ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2010


ნაი!

საღამოს ფინჯან ყავაზე გეწვევი,
დიდხანს ვიყუჩებთ და
ერთ-ერთი დაიწყებს:
- ხედავ? დაგვიზამთრდა.
- გაჭირდა ცხოვრება,
- მდა-ა!

როგორც კოვზიდან
კაკლის მურაბის ჩამოგორება,
ეგ შემოხედვა,
ზანტი, კრიალა და უეცარი,
ჩემს ყელში,
სადაც ჩუმი ცრემლის სავსე ჟამია,
ააწკრიალებს ძველ მელოდიას:
ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი!

ეს მელოდია ისმოდა ჩემში,
მაშინ, როდესაც
ჩახვეულები ცივ საბანში
ვიწექით ერთად,
თავფეხშექცევით
და სიზმრებს
დურად ვინაწილებდით;
მაშინაც,
როცა გაბუტული
სანაპიროზე,
ჭრელი კენჭებით გიმშვენებდი
ქვიშის სამარეს.

ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი, მომენატრე,
ნაი!!!

ყველაფერს გადავდებ,
ყველას დავივიწყებ,
ჯანდაბას ყინვა თუ თოვა!
ან ფინჯან ყავაზე,
ან ჭიქა ჩაიზე
საღამოს მე შენთან მოვალ!

1993

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები