივრცეში... სხვა გზა არ არის, რადგან ასე შეგვქმნეს და ერთმანეთი უნდა ავიტანოთ...
პატივცემულო მსაჯულებო მბრალდებელი მოითხოვს მოწმეს, ვინაიდან იცის რომ ვირტუალურ სიყვარულს უმეტესწილად მოწმეები არ ჰყავს... ვინაიდან ეს არის დაფარული, დამარხული სიყვარული...
შეუძლებელია ასეთი მოწმის არსებობა თუ არა თავად მონაწილე ამ სიყვარულის. მინდა მოგახსენოთ, რომ პროცესს ესწრება მიხეილი, რომელმაც ჯერ დაკარგულ ნივთების ოთახს მიაკითხა, შემდეგ კი ჩვენ შემოგვიერთდა.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე - თუ დარბაზში მართლაც იმყოფება ადამიანი, სახელად მიხეილი, გთხოვთ ახლოს მობრძანდეთ.
ბოლო სკამზე მჯდარი ყმაწვილი წამოდგა და მოსამართლესთან მივიდა.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე  - ეს თქვენ ხართ მიხეილი, რომელიც იმ სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა მკურნალობის კურსს, სადაც იყო გოგონა სახელით ციცი?
მ ი ხ ე ი ლ ი - დიახ მე ვარ.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე - რა ურთიერთობა გქონდა მასთან.
მ ი ხ ე ი ლ ი -  მეგობრული ურთიერთობა.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე - რას გულისხმობთ მეგობრულში? შეიძლება თუ არა თქვენს ურთიერთობას ვუწოდოთ ინტიმური?
მიხეილი დუმდა საჯაროდ მისი შინაგანი სამყაროზე საუბარი გონებას უბნევდა. რა აუცილებელია ამის თქმა, ფიქრობდა იგი და დარბაზში მჯდომთ თვალებით უსვავდა იგივე კითხვას.
დ ა ც ვ ა - მიხეილ, შენს პასუხზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, გთხოვ მოიკრიფო ძალა, ეს აუცილებელია!
მ ი ხ ე ი ლ ი - მე განვიკურნე...
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - რა სიყვარული ავადმყოფობაა? (იცინის)
მ ი ხ ე ი ლ ი -  სამედიცინო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ მე განვიკურნე და დაუბრუნდი ჩვეული ცხოვრების რითმს. ერთადერთი რაც გამომყვა საავადმყოფოდან...
სიყვარულისგან ვერ განვიკურნე...
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - ე.ი. სიყვარული მაინც ავადმყოფობაა? (კვლავ იცინის)
მ ი ხ ე ი ლ ი - დიახ... ერთადერთი ავადმყოფობაა, რომელიც არ იკურნება და ერთადერთი, რომელიც შეიძლება ინატრო, ის არ არის რომელიმე ორგანო, რომელიც შეიძლება ამოიჭრა, ის არ ჩანს... ხელს ვერ შეახებ, არ იციან სად მდებარეობს, გონებაში, გულში, სულსა თუ სადღაც მათ შორის, ის არის ეთერული... არამატერიალური... შეყვარებული ადამიანი ექცევა არამატერიალურ ეთერულ გარსში, ეს გარსი ადამიანზე დიდია, შენ ხარ მასში, ამიტომ ვერ ერევი... მომერია, მე ვერ განვთავისუფლდები მისგან, თუ მან თვითონ არ გამანთავისუფლა...
მის წინააღმდეგ არ მოქმედებს არანაირი იმუნიტეტი. ამაოა ეს ყველაფერი, მე ის საავადყოფოში შემიყვარდა, დღესაც მიყვარს, ყველგან მას ვეძებ, ფიქრებში მას ვესაუბრები. შინაგანი ბრძოლა შევწყვიტე... და დავნებდი ამ გრძნობას... ვიცოდი ნივთები რომელიც მას მომაგონებდა, აქ ინახებოდა და ამიტომ ჩამოვედი.
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - აბსურდია, თქვენ ერთმანეთს არც კი შეხებიხართ.
მ ი ხ ე ი ლ ი - ეს აუცილებელია სიყვარულისთვის?  არ ვიცოდი?
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - თუ გიყვარდა, რატომ არ უთხარი? რატომ? იქნება არც გადმომხტარიყო?..
მ ი ხ ე ი ლ ი - ვშიშობდი, არ ვიცოდი მისგან თუ არსებობდა საპასუხო გრძნობა, როცა ვხედავდი... ვითიშებოდი... ვერ ვახერხებდი, თანაც... მე ხომ ავად ვიყავი, ავად...  გესმით...
მ ბ რ ა ლ დ ე ბ ე ლ ი - არა, არ გვესმის ჩვენ ჯანმრთელებს თქვენი...
მ ი ხ ე ი ლ ი -  დამიბრუნეთ...  დამიბრუნეთ...
ან დამაბრუნეთ თუნდაც პალატაში, ოღონდ ვიცოდე რომ ის არის გვერდით...

                   
              სასამართლო გადაწყვეტილება.        საქმე N 1963

მოქალაქე ციცი დადიანი შეერიოს ღრუბელს...
დაუბრუნდეს დედამიწას წვიმის სახით...
ნაყოფიერი იყოს მინდვრის ყვავილთათვის ეს ნალექი...
სიყვარულისთვის დედამიწაზე... სიყვარულისთვის...

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები