ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2010


ადგილის დედა

იდგა ამინდი წვიმით დაღლილი,
ნისლი ქუდივით თავზე ებურა.
უამინდობით ასე აღრენილ
ხასიათს წუხდა თავისებურად,
არყით კურნავდნენ ამინდს კაცები,
დარდს იქარვებდნენ, გამოუდარებს.
მიწა კი წვიმით თავში ნაცემი,
ცას შეჰყურებდა თვალით მუდარის.
დაცლილი სახლი სახლიკაცების
ბზარის გაჩენას ჩუმად ნაღვლობდა.
სახურავს, გვერდზე ოდნავ დაცერილს,
სულ არ იმჩნევდა სახლი ახლოდან...
სუნი და სუნთქვა თბილი კერიის,
შემორჩენოდა სოფელს აქა-იქ.
ენატრებოდა ბუხარს წერილი,
მხოლოდ ბუხრის თავს რომ ინახავდნენ...
ახსოვდათ კედლებს მკვიდრი კოჭები,
ბუხარს კი ცეცხლზე - სავსე კარდალა.
რასაც ჭერი გრძნობს გულზე მოჭერით,
იმის არყოფნამ სახლი დაცალა...
სახლში სიჩუმის იდგა საუფლო,
უდედაკაცოდ და უბადიშოდ.
ადგილის დედა ვის ესაუბროს?
როცა არ დარჩა კაცი საჯიშე...
და იდგა სახლი, სახლიკაცების,
აქ იყო ქატო, იქ დარჩა ფქვილი...
ადგილის დედა ცრიდა საცერში
ჭერიდან ბათქაშჩამოყრილ ტკივილს...







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები