ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: იუმორისტული
5 დეკემბერი, 2010


წითელქუდა, ბოროტი მგელი და თეთრი მელა

ადვოკატი კახაბერ როდინაძე


                                              წითელქუდა, ბოროტი მგელი და თეთრი მელა

    იყო და არა იყო რა, წითელქუდაზე უკეთესი რა იქნებოდა, იყო 69.700 კვადრატული კილომეტრი ფართობის ერთი წილნაყარი უღრანი ტყე, რომელშიც ცხოვრობდა წითელქუდა, წითელქუდას აღმზრდელი მარტოხელა ბებია (წითელქუდას დედა სამხრეთის არაწილნაყარ უღრან ტყეში იყო წასული ბიზნეს–მივლინებაში), ბოროტი მგელი, თეთრი მელა და ქართული საბავშვო ზღაპრისთვის დამახასიათებელი ყველა სხვა ფანტასტიკური პერსონაჟი.
    წილნაყარ უღრან ტყეში ცხოვრება მდორედ მიედინებოდა. უღრანი ტყის მილიციის უფროსად თეთრი მელა მსახურობდა, ბოროტი მგელი ქურდობდა და ჯიბგირობდა და დადგენილი ტარიფების შესაბამისად, წილებიც მიჰქონდა მილიციაში. ხანდახან პატარა გოგონებსაც შეახრამუნებდა ხოლმე. თეთრი მელა, საერთო ბიზნეს–ინტერესების ხათრით, იძულებული იყო ამაზე თვალები დაეხუჭა. მაგრამ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იყო, ვინაიდან დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი დაბლა ეცემოდა. ეს კი, მისთვის წმინდათა წმინდა, სამსახურებრივი კარიერის შანსებს ამცირებდა სხვა, არაწილნაყარი მოკავშირე უღრანი ტყეების მილიციის უფროსებთან კონკურენტულ ბრძოლაში. ერთი სიტყვით, ასე თუ ისე, მეტად თუ ნაკლებად, წილნაყარ უღრან ტყეში ყველა ბედნიერი იყო… ბოროტი მგლის აზრით კი, განსაკუთრებით პატარა გოგონები…
    მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და წილნაყარი უღრანი ტყის ბედნიერი დღეებიც დასრულდა… თეთრი მელა დააწინაურეს… მაგრამ არა უღრანი ტყეების კავშირის ასე ნანატრი მთავარი მილიციონერის თანამდებობაზე, არამედ, სრულიად მოულოდნელად, წილნაყარი უღრანი ტყის დარექტორად… დაიწყო თეთრმა მელამ სატყეოს დირექტორად მუშაობა. მაგრამ ბოროტი მგელი აბა რისი ბოროტი მგელი იქნებოდა, რომ ეს არ შეშურებოდა:
–„თეთრი მელა დააწინაურეს, მე კი ისევ უბრალო ჯიბგირად დავრჩი“–ო.
თეთრი მელა აბა რისი თეთრი მელა იქნებოდა, რომ ეს არ გაეგო. გადაწყვიტა თეთრმა მელამ ბოროტი მგლისთვის ჭკუა ესწავლებინა. გამოიძახა წილნაყარი უღრანი ტყის მილიციის ახალი უფროსი. დაავალა. დავალება ოპერატიულად შესრულდა. გასკვანჯეს ბოროტი მგელი. კიდევ ერთი პატარა გოგონას, ამჯერად წითელქუდას, შეხრამუნების მცდელობისათვის. გაასამართლეს. ეკუთვნოდა სამიდან თხუთმეტ წლამდე. მიუსაჯეს თხუთმეტი.
  ზის ბოროტი მგელი ციხეში… ზის… ზის… აქ კი მოხდა ის, რისი გათვალისწინება თვითონ თეთრ მელასაც კი არ შეეძლო. მართალია, ბოროტი მგელი ხისთავა კი იყო, როგორც თეთრი მელა სრულიად სამართლიანად ვარაუდობდა, მაგრამ იმაზე უფრო ხისთავა აღმოჩნდა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ხისთავა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ციხეში კანონიერ ქურდად ეკურთხად… თეთრი მელის ავტორიტეტს საფრთხე შეექმნა… რა თქმა უნდა, თეთრ მელას შეეძლო საკანშივე მიეგზავნა ვინმე ბოროტი მგლისთვის და ბოროტი მგელი ადგილზევე მიეხრჩო. მაგრამ ეს ზედმეტად მარტივი იქნებოდა. საჭირო იყო ბოროტი მგლის სამაგალითოდ დასჯა. ყველას უნდა დაენახა, თუ რა მოელის იმას, ვინც მასთან, თეთრ მელასთან, დაპირისპირებას გაბედავს. ფიქრობს თეთრი მელა… ფიქრობს… ფიქრობს… ბევრი იფიქრა თუ ცოტა თეთრმა მელამ, ბოლოს მოიფიქრა…
    ამნისტია…
– „ბოროტო მგელო, ნივთებით, კარებთან!“
    რკინის კარების ღრჭიალი. შემდეგ რა? მართალია, ხისთავა ბოროტ მგელს ხის თავში ერთი კი გაუელვა ერთმა უცნაურმა აზრმა:
– „რატომ?“
მაგრამ აბა ხისთავა ბოროტი მგელი  რისი ხისთავა იქნებოდა, რომ დაფიქრებულიყო?  აბა ხისთავა ბოროტი მგელი რისი ბოროტი იქნებოდა, რომ დაწყებული საქმე მიეტოვებინა და პირველი, რაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ წითელქუდას შეხრამუნების დამთავრება  მოინდომა. მიადგა ბოროტი მგელი წითელქუდას სახლს. დააკაკუნა. კარი ბებიამ გააღო.
– „სად არის წითელქუდა?“ – იკითხა ბოროტმა მგელმა კბილების ღრჭიალით.
– „ღამის ბარში, მალე დაბრუნდება.“ – უპასუხა ბებიამ.
    გადაყლაპა ბოროტმა მგელმა ბებია. ჩაიცვა ბებიას ტანსაცმელი, დაიხურა ბებიას ქუდი, გაიკეთა ბებიას სათვალეები, დაწვა ბებიას ლოგინში… ელოდება წითელქუდას… ელოდება… ელოდება… არ არის წითელქუდა… ღამის 12 საათია…  არ არის წითელქუდა… ღამის 2 საათია… არ არის წითელქუდა… ღამის 4 საათია… არ არის წითელქუდა… დილის 6 საათია… არ არის წითელქუდა… ბოროტმა მგელმა ნერვიულობა დაიწყო…
– „ სად არის? რამე  ხომ არ შეემთხვა? ასეთ დროს ქუჩაში ათასი მანიაკი დაეხეტება …“
    დილის 7 საათია… სახლთან ავტომობილის გაჩერების ხმა… კარებთან გასაღებების ასხმის ჟღარუნი… ბოლოს და ბოლოს… როგორც იქნა… შემოდის წითელქუდა… მოკლე კაბა… შეღებილი თმები… პირში სიგარეტი… გაკვირვებისაგან ბოროტ მგელს თმა ყალყზე დაუდგა… ძლივს იცნო წითელქუდა… თუმცა არც არის გასაკვირი… წლები გასულიყო…
– „დილის 7 საათამდე სად დაეთრეოდი, შე უსირცხვილო!“ – ვერ  მოითმინა ბოროტმა მგელმა.
– „რა შენი საქმეა, შე ბებერო!“ – არ დაუთმო წითელქუდამ.
– „ სულ დედაშენს დამსგავსებულხარ, იმ სტამბულის ბოზს!“ – აღშფოთდა ბოროტი მგელი.
    აქ კი ვეღარ მოითმინა წითელქუდამ… იმძლავრა კორპორატიული სოლიდარობის გრძნობამ… გამოაჩინა კლანჭები… გაიწია ბებიასაკენ… გადაუსვა კლანჭები… გაიხაზა ოთხი წითელი ხაზი ბებიას სახეზე… ჩამოვარდა ბებიას ქუდი… ჩამოვარდა ბებიას სათვალეები… აქ კი იცნო წითელქუდამ ბოროტი მგელი… შიშისაგან გაოგნებული ბოროტი მგელი თათებს ვეღარ ანძრევდა… წითელქუდამ წამით უკან გაიწია… თან ერთი თათით მკლავზე გადაკიდებული ჩანთიდან პისტოლეტს იღებდა, მეორე თათით კი მობილურ ტელეფონს… პისტოლეტიდან სროლა აუტეხა ბოროტ მგელს, თან მობილურით მშობლიური ღამის ბარის დაცვის ბიჭებს ურეკავდა… ბოროტმა მგელმა ძლივს მოასწრო ლოგინის ქვეშ შეძრომა… ლოგინის ქვემოდან თავს ვეღარ ჰყოფდა… ლოგინის ზემოთ კი მხოლოდ ტყვიების ზუზუნიღა თუ ისმოდა…
    რამდენიმე წუთის შემდეგ სახლთან „მერსედესებისა“ და „ფორდების“ საბურავების ღრჭიალის ხმა გაისმა… შემოცვივდნენ სახლში წითელქუდას ღამის სტრიპტიზ–ბარში მომუშავე დაცვის ბიჭები… გამოათრიეს შიშისაგან გაოგნებული ბოროტი მგელი ლოგინის ქვემოდან… გადააწვინეს ლოგინზე… გაფატრეს დანით ბოროტი მგელი… გამოიყვანეს ბებია ბოროტი მგლის მუცლიდან… შემდეგ დაავლეს ბოროტ მგელს ხელი და კედელზე ტანსაცმლის საკიდზე ქეჩოთი ჩამოკიდეს… აქ კი მოვიდა ბოროტი მგელი გონზე… თვალები გაახილა… ძლივს წაილუღლუღა:
– „რო–ო–გო–ო–რ    ბე–და–ა–ვთ…    თქვე–ე–ე…    ლა–წი–რა–კე–ე–ბო–ო…                    მე–ე…          მე–ე…          მე–ე…      ვა–ა–რ…    კ–ა–ნო–ო–ნი–ი–ე–ე–რი–ი…                      ქუ–უ–რ–დი–ი…                        ქუ–უ–რ–დი–ი…                              ქუ–უ–რ–დი–ი…“
    პასუხად წითელქუდას ღამის სტრიპტიზ–ბარის  დაცვის ბიჭებმა დააძრეს პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიამფრქვევები და ბოროტ მგელს გამანადგურებელი ცეცხლი გაუხსნეს. საცერივით დახვრიტეს ბოროტი მგელი. ბოლოს ნაღმტყორცნიდან ნაღმი ესროლეს. აფეთქების ტალღამ კედელიცა და კედელთან ერთან კედელზე ქეჩოთი ჩამოკიდებული ბოროტი მგელიც სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრზე გადაისროლა…
    ციოდა…
    მგელმა თვალები ძლივს გაახილა… ვეღარც ფეხებს გრძნობდა და ვეღარც თათებს… სადღაც შორიდან მთვრალი კამპანიის ღრიანცელი ისმოდა… ბებიის მეორედ დაბადების დღეს აღნიშნავდნენ… ბებიის ჩიფჩიფი ისმოდა ყრუდ… დანგრეულ კედელს დარდობდა…
    საცოდავი მგლის თავში ბოლოს და ბოლოს გაიელვა საბედისწერო კითხვამ:
– „რატომ?“
და დაუყონებლივ მომაკვდავი ცნობიერება პასუხმა გაანათა:
– „თეთრი მელა…“

P. S.
დილის 9 საათი… სახელმწიფო კანცელარია… მეთერთმეტე სართული… საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტი… საქართველოს მთავრობის საგანგებო სხდომა… კედელზე დამონტაჟებული უზარმაზარი სატელევიზიო ეკრანიდან საინფორმაციო პროგრამის ტრანსლირება იწყება:
– „საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, საქართველოს მთავრობა, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ…“
    საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში მყოფ  საქართველოს მთავრობის წევრებს შორის დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა…
    ტელეხმა აგრძელებდა…
– „მძიმე და ხანგძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საერთაშორისო და სამამულო კრიმინალური მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე, ქართული მაფიის ნათლიმამა, ქართული სახელმწიფოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და  ქართული „კრიმინალური ინტელეგენციის“ მამა და მარჩენალი, ბურჯი და იმედი, ბატონი ჯაბა იოსელიანი…“
    76 წლის ედუარდ შევარდნაძემ მაგიდაზე დადებული ანბანის ასოების მიხედვით დანომრილი დიდი სქელი საბუღალტრო წიგნი გადაშალა ასო „ი“–ზე. შემდეგ გულგრილი ხმით იკითხა:
– „იოსელიანი ჯაბას პრობლემა გადაჭრილია.“
  შემდეგ  საქართველოს მთავრობის წევრებს ცივი გამჭოლი მზერით გადახედა. შიშისაგან გაოგნებულ საქართველოს მთავრობის წევრებს თითქოს დამბლა დასცემოდათ… ვეღარ ინძრეოდნენ… შემდეგ გულგრილი ხმით იკითხა:
– „ვინ არის შემდეგი?“
    შემდეგ მოხუცებულობისაგან აკანკალებული თითებით ანბანის ასოების მიხედვით დანომრილი დიდი სქელი საბუღალტრო წიგნი გადაშალა ასო „ჟ“–ზე, შემდეგ ასო „ბ“–ზე, შემდეგ ასო „ს“–ზე, შემდეგ  კიდევ… კიდევ… კიდევ… დამბლადაცემულ ანბანის ასოებს ტანში აჟრჟოლებდათ…
    შემდეგ, თითქოს თავის თავს ეკითხებაო, კიდევ ერთხელ გაიმეორა მომაკვდინებლად გულგრილი ხმით:
–    „ვინ არის შემდეგი?“



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
05.12.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები