ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


საჭირო სიტყვები - საჭირო დროს


ორ კვირაში გამოვა ჩემი ახალი პოეტური კრებული ,,ვიტა ბრევის''.
პრეზენტაციას ვგეგმავ დეკემბრის პირველი დეკადისათვის. თარიღს დამატებით გაცნობებთ.
ახლა კი  გთავაზობთ შესავალ წერილს.

- - - - - - - - -- - - - - --



        ჯერ კიდევ როდიდან ვოცნებობდი სიმარტოვეში,  რომ გავიზრდებოდი და მთელს კაცობრიობას ვეტყოდი იმას, რის სათქმელადაც მოვედი ამ ქვეყანაზე. მართალია, ჯერ არ ვიცოდი, რა იყო ეს, მაგრამ ვგრძნობდი, მეჩვენებოდა, რომ იგი არსებობდა და არსებობდა სწორედ ჩემში.  ვიტყოდი ლექსად, გამოთქმით, სადღაც, შემაღლებულზე მდგარი  და  თვალცრემლიანი კაცობრიობა ჯერ ტაშს დასცხებდა, მერე  ჩამიხუტებდა გულში, ნარნარად დაეშვებოდა  ცაში ასროლილი ვარდები, ფერად-ფერადი ყვავილები და ბუშტები...
        მაშინ მე  წერა-კითხვაც არ ვიცოდი, ერთი პატარა ლექსი მქონდა მოგონილი ,,ლასიზე’’, ჩვენი ეზოს ძაღლზე, რომელიც მანქანამ გაიტანა..
        ო, ჩვენი გულუბრყვილო ბავშვური ზმანებანი!
        თავიდანვე რომ  მცოდნოდა, რა ძნელია,  გქონდეს სათქმელი და  ლექსად აქციო  იგი და თანაც ისე, რომ მოიხელთო საჭირო სიტყვები საჭირო დროს, პოეტობას არასოდეს მოვინდომებდი.

    ***
      ეს ჩემი მეხუთე კრებულია.
      პირველი ლექსი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოვაქვეყნე - იმ დროს, როცა იდეოლოგიური წნეხი თითქმის აღარ  არსებობდა და  მეც არაფერი მრჯიდა, მეწერა ლენინსა თუ დიად საბჭოთა კავშირზე. ჰოდა, ბევრი ჩემი თანატოლივით, ვწერდი ისე, როგორც მინდოდა. მართალია, მუდმივად გაზეთების  ,, სარდაფში’’  მედო ბინა , მაგრამ  ამას მივეჩვიე  და რაღაცნაირად მადლიერიც კი  ვიყავი, რომ არა მხოლოდ მიბეჭდავდნენ, ლოდინითაც  არ მალოდინებდნენ.  წერით ბევრს მაინც არ ვწერდი, წელიწადში ასე,  ერთ ან ორ ლექსს. ისიც  მსმენია ან წამიკითხავს, რომ უფროსი კოლეგები თანატოლებისაგან რაღაცით განსხვავებულ ავტორად მიმიჩნევდნენ, მაგრამ სადღაც,  ოთხმოციანი წლების შუაგულში ვიგრძენი, რომ  თანდათანობით საზიარო პოეტურ ველში აღმოვჩნდით. გვეუფლებოდა  კოლექტიური პოეტური ცნობიერება, ჩვენი -  ახალგაზრდა პოეტი  ქალების ცხოვრება, თეზაურუსი, ღირებულებები ,  მიზნები და ოცნებები, ლექსიკა,  გამომსახველობითი საშუალებები, ...მოკლედ , ყველაფერი  იმდენად სტერეოტიპული, უნიფიცირებული  ხდებოდა,  რომ ხანდახან  იდეის  ჩანიშვნაც  კი მეზარებოდა, ვფიქრობდი, რაღა მე, ბარემ სხვამ აქციოს ლექსად, მაინც სულერთია, რომელი ჩვენთაგანი დაწერს-მეთქი.
      და მე გავჩერდი!
      ახლა ისე ვთქვი, გავჩერდი- მეთქი, თითქოს რაღაც დიდ დინებას დავუდე დასასრული.  სინამდვილეში, ხანდახან თუ დამძრავს-ხოლმე ლექსი, მაიძულებს, ძალა შევალიო, დავიღალო. მოკლედ,  უნდა გამოვტყდე, რომ ლექსზე მუშაობის პროცესი  სიამოვნებას არ მანიჭებს. შედეგი - მუდამ მაეჭვებს. თუმცა მაქვს ლექსები, რომლებიც, როგორ ვთქვა...  დავამთავრებ თუ არა, თვითონ  მიყურებენ ამრეზით,  როგორც ავტორს. ოდნავ მივეკარები და ქედმაღლურად მანიშნებენ, ,, შენი ადგილი იცოდე, ხელი არ მახლოო!’,  თითქოს დიდი პატივი დამდეს, რომ  სწორედ მე დამაფიქსირებინეს ფურცელზე თავი.


***
    გავჩერდი მეთქი...
    სინამდვილეში, პოეზიას ერთი ნაბიჯითაც არ გავშორებივარ.  მივხვდი, რომ  ადამიანმა, შემოქმედმა რაც შეიძლება  ბევრი უნდა იცოდეს იმ სფეროს შესახებ, რომელსაც თავს მიაკუთვნებს. დავიწყე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა.  ერთ წიგნს მეორე მოყვა, მეორეს -  მესამე და ლექსის, პოეზიის  არსისა და თავისებურებების ძიებაში  ნაშრომი დავწერე  თავისუფალი ლექსის შესახებ.
      მეგონა, გავარკვიე, რაც მაინტერესებდა და დრო იყო, ამით  დამემთავრებინა, მაგრამ ნებისმიერი ადამიანური ცოდნა -  ერთი პატარა კუნძულია უცოდნელობის  ოკეანეში. მე კი ამ ოკეანის ხმაური, ალბათ, არც არასოდეს მომასვენებს.
      ჩემი თაობის პოეტებიდან ცოტანი თუ შემორჩნენ ლიტერატურას, ზოგი უდროოდ დაიღუპა, ზოგმა - სამშობლო დატოვა, ზოგი - სამშობლოშივე იქცა ემიგრანტად,  ამას ისიც დაერთო, რომ ჩვენს ეროვნულ მენტალობაში ძირეული ცვლილებები,  ღირებულებათა გადაფასების  პროცესი მტკივნეულად მიმდინარეობს, ეს ცვლილებები, ბუნებრივია, დაეტყო არა მხოლოდ აზროვნებასა და  ენას, არამედ პოეზიასაც .  ძველი პარადიგმები არააქტუალური გახდა, ახალი  -  ჯერ სუსტია. ტრადიცია - თვითგანმეორებით  ან ეპიგონური სახით ცოცხლობს. ზოგიერთმა ძველ თხიერში ახალი, უცხო ღვინის ჩასხმაც სცადა; ღირებული  ქმნილებების  ადგილს უცხოური  პოეზიის კოპირებანი და სუროგატები იკავებენ,  მოკლედ,  ისევე, როგორც ხელოვნების ნებისმიერ სფეროში, ქართულ პოეზიაშიც ამჟამად კარგად მოპირკეთებული ღრმა კრიზისია და  პოეტური ნაწარმოებების რაოდენობრივი, რიცხობრივი  ზრდა  ბეჭდურსა თუ ვირტუალურ სივრცეში ამ კრიზისის  ერთ-ერთი უტყუარი ნიშანია.
      კრებულში წარმოდგენილი ორმოცდაათი ლექსი  ჩემ მიერ  შემოთავაზებული სხვადასხვაგვარი  ორიენტირებია  ქართული ლექსის კრიზისის დაძლევის გზაზე. შემეძლო,  მასალა თემატურად დამელაგებინა, ან  გამემიჯნა ერთმანეთისგან  წმინდად ტრადიციული, მოდერნიზებული თუ ნოვაციური ფორმები, მაგრამ  იგი იწყება ნაწარმოებით,  რომლის სახელწოდებაა  ,,უკუსვლით’’ და  მთავრდება ლექსით ,,მაისფეისი“,  რომლითაც ხუთი წლის წინ სამუდამოდ დავემშვიდობე ქართველ მკითხველსა და პოეზიას.
        მაშინ ,,ჩვენი მწერლობის“ მკითხველებმა მიწინასწარმეტყველეს, რომ  აუცილებლად დავბრუნდებოდი, მაგრამ  ამ  კეთილ სურვილზე  მხოლოდ მეღიმებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ  დრო იყო, ახალი, უპოეზიო  სიცოცხლით დავმტკბარიყავი. უკან დასაბრუნებელი ყველა ხიდი დავწვი.
        საბედნიეროდ, ეს დამშვიდობება, მართლაც, ნაადრევი აღმოჩნდა.
      კრებულში ლექსები დალაგებულია დაღმავალი ქრონოლოგიით, რათა მკითხველს საშუალება მიეცეს, დღევანდელი გადასახედიდან იხილოს ეტაპობრივი სხვაობა  ხუთი წლის მანძილზე შექმნილი ბოლოდან  პირველ ნაწარმოებებამდე, რომელნიც ერთგვარად ნეოკლასიცისტური ხასიათისანი არიან.     
      საიტ ,,ლიტერატურა.ჯისა’’ და  ,,ურაკპარაკის’’  მკითხველები იცნობენ ჩემს ვრცელ კომენტარებსაც, რომელსაც, ტრადიციულად, ყველა ლექსისთვის ვწერ და რომელშიც გაშუქებულია კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ესთეტიკური თუ პოეტიკური პრობლემატიკა, ასევე თხზვის ტექნოლოგიები. ოდესმე ეს ყოველივე ერთად  მოიყრის თავს. ზუსტად როგორ -  არ გადამიწყვეტია, რადგან ეს  მომავლის საქმეა.
      სხვადასხვა თაობისა და გემოვნების  ადამიანებისთვის  ამ ლექსებში ბევრი რამ არის მოულოდნელი, უჩვეულო, დამაბნეველი, სადაო, იქნებ გასაგულისებელიც, -  მაგრამ არაფერია შემთხვევითი. ჩემთვის, როგორც ავტორისათვის მნიშვნელოვანია, რომ მას, ვინც  კრებულს გადაშლის და წაიკითხავს, -  ჩემს მკითხველს  მოწყენა არ დაეუფლოს.  წიგნის დახურვის შემდეგ კი გაჰყვეს ჩემთან დიალოგის, თუნდაც კამათის სურვილი. 
    არიან პოეტები, რომელნიც თავისთვის წერენ,
    არიან პოეტები, რომელნიც წერენ ახლობლებისთვის, ან თუნდაც ნაცნობი ან უცნობი პოეტებისთვის.
    მე ვწერ მკითხველისთვის, მაგრამ არა უბრალოდ იმათთვის, ვისაც პოეზია უყვარს და სიამოვნებას ანიჭებს, არამედ მათთვის, ვისაც ამავე დროს ესმის, ან უნდა, ესმოდეს  პოეზია, როგორც ხელოვნების დარგი.
    ვიცი, რომ ასეთი მკითხველი ბევრი არ არის, მაგრამ მუდამ არსებობს.
    ჩემი წიგნი  ,,ვიტა ბრევის“  მას ეძღვნება.

  ნინო დარბაისელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები