ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიზო
ჟანრი: პროზა
1 დეკემბერი, 2010


სამყაროს ერთი უჯრედი

- კენწეროში დატოვე!.. არ მოკრიფო!!!
ჩამოვედი, კითხვაც ვერ გაუბედე... ვისთვის უნდოდა ხის კენწეროში ბალი?.. დაენანა...

თბილი დღეები იდგა. ბაღში აღარაფერი დარჩა მოსაკრეფი. თეთრი ბალი მიტრიალებდა თავში. ბაბუის მერიდებოდა... ახოვანი, მკაცრი ხმით და მზერით... როგორ დაწვრილმანდა... რატომ დამიშალა, არ ვუყვარვარ...

მზემ ააწითლა ხის კენწერო. გემოაღძრული ვუყურებდი...  სარკმელში ბაბუას მკაცრი სილუეტი შევნიშნე... სახლში შევბრუნდი.

საღამოს ბაბუა მოკვდა. ტიროდნენ. მე გაბრაზებული... არ ვტიროდი. არც მეცოდებოდა. სიხარულის დამალვას ვცდილობდი...
მიწა დააყარეს. თავისუფლება შევიგრძენი...
სურათიდან მიყურებდა...  სეფაში შევიდნენ, სურათიც შეიტანეს. შიშისგან სრულიად განვთავისუფლდი...

ბაღისკენ გავრბივარ, თავისუფალი, გალაღებული...

ხის კენწეროზე ჩიტები ისხდნენ და ბალს ჭამდნენ...

გაირინდა წამით სამყარო...
ვიგრძენი... სივრცესთან, ხეებთან, ჩიტებთან სრული, უწყვეტი კავშირი... ჰარმონია...

ჩემი თვალებიდან ბაბუა იყურებოდა და იყო აბსოლუტურად წყნარი...
ბაბუას სეფაში იხსენიებდნენ, ის კი აქ იყო, ჩიტებთან, ჩემთან...
უსასრულობასა და დასასრულს შორის იყო დრო რომელშიც ვცხოვრობდით... კიდევ ეს შევიგრძენი...

მთლიანის ნაწილი ვიყავით ყველა... ხან ნაწილ ნაწილ და მერე ისევ . . .  ერთად...
და იმ ერთადერთს ერქვა, სამყარო, ღმერთი, მარადისობა...

ცრემლი მომწყდა, სამყარომ გაითავისა...  თ ა ვ ი ს ი ...  ე რ თ ი  უ ჯ რ ე დ ი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები