ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2010


აღსარება

                                       
არ მინდა გეგონოს, რომ მართლა ასეთი კარგი ვარ,
თვითონაც არ ვიცი, როდის რას ჩავიდენ, ხანდახან....
მე ზოგჯერ ვდგები და უბრალოდ ყველასგან გავრბივარ
იმედით,- რომ კიდევ უნდოდეთ  იქ ჩემი დანახვა.

ათასი ცოდვა მაქვს, ვგრძნობ, ალბათ  ჩავიდენ ამდენსვე.
ცხოვრება დღეს ჩემთვის, ისევ, უშუქნიშნო ტრასაა....
ჯერ ვცდილობ გადასვლას ქუჩაზე ხან ასე, ხან ისე,
მერე კი ვრისკავ და.... ან ვამბობ: "ესაა, რაცაა"....

სიყალბე? - მე არა.... სხვას ხშირად გამოსდის უკეთ ეს.
შენ ამბობ, - რომ დავრჩე სიცოცხლის ბოლომდე ასეთი.
თუ გინდა მოჰგავდე როგორმე შენს თავზე უკეთესს
მშვიდად ხარ და უკვე არავის, არაფერს ამეტებ...

და რადგან მაბნევდა სურათის ღიმილი კედლიდან....
დაისად დავტოვე  ღრუბლებში წარსულის ანფასი.
მომავალს, იმედით, წინასწარ არასდროს ველი და....
ის რაც მაქვს უფლისგან ყოველთვის ჯეროვნად ვაფასებ.

მტერსაც ვერ გავწირავ თუ მართლა ბოლომდე მენდობა,
არ ვეძებ ნაცნობებს, ისინი  თავისით მოდიან....
მე კი  მათ დაკარგვას ნახევარ სიცოცხლეს ვანდომებ
და მერე ცხოვრება ძალიან ხანმოკლე მგონია.

სიყალბე? - მე არა.... სხვას ხშირად გამოსდის უკეთ ეს,
შენ ამბობ, რომ დავრჩე სიცოცხლის ბოლომდე ასეთი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები