ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2010


Ars longa ანუ ბის!

აი, ეს არსება,
ეს საცოდაობა,
საბანქვეშ  შემძვრალი
და თავჩამალული...
მწვავე ,,პადაგრებზე"
ყოველღამ რომ  ვადებ სალბუნებს.
ახლადგაღვიძებულს
ხერხემლის გამართვაც რომ არ შეუძლია,

ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის გინდათ,
ვის!

ვინც შინშემოსული  გზადაგზა იშორებს
ფეხსაცმელს, შარვალს და
მიმოყრის ძირს,
და ამბობს ყოველღამ  ,,მორჩა, ეს ბოლოა!"
ვინც გადაეჩვია
უწამლოდ ძილს.

ვინც თავის ჩემოდნებს არასდროს ალაგებს,
და აბაზანაში სველ წინდებს ყრის.
რა - რად ღირს,
დღემდე რომ მაინც ვერ გაიგო,
ცნობა რომ არ იცის ღამის და დღის.

ეი, თქვენ, ქალებო,
ლამაზო ქალებო,
ქერა, ლურჯთვალებო,
თქვენ, ტანმოქნილებო
თანაც ფერმკრთალებო,
გეყოთ აღტაცება,
გეყოთ ვნებიანი  ვარდნა და დაცემა!
ვის გინდათ
გაძლება
ასეთი  ქმრის?

ანდალუზიაში
ახლა საღამოა,
მზე ჩადის,
ფოთლებში
ნიავი ქრის...

აქ, ჩატანუგაში ნელ-ნელა თენდება.
ცოტაც და, ჩავთვლემ სავარძელში,
პლედამდე ხელის გადაწევა კი ძნელია!
ის როგორ იყო?
ჰო!

,,გელი და მგონია, გაჩერდა საათი.
რა ნელა მოძრაობს წუთების ისარი.
მოხვალ და დამათრობ,
მოხვალ და დამათრობ.
მითხარი სიტყვები სიყვარულისანი!"*

მეტი აღარ მახსოვს.
კედელზე კიდია ახალი აფიშა:
შავგვრემან პროფილს
ოდნავ გინათებს თაფლისფერი.
გიელავს თვალი.
მკერდით ზნექ სივრცეს.
აი, აიქნიე შავი მკლავები!
ხელის მტევნები -
- თეთრი მტევნები -
- ფრთები უბუმბულო...
სცენის იატაკი თითქოს წყლის ჭავლია.
ზედ ტერფს არ ისველებ,
ქუსლით არ ეხები
და ამ სიჩუმეში
მაინც რომ ხმა ისმის!
კაკუნი,
კაკუნი,
და კიდევ კაკუნი!

ფეხზე დგას,
ინგრევა
ინგრევა დარბაზი,
გიხმობენ,
ყვირიან:

ფლამენკო,
ფლამენკო,
ფლამენკო,
ბი-იიის!

----
* ფრაგმენტი ფლამენკოს ფოლკლორული ტექსტიდან ,,ბოლო გამოთხოვება"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები