ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2010


ჩვენ - ოკულტისტური ანუ experimentum periculosum

- იცოდე, უკან გზა არ არის!
უცებ  ვიღაცამ ჩამჩურჩულა,
ვიდრე მოვბრუნდი,
ზურგიდან  მაგრად ჩამიხუტე.
(აქ - შეკივლება,
ჟრჟოლა შიშით და სიხარულით).

როდესაც  ვინმე გეუბნება:
,,სულ არ შეცვლილხარ",
გასაგებია.
საკუთარ თავში
ვერც შენ აგნებ იმ ანაბეჭდებს,
უხსოვარ დროში
უცნაურად  რომ განათებდა.

ამბობდნენ ჩვენზე,
რომ განუყრელი წყვილი ვიყავით.
რა მარტივია,
გოგო-ბიჭს შუა კავშირი იგრძნო
და სიყვარულად ჩაუთვალო!
სინამდვილეში სულ სხვა,-
დიდი და საშინელი  გვაკავშირებდა,
სხვას ვგულისხმობდით,
როცა ერთმანეთს ვუჩურჩულებდით:
''იცოდე, უკან გზა არ არის!"
გავუძვრებოდით ყველას ხელიდან,
ვიკეტებოდით,
სიბნელეში
მხოლოდ პატარა  სანთელს ვტოვებდით,
რომ  გაგვერჩია ის საიდუმლო ხელნაწერი
და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვეცადა.

- გახსენი თვალი!
ხედავ ეკრანს?
გააკრიალე!
გამოჩნდა ვარდი?
რა ფერია?
ახლა ფურცლები შეუსწორე,
შეისუნთქე,
ერთიანად ვარდით აივსე!
მზე საით უდგას,
მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში?
დაასხივე,
დაასხივე,
შუქში გაადნე,
ნელა გამოდი,
ნელა,
ნელა დახურე თვალი!

ექსპერიმენტებს ვაგრძელებდით,
წინ წავიწიეთ,
ერთმანეთს მუდამ ვამოწმებდით,
ვფრთხილობდით და თავსაც ვმართავდით,
ვიდრე ნაწერში არ მივაღწიეთ რეცეპტამდე
და არ ვიშოვეთ ბალახ-ბულახი,
რაღაც ფესვები.
ეს ყველაფერი
დაბალ ცეცხლზე დიდხანს  ვადუღეთ,
გამოგვივიდა ხის წებოსავით  აყროლებული,
სითხე მუქმწვანე,
მწარე და ბლანტი.
სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი,
სულ ერთი ყლუპი
და  ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი,
რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა.
-იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!
ჭირის ოფლში მესმოდა  ხმები,
მოჩანდი ისე,
თითქოს წყლის ფსკერზე გაწოლილი
და ფართოდ თვალებგახელილი
მზეს ავცქეროდი.

იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.

ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი,
სხვა გზა არ იყო,
ვცადეთ  გვეცხოვრა
და  შევერიეთ ყოველდღიურ  ადამიანებს
და შეხვედრისას
ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით
და მუდამ ვგრძნობდით,
ორივე ჩვენგანს
ყოფამ როგორ გადაუარა!

იცოდე, უკან გზა არ არის!
წინ?
ვინ რა იცის!
მოდი,
ერთხელაც,
საბოლოოდ  გავხსნათ ჩაკრები,
ისევ ავივსოთ მოლისფერით,
ნარინჯისფერით,
დაე, გაგვიწყდეს
მოქანავე თეთრი ძაფები,
დავყაროთ  ძველი სხეულები
და მოკრიალე იისფერში მოფარფატენი
ოქროს დინებას შევუერთდეთ სამარადისოდ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები