ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალადინი
ჟანრი: პოეზია
9 დეკემბერი, 2010


ლექსი, რომელიც შეაშრა ფურცელს

პატრუქდაწეულს ჰგვანან დღეები,
მინდა-არ მინდას გვირილაც გახმა.
და გულგრილობის გულქვა შრეები
კედლის ბზარებში იპოვა სახლმა.
უკვე გაავლო გამყოფი ხაზი
შუბლზე გაჩენით გრძელმა ნაოჭმა.
დროსთან კამათს კი არა აქვს აზრი,
რადგან ხილულად არსად არ მოჩანს.
გარბიხარ, მერე ბრუნდები უკან,
როგორც მიბმული ბედის პალოზე.
და არ ჰყოფნიხარ ყოფას ერთ ლუკმად,
თუ სათავისოდ კარგად არ მოგზელს.
მოჰგავს ცხოვრება ასანთის კოლოფს,
რომ გიფეთქდება ხელში ერთხელაც.
და ერთ აზრამდე მიდიხარ ბოლოს,
რომ არაფერი ხდება შემთხვევით...
ცხოვრობ რატომღაც, ანდა როგორღაც,
სხვების სხვის ომში ”სიბრძნეებს” ისმენ.
სურვილს კი სული ფრანით მოჰქონდა,
რომ ერთხელ მაინც აგეშვა ცისკენ...
რისიც გწამდა და რისიც გჯეროდა
ახლა აღარ ღირს გახვრეტილ გროშად.
დარჩა პირღია კლიტე ჩემოდანს,
რადგან გაქცევის სეზონიც მორჩა.
...და აღარ გინდა ის, რაც გინდოდა,
ცხოვრებას თითქოს გვერდიდან უცქერ.
რა სინქრონი აქვს უამინდობას
ლექსთან, რომელიც შეაშრა ფურცელს...
                    08.12.10



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები