ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2010


ჰო, ისეთი არაფერი...

ქარწაღებულ ოცნებების სეზონია,
პასეანსში დამრჩა დამა უვალეტოდ.
მგონი, წყალი მოვაკელი ბეგონიას,
მეტყვის დედა: - რატომ არ მოუარეთო...
მოიხურეს კარ-ფანჯრებმა დარაბები,
ჭაღიც უკვე ჩაანაცვლა ბრების შუქმა.
ჰო, ისეთი სულაც არ მჭირს არაფერი,
სურვილების მარშრუტები გამიუქმდა...
ვირინდები, ვერიდები მიაც-მოაცსს,
არაფრისმთქმელ შეხვედრებს და ნაცნობობას.
დროს წყალივით სულ რაღაცა მიაქვს-მოაქვს,
თუმც, მერჩივნა, რომ წართმევა არ სცოდნოდა...
ჩემს ბილიკზე ზოლი არ ჩანს ასაფრენი,
მე ჯიუტად თავს ვარწმუნებ - დარია თქო.
ჰო, ისეთი სულ არ ხდება არაფერი,
მაინც ტეხავს წინათგრძნობა ალიაქოთს...
ხასიათი ზურგაკუზულ კატას მოჰგავს,
ვერ ვიტყვი, რომ უმიზეზოდ რამეს ურევს.
კატასავით დავაგორებ ფიქრის გორგალს,
მერე ხსოვნას თეთრ ფურცლებზე ვამზეურებ...
ჯერ უთქმელმა მოისინჯა სასა ენით,
რაც არ ახდა, იქნებ, უკვე თქმადაც არ ღირს.
მომიტანა სიმარტოვემ სასოებით
ის სამოსი, რომ გამოჭრა თავის თარგზე...
ბავშვობიდან მხოლოდ ის თუ მეხმარება,
ფანტაზია - ჩემი მიუნჰაუზენი!
მასთან ყოფნა, სიმართლე ვთქვა, ერთ რამედ ღირს,
სიმაღლიდან ვარდნას თუკი გაუძელი...
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები