ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2010


ჯერაც ცოცხალი მოლოდინის ბალადა



დავიწყებისთვის  განწირული
ამდენი  წამი
( ეს  მიბჟუტული  ნაპერწკლები
ჩანაცრულ  დღეთა... )  -
როგორც  წვიმისგან  ჩაწოლილი 
მწვანე  ლერწამი
( ხსოვნაში  მაინც )  ვიდრე  კიდევ
განაგრძობს  ფეთქვას ...

( რიტმარეულიც )
ვიდრე  კიდევ  ფეთქავს  და  ტოკავს
( გაჩენიდანვე  მიჩვეული  ურჩობას )
გულიც
( რომელსაც  უკვე  -
როგორც  ნაოჭმოჯარულ  ლოყას  -
იმ  ოდინდელი  მზრუნველობით 
არავინ  უვლის ... ) ,

მანამ  ძნელია  არიდებაც  ფიქრთაგან  თავის,
როგორც  დახშობა  სმენისა  და 
დაშრეტა  თვალთა
( რა  ბედენაა  თუმცა  -  ერთი  უნიჩბო  ნავი
შეჭიდებული  შუა  ზღვაში 
ბოგანო  ქართან ?!. ) ...

დამქანცველია  უქმად  ცქერაც   
ერთთავად  გზისკენ,
არათუ  უგზოდ  და  უმიზნოდ 
ხეტება  მხოლოდ ...
და  მაინც  -    როგორც 
თვით  ყველაზე  კოშმარულ  სიზმარს,
არ  შეიძლება,
ამ  ყოფასაც  არ  ექნეს  ბოლო !..

უდასასრულო 
ვერ  იქნება  ვერაფრით  ტანჯვაც
( არ  ჰგავდეს  თუნდაც  მისი  ბოლო
ზღაპრების  ფინალს!.. )
და  ის  ორიოდ  პარასკევი
( თუ  კიდევ  დაგრჩა ... )
იტევდეს  იქნებ  -
ერთ  სიცოცხლედ  ღირებულ  დილას !..

ადრე  თუ  გვიან ,
არ  იქნება ,
არ  გაწყდეს  ძაფი,
ჟამი  კვლავ  ფრთხილად
და  ჯიუტად  რომ  იხვევს  თითზე !..
და  ნავიც  ვიდრე  მიატანს  ნაპირს,
ვინ  იცის  -
ფარდაც  აეხადოს  ყველაფრის  მიზეზს ?!.

ამის  გამოა,
რომ  ფერმიხდილ  რწმენის  ათინათს  -
მოლოდინს  -  გული  ოდნავ  მაინც 
ვიდრემდის  უცემს,
რომ  ვერ  ელევი 
იმედის  მწირ  ხავსსაც  ადვილად
და  წინ  დარჩენილ  ორ  პარასკევს
რომ  ვერ  თმობ  უცებ ...

ცისა  და  მიწის  სამანთან  კი
უშქარს  და  ულევს
ჟამი  კვლავ  სუსხით  გალურჯებულ 
ღრუბლებს  მოდენის ...
და  კვლავ  ჯიუტად
ტოლს  არ  უდებს  ტკივილებს  გულიც
( თუმც  -  რახანია 
ძველებურად  არავინ  უვლის
და  ოდინდელი  უდარდელის 
ლანდია  ოდენ ) ... 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები