ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მუხრან აბაშიძე
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2010


უჩვენობით–ჩვენ

გადაფარა თეთრად თოვლმა მინდორი,
სითეთრეში წითელ ვარდად მირჩები.
სიცივეა, მე შენს სითბოდ მინდოდი,
უშენობა მჭირს და ძლიერ მჭირდები.

გელოდები, გალურჯულა ნაპირი,
მოცურავენ ჩემში შენი ზვირთები.
უშენობას მე მწუხარედ მაბარებ,–
მწუხარების წამში შემიცივდები.

დაკარგულო, გულით მინდა მიგნება,
ჩამოდიან ვარსკვლავებად ფიფქები.
მოკაშკაშე მომეწყვიტე იქნება,
მოწყვეტილი ჩემად ჩამიფიქრდები.

უშენობას შენი სუნთქვა ვუშენე,
წითლდებიან მარადმწვანე შინდები.
გათენდება ჩემი ღამე უშენოდ,
შენი–დღეა, ჩემად ჩამიბინდდები.

აგაშენე ჩემეული ოცნებით,
დამეკარგე, თურმე რა მეშენება.
ჰორიზონტზე მეწევიან კოცნები,
შენს მაგივრად შენი ცა მეფერება.

მეჩვენ–ება და მწყურია სურვილი,
მკლავს სიცოცხლე – ცისარტყელას ფერები.
ნაპირიდან შენთან გამოცურვილი,
მოთვალთვალე თვალებს მოვეფერები.

მოვინდომე მომერთმია გულიდან
ოცნებებად ნაძვის ზედა გირჩები.
გაიშლება, სულში შევა სხივი და
ზღვად, ყვავილად, ზეცად, მზედ დამირჩები.

ჩამიგულდი ვარდის გულის ჩვენებით,
ბავშვობაშიც მზის ამოსვლა მშველოდა.
გავახაროთ, სწუხს, მე და შენ, ჩვენები,
გადავწყვიტოთ დღეს მე და შენ ჩვენობა.

დაგინახე, მომე შენი ხელები,
განთიადმა სითბო გამიფერადა.
ახლა უკვე ცხადლივ მე მეშენ–ები,
ციმციმობენ ჩემი ცანი შენადა...

უჩემობა, არ მინდა, რომ იცოდე
ხოლო; მაგრამ იას ჰგავხარ მშვენებით
მაინც; მსურს რომ უხმაუროდ ვიწოდე;
თუნდ მწოლარე, – შენთან მოვეჭენები.

მიჩუქნია, შენი იყოს სიჩუმე,
მოდი, ჩემო, დროს სიტურფე ვუჩვენოთ:
არ არსებობს უშენობა უჩემოდ;
არ არსებობს უჩემობა უშენოდ;
ვერ არსებობს უჩვენობა უჩვენოდ;
ვერ არსებობს უჩვენობა უჩვენოდ.

გადაფარა თეთრად თოვლმა მინდორი,
სითეთრეში წითელ ვარდად მირჩები.
სიცივეა. მე შენს სითბოდ მინდოდი,
უშენობა მჭირს და ძლიერ მჭირდები.

                                  ავტორი: მუხრან აბაშიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები